ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გამოცემა Europe time-ს უდასტურებენ, რომ აშშ-მა 100-ზე მეტ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მცდელობის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს, არჩევნებზე გავლენის მოხდენის გზით.
20 ოქტომბერს სააგენტო Reuters-მა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელზე დაყრდნობით გამოაქვეყნა ცნობა შეერთებული შტატების დაზვერვის არასაჯარო ანგარიშზე, რომლის თანახმადაც, მოსკოვი იყენებს ჯაშუშებს, სოციალურ მედიას და რუსულ სახელმწიფო მედიას, რათა შეასუსტოს საზოგადოების რწმენა დემოკრატიული არჩევნებისადმი მთელ მსოფლიოში. Reuters-ის თანახმად, დაზვერვის ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ათეულობით ქვეყანას გაუზიარა.
გამოცემა Europe Time-ს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დაუდასტურეს, რომ შეერთებული შტატები დემოკრატიულ არჩევნებთან დაკავშირებით რუსეთის მიზნების გამოაშკარავების აქტიურ კამპანიას იწყებს.
„ჩვენთვის დიდი ხანია, ცნობილია, რომ რუსეთი ცდილობს, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ პროცესებს მთელ მსოფლიოში. და ჩვენ ვცდილობთ, ავამაღლოთ საზოგადოების ცნობიერება იმის შესახებ, რომ აღნიშნული ძალისხმევის ფარგლებში, რუსეთი დემოკრატიული არჩევნებისადმი საზოგადოების ნდობის შერყევისა და შემცირების მიზნით, ოპერაციებს აწარმოებს“, - მოჰყავს Europe Time-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ციტატა.
გამოცემას საქართველოში აშშ-ის საელჩოში უპასუხეს, რომ „დემოკრატიის სამიტზე მოწვეული მთავრობებისადმი მიწერილ წერილში ჩვენ, დახურულ წესრიგში, თითოეულ ქვეყანას ვაცნობეთ ჩვენი შეფასება იმაზე, ცდილობდა თუ არა რუსეთი, შეემცირებინა საზოგადოების ნდობა მათ ქვეყანაში ჩატარებული საარჩევნო პროცესების მიმართ. ჩვენ ვიცავთ ამ ბრიფინგების კონფიდენციალურობას, თუმცა ვმოქმედებთ გამჭვირვალედ, როცა საზოგადოებას ვუზიარებთ ზოგად მოპოვებულ ინფორმაციას“.
"დემოკრატიის სამიტი“ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინიციატივით, 2023 წლის 29-30 მარტს გაიმართა და მასში წელსაც, ისევე როგორც შარშან, საქართველოდან პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დისტანციურად მონაწილეობდა.
შესაბამისად, დიდი ალბათობით, იმ ქვეყნების მთავრობებს შორის, რომლებიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთის მცდელობებზე გააფრთხილა, საქართველოც იქნებოდა.
დეტალების გადამოწმებას, ეხებოდა თუ არა აშშ-ის მიერ გაზიარებული ინფორმაცია რუსეთის წინასაარჩევნო აქტივობებს საქართველოში, რადიო თავისუფლება საქართველოს მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციებთან ცდილობს.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 24 ოქტომბერს ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვაზე, რომლის თანახმად, აშშ-ის დაზვერვის განცხადებით, რუსეთი ცდილობს დემოკრატიულ ქვეყნებში არჩევნებზე გავლენა იქონიოს, უპასუხა, რომ "ზოგადად, არცერთი ქვეყანა არ უნდა ჩაერიოს ჩვენს არჩევნებში, ეს არის მოწოდება აბსოლუტურად ყველა ქვეყნის მიმართ".
"თუ სადმე იქნება ჩარევის რისკები, ყველაფერთან დაკავშირებით ყველას მივაწვდით, ბუნებრივია, ინფორმაციას, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენს ინტერესებში“, - განაცხადა კობახიძემ.
მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ 23 ოქტომბერს ჟურნალისტების კითხვაზე - რამდენად არსებობს არჩევნებში რუსეთის ჩარევის საფრთხე, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან რუსეთის აგენტად არის დასახელებული - უპასუხა, რომ რადიკალური ოპოზიციის სახით, საქართველოში არის უამრავი აგენტი, რომლებიც სხვა ქვეყნის ინტერესებს ატარებენ.
ამასთან, კალაძის თქმით, არ არსებობს რუსეთის ქართულ არჩევნებში ჩარევის არცერთი მაგალითი: „როდის ყოფილა რუსეთის მხრიდან ჩარევა არჩევნებში, რომელიც საქართველოში 2012 წლის შემდეგ ჩატარებულა? არ არსებობს ასეთი ფაქტი“. „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის განმარტებით, „ზოგადად, მაქსიმალური ყურადღება უნდა იყოს გამახვილებული, რომ არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად, რაც ჩვენთვის, ხელისუფლებისთვის, მნიშვნელოვანია, რათა არავის მიეცეს სალაპარაკო და რაიმე თემის გამოყენების შესაძლებლობა“.
2022 წელს კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დამფუძნებელმა და ე.წ. ტროლების ფაბრიკის დამფინანსებელმა ევგენი პრიგოჟინმა აღიარა, რომ რუსეთი ერეოდა და კვლავაც ჩაერევა აშშ-ის არჩევნებში.
ოქტომბერში სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრატისლავაში დაიბარა რუსეთის ელჩი და გააპროტესტა მოსკოვის "მიუღებელი ჩარევა" სლოვაკეთის 30 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნებში.
მარტში CNN-მა "ეფესბეს" საიდუმლო დოკუმენტების შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომელიც მოიცავდა მოლდოვის დესტაბილიზაციის 10-წლიან გეგმას. მასში მოკლევადიან გეგმად დასახელებული იყო მოლდოვაში პრორუსულად განწყობილი პოლიტიკური ძალების მხარდაჭერის გაძლიერება.