კრემლმა აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, ბრალი დასდო უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციის სურვილში - გრძელი რადიუსის იარაღის გამოყენებაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნით. პარალელურად, აშშ-ის პრეზიდენტმა "დიდი ოცეულის" (G20) სახელმწიფოებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ უკრაინის სუვერენიტეტს.
18 ნოემბერს გაკეთებულ ამ განცხადებებს ერთი დღით უსწრებდა მედიაში გავრცელებული ცნობები, რომ ბაიდენმა უკრაინას უფლება დართო აშშ-ის იარაღის გამოყენებაზე რუსეთის სიღრმეში მდებარე სამიზნეებზე. თეთრ სახლს ამ ცნობების შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.
იარაღის საკითხი არ უხსენებია რიო-დე-ჟანეიროში მყოფ ბაიდენს, რომელმაც G20-ის ქვეყნების ლიდერებს კიევის მხარდაჭერის გაძლიერებისკენ მოუწოდა. სამიტში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც მონაწილეობს.
"აშშ მყარად უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. და, ჩემი აზრით, ეს უნდა გააკეთოს ყველამ, ვინც ამ მაგიდასთანაა", - თქვა ბაიდენმა.
პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინის სხვა ოფიციალური პირები დასავლეთის სახელმწიფოებს თვეების განმავლობაში სთხოვდნენ უფლებას გრძელი რადიუსის იარაღის სრული პოტენციალით გამოყენებისთვის.
აშშ და ნატოს წევრი სხვა ქვეყნები ამ დრომდე ინარჩუნებდნენ შეზღუდვას დისტანციაზე, რომლის რადიუსშიც შეიძლებოდა აშშ-ის რაკეტების გამოყენება რუსეთის ტერიტორიაზე.
კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ შეზღუდვის მოხსნას შესაძლოა მოჰყვეს დაძაბულობის ახალი ციკლი და გაღრმავდეს აშშ-ის ჩართულობა უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომში.
"ცხადია, რომ [აშშ-ის] მიმავალი ადმინისტრაცია აპირებს გადადგას ნაბიჯები, რათა გააგრძელოს ცეცხლზე ნავთის დასხმა და დაძაბულობის კიდევ უფრო ესკალაცია", - თქვა პესკოვმა.
ფორუმი