Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახშირდა შეტევები ერაყსა და სირიაში მყოფ ამერიკელ სამხედროებზე


ფოტო არქივიდან. ერაყის აინ ალ-ასადის საავიაციო ბაზაზე
ფოტო არქივიდან. ერაყის აინ ალ-ასადის საავიაციო ბაზაზე

ისრაელზე რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაწყებული ომის შემდეგ, გახშირდა ამერიკულ სამხედრო ბაზებზე შეტევები ერაყსა და სირიაში. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იუწყება. მისი ინფორმაციით, 19 ოქტომბერს, საღამოს, დრონებით და რაკეტებით იერიში განხორციელდა ერაყის დასავლეთში მდებარე აინ ალ-ასადის საავიაციო ბაზაზე, სადაც ამერიკელი და საერთაშორისო კოალიციის წევრი სხვა ქვეყნების სამხედროები არიან დისლოცირებული. სააგენტოს წყაროთა თანახმად, ბაზის ტერიტორიაზე რამდენიმე აფეთქება მოხდა. შედეგები ჯერჯერობით უცნობია.

Reuters-ი ერაყის პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ სარაკეტო შეტევა იყო ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად მდებარე ბაზაზეც, სადაც ამერიკელი სამხედროები იმყოფებიან. შედეგები ამ შემთხვევაშიც უცნობია. Reuters-ის ცნობით, ამ კვირის განმავლობაში, ამერიკელმა სამხედროებმა რამდენიმე დრონი გაანადგურეს არა მხოლოდ ერაყში, არამედ სირიაშიც. ტელეკომპანია Fox News-ის წყაროთა ინფორმაციით, სირიაში შეტევა იყო ამერიკულ სამხედრო ობიექტზე, რომელიც სირია-ერაყი-იორდანიის საზღვართან მდებარეობს.

ერაყში მოქმედებენ ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებები, რომლებიც გასულ წლებში ხშირად ესხმოდნენ თავს ამერიკულ ობიექტებს, თუმცა გასულ წელს მიღწეული საზავო შეთანხმების შემდეგ, ვითარება შედარებით სტაბილური გახდა. ერაყში იმყოფება 2500 ამერიკელი სამხედრო და კიდევ 900 მეზობელ სირიაში. ამერიკელები ადგილობრივ ძალებს ეხმარებიან ბრძოლაში ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“, რომელმაც 2014 წელს დაიპყრო ამ ქვეყნების ნაწილი.

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა პატრიკ რაიდერმა 19 ოქტომბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ყველა ზომაა მიღებული საფრთხეებისგან ამერიკელი და საერთაშორისო კოალიციის წევრი სხვა ქვეყნების სამხედროთა დასაცავად. ამასთან, რაიდერის თქმით, ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, ბოლო შეტევებს არ აქვს პირდაპირი კავშირი ისრაელისა და „ჰამასის“ ომთან.

2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ, როცა ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას მოჰყვა ამ რადიკალური ისლამისტური მოძრაობისთვის ისრაელის მიერ ომის გამოცხადება, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახლო აღმოსავლეთში გაგზავნა დამატებითი სამხედრო-საზღვაო ძალები, მათ შორის 2 ავიამზიდი და 2000-მდე საზღვაო ქვეითი.

XS
SM
MD
LG