Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხერსონელ ყოფილ პატიმრებს რუსეთიდან საქართველოში არ უშვებენ


ფოტო არქივიდან: რუსეთ-საქართველოს საზღვარი საქართველოს მხრიდან
ფოტო არქივიდან: რუსეთ-საქართველოს საზღვარი საქართველოს მხრიდან

საქართველოში ისევ არ უშვებენ უკრაინელ ყოფილ პატიმრებს, რომლებიც იძულებით წაიყვანეს რუსეთის კოლონიებში. გამოცემა "მედუზის" ცნობით, 7 კაცი საქართველო-რუსეთს შორის სასაზღვრო ზონაში უკვე 14 დღეა იმყოფება. ერთმა მათგანმა პროტესტის ნიშნად თვითდაზიანებები მიიყენა. მას სამედიცინო დახმარება გაუწიეს და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც საქართველოში მცხოვრები უკრაინელების დამხმარე ორგანიზაციის, Volunteers Tbilis-ის წარმომადგენლები ჰყვებიან, მამაკაცები საქართველოში შემოსვლას 11 ოქტომბერს ცდილობდნენ „ზემო ლარსის“ სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან. მაგრამ ისინი საქართველოში არ შემოუშვეს და მიზეზად უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან თანხმობის საჭიროებაზე მიუთითეს.

მათგან მხოლოდ 4-ს აქვს თან უკრაინის მოქალაქის პასპორტი. დანარჩენ სამს მხოლოდ რუსეთის ციხიდან გათავისუფლების დამადასტურებელი მოწმობა აქვს.

"მედუზა" წერს, რომ შვიდივე სასჯელს ხერსონის კოლონიებში იხდიდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ 2022 წლის შემოდგომაზე ქალაქზე კონტროლის დაბრუნებამდე ცოტა ხნით ადრე, ისინი რუსეთის კოლონიებში გადაიყვანეს, განაცხადა ერთ-ერთმა ყოფილმა პატიმარმა. გათავისუფლების შემდეგ ის დანარჩენებთან ერთად მოათავსეს ვოლგოგრადის სადეპორტაციო ცენტრში, საიდან გამოშვების შემდეგაც რვა წლით აუკრძალეს რუსეთში შესვლა.

11 ოქტომბრიდან ისინი რუსეთ-საქართველოს საზღვარზე იმყოფებიან და, მათივე თქმით, ბუფერულ ზონაში მდებარე შენობის დერეფანში, იატაკზე სძინავთ.

მამაკაცებმა, მოხალისეების მეშვეობით, დახმარებისთვის მიმართეს უკრაინის საელჩოს საქართველოში, ასევე გაეროსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, თუმცა ამ დრომდე მათი პრობლემა არცერთ მხარეს არ მოუგვარებია. საკვები და წყალი მათთან უკრაინელ მოხალისეებს მიაქვთ.

როგორც გამოცემა Paper Kartuli-ს უთხრა ერთ-ერთმა ყოფილმა პატიმარმა, ისინი უკრაინის მოქალაქეები არიან და უბრალოდ სამშობლოში დაბრუნება სურთ.

საქართველოში უკრაინის საელჩოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მათ საკითხზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.

აგვისტოს ბოლოს, ექვსმა უკრაინელმა 10 დღე გაატარა "ზემო ლარსის" გამშვებ პუნქტზე, სადაც საქართველოში შემოსვლის ნებართვას ელოდნენ. ჯგუფში შედიოდა ხუთი ყოფილი პატიმარი ხერსონის ოლქიდან, რომლებიც რუსეთის კოლონიებში გადაიყვანეს, სასჯელის დარჩენილი ნაწილის მოსახდელად.

XS
SM
MD
LG