Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექნება თუ არა უკრაინას უფლება, ოჩამჩირეში რუსულ გემებს დაარტყას?


აფხაზური და რუსული დროშები
აფხაზური და რუსული დროშები

თვითაღიარებული აფხაზეთის ხელისუფლება მზადაა, აფხაზეთის ერთ-ერთ ყურეში რუსული სამხედრო გემების ბაზა მოაწყოს. ამ გემებს შორის შესაძლოა ფრთიანი ჭურვების მატარებელი ხომალდებიც აღმოჩნდნენ. თუკი ასეთ ჭურვებს რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენებს, „კრიმ.რეალიის“ ექსპერტების აზრით, საერთაშორისო სამართალი უკრაინას საპასუხო დარტყმის უფლებას მისცემს.

თვითაღიარებული აფხაზეთის პრეზიდენტი ასლან ბჟანია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა, რის შემდეგაც „იზვესტიასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ შეთანხმებას ხელი უკვე მოეწერა და ოჩამჩირის რაიონში „უახლოეს მომავალში“ რუსეთის სამხედრო გემებისთვის ბაზა გაკეთდება. ბჟანიამ ისიც თქვა, რომ ამას წინათ პორტში რუსული გემი „ციკლონი“ შევიდა.

„ციკლონი“ სოხუმის პორტში
„ციკლონი“ სოხუმის პორტში

ოჩამჩირის პორტი, როგორც სამოქალაქო-სავაჭრო პორტი, 1933-1935 წლებში შეიქმნა. ის მხოლოდ 5 წელი არსებობდა. 1940 წელს სამოქალაქო ფლოტი ფოთში გადაიტანეს, ოჩამჩირეში კი ბათუმიდან სსრკ-ის სანაპირო დაცვის გემების მეექვსე ბრიგადა გადავიდა.

1980-იან წლებში პორტის გაფართოების გეგმა მუშავდებოდა, გეგმავდნენ სამხედრო კომპონენტის დამატებასაც. ყურის გაფართოება დაიწყო, მაგრამ სსრკ-ის დაშლის გამო სამუშაოები აღარ დასრულებულა.

1996 წლის აგვისტოში საქართველოს მოთხოვნით, სანაპიროს დაცვის ხომალდების მეექვსე ბრიგადა ოჩამჩირიდან დაღესტანში, ქალაქ კასპიისკში გადაიყვანეს. 1998 წელს კი პორტი რუსული გემების უკანასკნელმა დივიზიამ დატოვა.

ოჩამჩირის ყურე
ოჩამჩირის ყურე

2008 წელს, როდესაც რუსეთი საქართველოს დაესხა თავს, ბაზის გახსნაზე ისევ ალაპარაკდნენ. 2009 წლის 26 იანვარს რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის მთავარმა შტაბმა განაცხადა, რომ აფხაზეთში შავი ზღვის ფლოტის სამხედრო გემების ბაზის შექმნაზე ფიქრობდა. იგეგმებოდა სანაპირო ინფრასტრუქტურის მოწყობა, გემების ტექმომსახურებისა და რემონტისთვის, ასევე წყლის, სურსათისა და საბრძოლო მასალის მარაგის შესავსებად. ოჩამჩირის ყურეში შავი ზღვის ფლოტის დიდი და პატარა სადესანტო გემები, კატერები და საზღვაო ტრაილერები უნდა შესულიყო.

რუსული სანაპირო დაცვის გემი ოჩამჩირეში, 2009 წელი.
რუსული სანაპირო დაცვის გემი ოჩამჩირეში, 2009 წელი.

2009 წლის ოქტომბერში რუსეთის ტექნიკური ძალის დახმარებით ყურის სიღრმე 3,8 მეტრიდან 9 მეტრამდე გაიზარდა. ახლა პორტში შესვლა შეუძლიათ იმ გემებსაც, რომელთა წყალწყვა 10 ათასი ტონაა.

შავი ზღვის ფლოტის რომელი გემები შეიძლება შევიდნენ ოჩამჩირის პორტში?

  • დიდი სადესანტო გემები (რომლებიც რუსეთის შავი ზღვის ფლოტში ყველაზე მასიურებია) N 775 და N 1171 პროექტი - „ტაპირი“, ამ გემების წყალწყვა 4 400 და 4 360 ტონაა;
  • დაცვის გემი, პროექტი N 1135 - „ბურევესტნიკი“, წყალწყვა - 3190;
  • საშუალო სადაზვერვო ხომალდი „ივან ხურსი“, წყალწყვა - 4000 ტონა;
  • საპატრულო ხომალდები, პროექტ N 22160-ის ტიპის; მაგალითად, „ვასილი ბიკოვი“, წყალწყვა - 1800 ტონა.
  • ფრთიანი ჭურვების გადამტანი გემებიდან ყველაზე დიდი ფრეგატი „ბურევესტნიკი“, წყალწყვა - 4 035 ტონა;
  • შედარებით პატარა გადამტანები, მაგალითად, „ბუიანი - მ“, წყალწყვა - 949 ტონა;
  • ასევე ყველა ნაღმსატყორცნი, რომლებიც პროექტების N 861მ და N 864 - „მერიდიანი“ - მიხედვით არის დამზადებული.

გამოდის, რომ ამ ყურეში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ნებისმიერი გემი შეიძლება დადგეს.

ხომალდი „ივან ხურსი“
ხომალდი „ივან ხურსი“

ბოლო დროს ექსპერტები ხშირად ამბობენ, რომ შავი ზღვის ფლოტი ცდილობს, გემები უკრაინულ და დასავლურ ჭურვებს რაც შეიძლება შორს გაარიდოს. „კრიმ.რეალიის“ გამოძიებით გაირკვა, რომ შავი ზღვის ფლოტმა ხომალდები, რომლებსაც ყველაზე ხშირად იყენებდა უკრაინის წინააღმდეგ, მართლაც გამოიყვანა სევასტოპოლის ყურედან.

ფლოტის ხელმძღვანელობა უმიზეზოდ სულაც არ შიშობს. 2022 წლის 29 ოქტომბერს სევასტოპოლში უკრაინული დრონები რუსულ გემებს დაესხნენ თავს და სულ მცირე სამი ხომალდი დააზიანეს.

2023 წლის აგვისტოს დასაწყისში ნოვოროსიისკის აკვატორიაში დააზიანეს ე.წ. ნავთობის მცურავი შუქურა და დიდი სადესანტო გემი „ოლენოგორსკი გორნიაკი“.

ხომალდი „ოლენოგორსკი გორნიაკი“
ხომალდი „ოლენოგორსკი გორნიაკი“

უკრაინის საზღვაო დრონებს თეორიულად გადაადგილება 1200 კილომეტრზე შეუძლიათ. ოჩამჩირიდან ოდესამდე დაახლოებით ათასი კილომეტრია.

ისმის კითხვა, დაესხმება თუ არა თავს უკრაინა აგრესორი ქვეყნის გემებს, თუკი ისინი ოჩამჩირეში განთავსდებიან? სამხედრო საკითხის გარდა, ეს საერთაშორისო სამართლის საკითხიცაა.

საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, უკრაინის პრეზიდენტის ყოფილი წარმომადგნელი ყირიმში ბორის ბაბინი მიიჩნევს, რომ რუსეთმა შესაძლოა შავი ზღვის ფლოტის გემები ოჩმაჩირის ბაზაზე გადაიყვანოს.

„საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ეს ტერიტორია რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ჩემი აზრით, ნებისმიერი შეტევა ტერიტორიიდან, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს, ლეგიტიმურია, ანუ ეს არ იქნება აგრესიის აქტი საქართველოს წინააღმდეგ, რადგან საქართველო ამ

ტერიტორიას ვერ აკონტროლებს“, - განაცხადა ბაბინმა.

ბაბინი მიიჩნევს, რომ თუ რუსეთმა ოჩამჩირიდან უკრაინაზე მიიტანა შეტევა, საქართველოს მთავრობას ამაზე რეაქცია ნაკლებად ექნება.

„ისინი ფორმალურ განცხადებებს აკეთებენ, რომ გმობენ ამას, მაგრამ მეტის იმედი არ უნდა გვქონდეს... წმინდად ჰიპოთეტურად უკრაინის თავდასხმის შესაძლებლობა საერთაშორისო სამართლის ნორმებს არ არღვევს, მაგრამ საქართველოს დღევანდელმა მთავრობამ ეს შესაძლოა როგორც პროვოკაცია ისე გამოიყენოს. ბოლო დროს, სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ, რომ ისინი ჩვენდამი მეგობრულები იყვნენ. შესაძლოა აგრესორ ქვეყანას სწორედ ასეთი პროვოკაციების იმედი აქვს“, - ამბობს ბაბინი.

ის ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ბაზებთან დაკავშირებით განცხადება ასლან ბჟანიას პუტინთან ვიზიტის დროს გაკეთდა. მიიჩნევს, რომ ეს საკითხი პოლიტიკური ვაჭრობის საგანია, რადგან რუსეთს არაღიარებული აფხაზეთის საკავშირო სახელმწიფოს რიგებში შეყვანა სურს, მაგრამ ეს ჯერ არ ხდება.

„ვფირობ, უკრაინის მთავრობა ყველა ამ რისკს ხედავს და აბსოლუტურად ადეკვატურად აფასებს“, - ამბობს ბორის ბაბინი.

უკრაინელი პოლიტოლოგი ვიქტორ კასპრუკი მიიჩნევს, რომ ოჩამჩირის ბაზების საკითხი იმაზე იქნება დამოკიდებული, რა ურთიერთობა ექნება უკრაინას საქართველოსთან.

„ფორმალურად ეს საქართველოს ტერიტორიაა და საქართველოს მთავრობას შესაძლოა პრეტენზიები ჰქონდეს ჩვენთან, რომ მათ ტერიტორიას ვესხმით თავს. მაგრამ უკრაინა მოვლენების განვითარებას თვალს მიადევნებს და შესაძლოა ისეთი გადაწყვეტილებებიც მიიღოს, რომლებზეც ახლა ქვეყნის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა არ ილაპარაკებს. ასეთი სერიოზული საკითხები ჩვენს პარტნიორებთანაც თანხმდება“, - ამბობს კასპრუკი.

ვიქტორ კასპრუკი მიიჩნევს, რომ გადაჰყავს რა გემები ოჩამჩირეში, რუსეთი იმ სამართლებრივ თავისებურებებსაც ითვალისწინებს, რომლებიც უკრაინისგან საპასუხო დარტყმას შეაფერხებს ან საერთოდ არ დაარტყამს.

ამავე დროს, „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ სამხედრო გემების საქართველოს ნაპირზე განთავსება და იქიდან უკრაინის დაბომბვა, ფრონტის ხაზის საქართველოს საზღვრებში გადმოტანას ნიშნავს.

„ამით რუსეთი ცდილობს საბრძოლო მოქმედებები საქართველოში გადმოიტანოს, აფხაზეთში - იმ საზღვრებში, რომლებიც საერთაშორისოდ არის აღიარებული, - ამბობს ბადრი ჯაფარიძე, - ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს ბაზა რუსეთის სამხედრო-სასაზღვრო ძალების განსამტკიცებლად გამოიყენება, რომლებსაც დღეს სევასტოპოლისა და ნოვოროსიისკის პორტებში უტევენ. ამ ხომალდებზე ფრთიანი ჭურვებია, რომლებსაც ყოველდღე ესვრიან უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას. ამიტომ ეს გემები უკრაინის შეიარაღებული ძალების კანონიერ სამიზნეს წარმოადგენს. ამ ბაზების მშენებლობა პირდაპირი მცდელობაა იმისა, რომ საბრძოლო მოქმედებები აფხაზეთში გადაიტანონ. ეს ადგილობრივებისთვის ძალიან საშიშია, ზოგადად საქართველოს მოქალაქეებისთვის არის საშიში“.

XS
SM
MD
LG