სლოვაკეთში შაბათს ჩატარებულ არჩევნებში, მემარცხენე ყაიდის პარტიამ - (SMER)"კურსი - სლოვაკური სოციალ-დემოკრატია", - გაიმარჯვა. მისი ლიდერი რობერტ ფიცო უკვე ორჯერ იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. იგი კატეგორიულად ეწინააღმდეგება უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას და არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გამკაცრების მომხრეა.
ბიულეტენების თითქმის 100% - ის დათვლის მიხედვით, "კურსმა" ხმების 22.94% მოიპოვა. მისი მთავარი კონკურენტი, ლიბერალური პარტია პროგრესული სლოვაკეთი, ხმების 17.96%-ით მეორე ადგილზეა, ხოლო ცენტრ-მემარცხენე „ჰოლოსმა“14.7% მიიღო.
ამგვარად ფიცოს ეძლევა შანსი შექმნას ახალი მთავრობა, რომელიც შეცვლის შუალედურ კაბინეტს, რომელიც მაისიდან მოქმედებს. სლოვაკური მედიის თანახმად, სავარაუდოდ, ახალ კოალიციაში ფიცოს „კურსის“ გარდა, შევა ასევე „ჰოლოსი“, რომელსაც რობერტ ფიცოს ყოფილი კოლეგა, სლოვაკეთის ასევე ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პიტერ პელეგრინი ხელმძღვანელობს, და ასევე ნაციონალისტურ და პრორუსულ პოზიციებზე მდგარი „სლოვაკეთის ნაციონალური“ პარტია. ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალურმა პარტიამ“, ექვსი სხვა პოლიტიკური სუბიექტის მსგავსად, გადალახა 5 პრეოცენტიანი ბარიერი.
თავის წინასაარჩევნო გამოსვლებსა და ინტერვიუებში რობერტ ფიცო პირობას დებდა, რომ თუ მისი პარტია ახალ მმართველ კოალიციას ჩამოაყალიბებდა, სლოვაკეთი უკრაინას "ერთ ტყვიასაც" აღარ გაუგზავნიდა." ის ასევე ეწინააღმდეგება უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივას. ვარაუდობენ, რომ ფიცოს უახლოესი მოკავშირე ევროკავშირში შეიძლება გახდეს უნგრეთის ლიდერი ვიქტორ ორბანი, ევროპული ბლოკის სახელმწიფოების ლიდერებს შორის ყველაზე უფრო პრორუს პოლიტიკოსად ითვლება.