ისრაელის მწვავე რეაქცია მოჰყვა გაეროს მოწოდებას, რომ უარი უნდა თქვას ღაზის სექტორის ჩრდილოეთიდან სამოქალაქო პირების ევაკუაციის მოთხოვნაზე, რადგან ამან შესაძლოა, კიდევ უფრო დაამძიმოს ისედაც რთული ვითარება.
ისრაელის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში გილად ერდანმა ღაზის მცხოვრებთა გაფრთხილებაზე გაეროს რეაქციას „სამარცხვინო“ უწოდა და განაცხადა, რომ მრავალი წლის განმავლობაში გაერო თვალს ხუჭავდა „ჰამასის“ შეიარაღებასა და ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის გამოყენებაზე იარაღის შესანახად და მკვლელობებისთვის.
ელჩის თქმით, გაერო ისრაელს ქადაგებებს უკითხავს ნაცვლად იმისა, რომ გვერდით დაუდგეს ქვეყანას, რომლის მოქალაქეები „ჰამასმა“ დახოცა და რომელიც ცდილობს, მინიმუმამდე შეამციროს ზიანი მათთვის, ვინც ამაში არ მონაწილეობდა.
გილად ერდანის განცხადებით, აჯობებს გაერო კონცენტრირებული იყოს მძევლების გათავისუფლებაზე, „ჰამასის“ დაგმობასა და ისრაელის თავდაცვის უფლების მხარდაჭერაზე.
ისრაელის არმიამ, რომელსაც პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასისთვის" ომი აქვს გამოცხადებული, დღეს, 13 ოქტომბერს დილით დაადასტურა მანამდე გაეროს არხებით გავრცელებული ინფორმაცია, რომ სამოქალაქო მოსახლეობამ უნდა დატოვოს ღაზის სექტორის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქი ღაზა.
სოციალური ქსელებით გავრცელდა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესმდივნის, ჯონათან კონრიკუსის ვიდეომიმართვა, რომ ღაზაში მცხოვრებ ყველა სამოქალაქო პირს, მათივე უსაფრთხოებისთვის და დაცვის მიზნით მოუწოდებენ ევაკუაციისა და სამხრეთში, ვადი-ღაზის რაიონში გადასვლისკენ. ისრაელის არმიის განცხადებით, „ჰამასი" მშვიდობიან მოქალაქეებს ცოცხალ ფარად იყენებს და ტერორისტები ქალაქ ღაზაში იმალებიან უდანაშაულო სამოქალაქო პირების სახლებსა და მათ ქვეშ არსებულ გვირაბებში. ისრაელის არმიის თანახმად, ღაზის მცხოვრებნი ქალაქში დაბრუნებას შეძლებენ მას შემდეგ, რაც გავრცელდება ახალი შეტყობინება შესაბამისი ნებართვის შესახებ.
ისრაელის არმიის ამ განცხადებამდე გაერომ გაავრცელა ღაზის სექტორში მისი წარმომადგენლებისგან მიღებული ცნობა, რომ ისრაელმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებთ მოსთხოვა, 24 საათში გადავიდნენ ტერიტორიის სამხრეთში. გაეროს თანახმად, ევაკუაციის ბრძანება ეხება დაახლოებით 1,1 მილიონ ადამიანს, რაც ღაზის სექტორის მოსახლეობის ნახევარია. გაეროს მიიჩნევს, რომ მოსახლეობის მსგავსი გადაადგილება დამანგრეველი ჰუმანიტარული შედეგების გარეშე ვერ ჩაივლის და ისრაელს მოუწოდებს, უარი თქვას ნებისმიერ ისეთ ბრძანებაზე, რომელიც ისედაც ტრაგიკულ სიტუაციას კატასტროფად აქცევს.
სავარაუდოა, რომ ღაზის მცხოვრებთათვის ევაკუაციისკენ მოწოდება უკავშირდება ისრაელის გადაწყვეტილებას სახმელეთო ოპერაციის დაწყების შესახებ.
7 ოქტომბრიდან, როცა „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს, ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა. ისრაელის ავიაცია 7 ოქტომბრიდან ინტენსიურად ბომბავს „ჰამასის“ ობიექტებს ღაზის სექტორში. ამასთან, ღაზის საზღვართან უკვე რამდენიმე დღეა მობილიზებულია ისრაელის 300 ათასზე მეტი რეზერვისტი, მძიმე არტილერია და ტანკები, რაც შესაძლოა, უკავშირდებოდეს სახმელეთო ოპერაციისთვის მზადებას.
- ისრაელის წყაროები 12 ოქტომბერს იუწყებოდნენ, რომ „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაიღუპა დაახლოებით 1300 ადამიანი, მათ შორის 200-ზე მეტი სამხედრო, დაჭრილთა რიცხვი კი 3200-ს აღემატება. ისრაელში დაღუპულთა შორის არიან ამერიკის, ევროპის და აზიის ქვეყნების მოქალაქეებიც. „ჰამასს“ მძევლად ჰყავს, სხვადასხვა მონაცემით, 100-დან 150-მდე ადამიანი.
- ღაზის სექტორის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 13 ოქტომბერს, დილით გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის ავიადარტყმების შედეგად, 7 ოქტომბრიდან დაღუპულია 1537 და დაჭრილია 6612 ადამიანი.
გაეროს მიერ 13 ოქტომბერს, დილით განახლებული მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 423 378-მა ადამიანმა. საერთაშორისო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ღაზაში უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისია. ისრაელმა „ჰამასის“ მიერ კონტროლირებული რეგიონი სრულ ბლოკადაში მოაქცია. ჩაკეტილია ღაზის სექტორიდან ეგვიპტეში გასასვლელიც. გაერო და ევროკავშირი გმობენ ისრაელზე „ჰამასის" თავდასხმას და ადასტურებენ, რომ ისრაელს თავდაცვის სრული უფლება აქვს, თუმცა ეს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად უნდა გააკეთოს. გაერო და ევროკავშირი ისრაელს მოუწოდებენ, უზრუნველყოს ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობის უფლებების დაცვა და სურსათზე, წყალსა და მედიკამენტებზე წვდომა.
ისრაელის მთავრობის წევრმა, ენერგეტიკის მინისტრმა ისრაელ კაცმა 12 ოქტომბერს განაცხადა, რომ ღაზის სექტორი ვერ მიიღებს ელექტროენერგიას, წყალს და საწვავს, სანამ „ჰამასი" მძევლებს არ გაათავისუფლებს. მინისტრმა ყველას მოუწოდა, ისრაელს მორალს ნუ ასწავლიან.
- რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასი“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელს მიიჩნევს არალეგიტიმურ და ოკუპანტ სახელმწიფოდ, რომელსაც დაპყრობილი აქვს პალესტინის ტერიტორია.
- „ჰამასისთვის“ კონკურენტია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ნაწილობრივ აღიარებული პალესტინის სახელმწიფოს სათავეში მყოფი, პარტია „ფათაჰის“ ეროვნული ადმინისტრაცია, რომელსაც მაჰმუდ აბასი ხელმძღვანელობს. ეს ადმინისტრაცია მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირს აკონტროლებს.