ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 3 სკოლაში მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლების ნაწილი აპროტესტებენ დირექტორების არჩევნების პროცესს, რომელიც, მათი თქმით, უსამართლოდ მიმდინარეობდა და მიზნად ისახავს 2024 წლის არჩევნებისთვის ხელისუფლებისთვის სასურველი კანდიდატებით სკოლების დაკომპლექტებას.
პროტესტის გამო საგანმანათლებლო პროცესი დღეს ჩაიშალა ჩხოროწყუს კირცხის თემის პირველ საჯარო სკოლაში, ქალაქ ჩხოროწყუს მეორე საჯარო და სოფელ ახუთის პირველ საჯარო სკოლებში.
როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ყოფილი დირექტორების ნაწილი პოლიტიკური ნიშნით “იბლოკება” და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით, სკოლებში ძირითადად მათთვის სასურველი ერთი კანდიდატია წარდგენილი, მოქმედ დირექტორებს კი ეუბნებიან, რომ მათი კანდიდატურა არ შეირჩა.
კირცხის თემის პირველი საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დიმონ არახამია აცხადებს, რომ სკოლაში ორი ვადით იყო არჩეული 2007 და 2014 წლებში. გამომდინარე იქიდან, რომ იმავე სკოლაში, კანონის თანახმად, მესამე ვადით ვერ აირჩევდნენ, სხვა, ქვედა ჩხოროწყუს სკოლის დირექტორის არჩევნებში სცადა მონაწილეობის მიღება, რისი შესაძლებლობაც არ მიეცა. ის ფიქრობს, რომ რადგან წინა არჩევნების პერიოდში ხელისუფლების მითითებებს სათანადოდ არ ასრულებდა, მიზანმიმართულად “დაბლოკეს”.
“მე ვარ პიროვნება, ვისაც გააჩნია საკუთარი აზრი… მე ამასთანავე ვარ სამოქალაქო განათლების მასწავლებელი და ბავშვებს ვასწავლი, როგორები უნდა იყვნენ ისინი, რომ სიმართლისთვის იბრძოლონ, გამოკვეთონ პრობლემები…და მე, როგორც მასწავლებელი, უნდა ვიყო მაგალითი და როგორი მაგალითი ვიქნებოდი, თუ მე გავაკეთებდი ყველაფერს, რასაც ხელისუფლება დამავალებდა…ნებისმიერ დირექტორს გაესაუბრეთ თქვენ, თუ არჩევნების წინ არ იბარებდნენ დირექტორებს და არ ავალებდნენ, რომ მასწავლებლებთან და მშობლებთან ემუშავათ. მე ეს არასდროს გამიკეთებია. სხვას რომ უთხრა, ხმა მიეცი ამა თუ იმ კანდიდატსო, ეს ნიშნავს, რომ ის არის სულელი და შენ ხარ ჭკვიანი და ასე არ გამოვა. ხელისუფლებას მივმართავ, ასე არ გამოდის ეს. არ შეიძლება ასე მოექცე შენს თავს და ამიტომ მე ეს არ გამიკეთებია”, - თქვა კირცხის თემის პირველი საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დიმონ არახამიამ.
მის მხარდასაჭერად და ასევე დირექტორის “უსამართლო არჩევნების” წინააღმდეგ დღეს მოზარდები სკოლის ეზოში შეიკრიბნენ ტრანსპარანტებით: “არა უსამართლობას”, “ჩვენ გვიყვარს ჩვენი დირექტორი”.
პროტესტის ნიშნად მოსწავლეები გაკვეთილებზე არ შევიდნენ ქალაქ ჩხოროწყუს მეორე საჯარო სკოლაშიც.
სკოლის დირექტორი ნონა თოდუა ამბობს, რომ პარტია “ქართული ოცნების” მხარდამჭერია, თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც უსამართლოდ მოექცნენ. მისი თქმით, სკოლაში დირექტორის თანამდებობაზე წარდგენილია ადგილობრივი ხელისუფლების “პირველი პირების” მხარდაჭერილი კანდიდატი. როგორც ნონა თოდუა ირწმუნება, დირექტორის არჩევნების გამოცდა წარმატებით ჩააბარა და გასაუბრების ეტაპზე მისთვის მოულოდნელად ჩაჭრეს:
“ის, რაც მოხდა, არის ამაზრზენი, ეს არის დანაშაული. ეს არავის არ უნდა შერჩეს. დარწმუნებული ვარ, მინისტრი შეცდომაშია შეყვანილი და არ იცის, ადვილზე რა ხდება. ამიტომ ვითხოვ, ბატონო მინისტრო, ჩამობრძანდით და ნახეთ, რა ხდება, ნახეთ, "ოცნებას" რას უწყობენ ადგილობრივები. პიროვნული სიმპათიებით ხდება სკოლებში კანდიდატის შერჩევა. იმის მიხედვით, თუ ვის ვინ ესიმპათიურება… ანაწილებენ პირველი პირები, ვისაც ხელი მიუწვდება…მე პირადად ვარ “ქართული ოცნების” მომხრე, მაგრამ აქ უკვე პიროვნული ინტერესები იყო”, - განაცხადა ჟურნალისტებთან ნონა თოდუამ.
განათლების მინისტრის ჩასვლას ითხოვენ ახუთის პირველ საჯარო სკოლაშიც. როგორც სკოლის მასწავლებლები ამბობენ, სანამ კომპეტენტური პირისგან არ მიიღებენ პასუხს, რა მიზეზით ეთქვა უარი სკოლის დირექტორის არჩევნებში მონაწილეობაზე მოქმედ დირექტორს, სულხან ჯეჯელავას, პროტესტს არ შეწყვეტენ.
ახუთის სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებლის, გიორგი გოგიას თქმით, დირექტორების კანდიდატების შერჩევა მოხდა არა პროფესიული ნიშნით, არამედ - პოლიტიკურით:
“ეს პროცესი მოიცავს მთელ საქართველოს. ხდება სკოლების ტოტალიტარული წმენდა პოლიტიკური ნიშნით… მინდა მოვუწოდო ქართულ საზოგადოებას, ყველამ ამოიღოს ხმა და მშვიდობიანი გზით გამოვუცხადოთ პროტესტი სამინისტროს ამ უსამართლო გადაწყვეტილებას… იმიტომ რომ დირექტორების ჩანაცვლება ხდება არაკომპეტენტური, “ქართული ოცნებისთვის” მისაღები კანდიდატებით, რომლებიც დარაზმავენ სკოლებს 2024 წლის არჩევნებზე. .. საქართველოში განათლების სისტემა, ფაქტობრივად, არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს პოლიტიზირებული სისტემა, რომელიც ნებისმიერ გადაწყვეტილებას იღებს პოლიტიკური სარჩულით, იმის მიხედვით, თუ რომელი პიროვნება რომელ პარტიას უჭერს მხარს”, - განაცხადა ახუთის სკოლის მასწავლებელმა გიორგი გოგიამ.
თავად ახუთის სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა სულხან ჯეჯელავამ ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვა, მასწავლებლები და მოსწავლეები კი ამბობენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ, სანამ მინისტრი არ ჩავა ადგილზე.
აქციის მონაწილეების ბრალდებებზე ჩხოროწყუს რესურსცენტრში აცხადებენ, რომ დირექტორის არჩევა კანონის შესაბამისად დადგენილი პროცედურების დაცვით მიმდინარეობს და ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა.
“პოლიტიკურ განცხადებებს ვერ გავაკეთებ. კანდიდატების ნაწილმა გაიარა გასაუბრების ეტაპი, ნაწილმა ვერ გაიარა”, - განაცხადა ჟურნალისტებთან კომენტარში რესურსცენტრის იურისტმა ელზა მალანიამ.
თავად რესურსცენტრის დირექტორმა რადიო თავისუფლების სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
თავის მხრივ, გაფიცული სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები ამბობენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ და ის ორშაბათს, 9 ოქტომბერსაც, გაგრძელდება.