ევროკავშირის პოზიციაა, რომ ისრაელს აქვს თავდაცვის სრული უფლება, მაგრამ ეს უნდა გააკეთოს საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად. ამის შესახებ განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელმა.
10 ოქტომბერს, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო სხდომის შემდეგ, ბორელმა თქვა, რომ გმობენ ისრაელზე „ჰამასის" ტერორისტულ შეტევას და სამოქალაქო პირებზე თავდასხმებს და მოითხოვენ მძევლების გათავისუფლებას, მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვას და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პატივისცემას, რაც ნიშნავს, რომ ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობას არ უნდა გადაუკეტონ წყლის, ელექტროენერგიის და სურსათის მიწოდება. ბორელის განცხადებით, ღაზის სექტორის მშვიდობიან მოსახლეობას უნდა ჰქონდეს ჰუმანიტარული დერეფნებით ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობა.
ჟოზეპ ბორელის ინფორმაციით, ევროკავშირის სახელმწიფოთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ უნდა გაგრძელდეს თანამშრომლობა პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, რადგან დახმარების შეწყვეტა იქნება დიდი შეცდომა და საჩუქარი ამ ადმინისტრაციასთან დაპირისპირებული „ჰამასისთვის". როგორც ბორელმა თქვა, ყველა პალესტინელი ტერორისტი არ არის და ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის გამო კოლექტიური დასჯა უსამართლო და კონტრპროდუქტიული იქნება.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ინფორმაციით, წევრი სახელმწიფოების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ევროკომისიის წინადადებას, შემოწმდეს როგორ იხარჯება პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციისთვის გაწეული ფინანსური დახმარება, რათა დარწმუნდნენ, რომ ევროკავშირის მხარდაჭერას არანაირი კავშირი არ აქვს მის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასის“ საქმიანობასთან.
- 2023 წლის 7 ოქტომბერს, პალესტინელთა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მიიტანა მასირებული სარაკეტო შეტევა და ღაზის სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა. პასუხად ისრაელის არმიამ ღაზის სექტორზე საავიაციო და საარტილერიო იერიში დაიწყო.
- 8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
- 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი.
- „ჰამასს“ მძევლად ჰყავს, სხვადასხვა მონაცემით, 100-დან 150-მდე ადამიანი.
- 11 ოქტომბრის დილის მონაცემებით, ისრაელში დაღუპულია 1200, ხოლო ღაზის სექტორში 950 ადამიანი.
- გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა.
რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასი“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელს მიიჩნევს არალეგიტიმურ და ოკუპანტ სახელმწიფოდ, რომელსაც დაპყრობილი აქვს პალესტინის ტერიტორია.
„ჰამასისთვის“ კონკურენტია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ნაწილობრივ აღიარებული პალესტინის სახელმწიფოს სათავეში მყოფი, პარტია „ფათაჰის“ ეროვნული ადმინისტრაცია, რომელსაც მაჰმუდ აბასი ხელმძღვანელობს. ეს ადმინისტრაცია მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირს აკონტროლებს.