Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენმა მოკავშირეებს უთხრა, რომ აშშ მყარად იდგება უკრაინის გვერდით და გააგრძელებს მის დახმარებას


აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. 28 სექტემბერი, 2023.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. 28 სექტემბერი, 2023.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 3 ოქტომბერს ტელეფონით ესაუბრა ამერიკის საკვანძო მნიშვნელობის მოკავშირეებს, რათა დაერწმუნებინა ისინი, რომ აშშ მყარად იდგება უკრაინის გვერდით მას შემდეგაც, რაც მკაცრი კურსის მომხრე რესპუბლიკელებმა ჩაშალეს კიევის სამხედრო დახმარებისკენ მიმართული ძალისხმევა.

ბაიდენი ესაუბრა კანადის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, პოლონეთის, რუმინეთის, დიდი ბრიტანეთის, აგრეთვე ევროკავშირისა და ნატოს ლიდერებს, ასევე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, იტყობინება თეთრი სახლი.

„დღეს დილით პრეზიდენტმა ბაიდენმა სატელეფონო თათბირი გამართა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა მოეხდინა უკრაინის მიმართ ჩვენი უწყვეტი დახმარების კოორდინაცია“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში, რომელშიც ნახსენებია, რომ ამ საუბრების დეტალები მოგვიანებით გამოქვეყნდება.

ბაიდენმა კვირას განაცხადა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას და კონგრესს მოუწოდა, რაც შეიძლება მალე შეთანხმდეს თანხების გამოყოფაზე ამ მიზნებისათვის.

აშშ-ის პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა წინა დღეს კონგრესის ორივე პალატის მიერ მიღებულ დროებით ბიუჯეტზე, რომელიც ითვალისწინებს ფედერალური სააგენტოების დაფინანსებას 45 დღის განმავლობაში. ამ ბიუჯეტში არ შესულა უკრაინის ფინანსური დახმარების სახსრები.

"არავითარ შემთხვევაში არ შეგვიძლია დავუშვათ უკრაინისთვის ამერიკული დახმარების შეჩერება", - განაცხადა ბაიდენმა და აღნიშნა, რომ კონგრესს გადაწყვეტილების მისაღებად დიდი დრო არ აქვს.

XS
SM
MD
LG