Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ გადაურჩნენ კოსოვო და სერბეთი ახალ შეიარაღებულ დაპირისპირებას - დეტალები


კოსოვოს სპეცდანიშნულების რაზმი სოფელ ბანსკეში
კოსოვოს სპეცდანიშნულების რაზმი სოფელ ბანსკეში

კოსოვოსა და სერბეთს შორის ვითარება კვლავ დაძაბულია მას შემდეგ, რაც 24 სექტემბერს ჩრდილოეთ კოსოვოს ტერიტორიაზე, ქალაქ ზვეჩანთან, უკანონო შეიარაღებული ჯგუფის თავდასხმის შედეგად კოსოვოელი პოლიციის სერჟანტი და სამი თავდამსხმელი დაიღუპნენ.

მომხდარს ტერაქტი უწოდა კოსოვოს მთავრობის ხელმძღვანელმა, ალბინ კურტიმ, რომელმაც თავდასხმის ორგანიზებაში ბელგრადი დაადანაშაულა.

ბრალდება უარყო სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა. მან თქვა, რომ ყველა თავდამსხმელი წარდგება სერბეთის მართლმსაჯულების წინაშე.

29 სექტემბერს თავდასხმის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა აიღო ეთნიკური სერბების მთავარი პარტიის, „სრპსკა ლისტის“, ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა მილან რადოიჩიჩმა, რომელმაც თქვა, რომ შეიარაღებული ჯგუფი „ოკუპანტებისგან იცავდა ხალხს“ .

კოსოვოს ჩრდილოეთის ანექსიის უფრო ფართო გეგმის ნაწილი?

ინციდენტი 24 სექტემბერს მას შემდეგ მოხდა, რაც ოცდაათი ნიღბიანი შეიარაღებული პირი შეიჭრა სოფელ ბანსკეში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკური სერბები არიან. გავრცელებული ცნობებით, შეიარაღებული რაზმი ადგილობრივ მონასტერში გამაგრდა.

შემთხვევის ადგილზე გადაისროლეს პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმები. მონასტერში მყოფი შეიარაღებული პირები ბრძოლაში ჩაერთნენ. შეტაკების დროს დაიღუპა ერთი პოლიციელი, არფიან ბუნიაკი. მოკლეს სამი თავდამსხმელი, კიდევ სამი დააპატიმრეს და პრიშტინაში გადაიყვანეს.

რამდენიმესაათიანი ბრძოლის შედეგად, ნაწილობრივ აღიარებული კოსოვოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჯელალ სვერლიამ განაცხადა, რომ ქვეყნის უსაფრთხოების ძალებმა მოახერხეს „ბოევიკების“ მიერ დაპყრობილი ტერიტორიის კონტროლი.

კოსოვოს მთავრობის ხელმძღვანელმა, ალბინ კურტიმ სოფელ ბანსკეში მომხდარ თავდასხმას კოსოვოს ჩრდილოეთის ანექსიის უფრო ფართო გეგმის ნაწილი უწოდა.

ალბინ კურტი, კოსოვოს პრემიერ-მინისტრი
ალბინ კურტი, კოსოვოს პრემიერ-მინისტრი


„ჩამორთმეული დოკუმენტაციის საფუძველზე, კოსოვოს პოლიციამ დაადასტურა, რომ ტერორისტული თავდასხმა იყო კოსოვოს ჩრდილოეთის ანექსიის უფრო ფართო გეგმის ნაწილი. 37 განსხვავებულ პოზიციაზე კოორდინირებულ თავდასხმას უნდა მოჰყოლოდა დერეფნის შექმნა სერბეთთან, შეიარაღებისა და ჯარების მიწოდების მიზნით“, – განაცხადა ალბინ კურტიმ.

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა სასწრაფოდ მოიწვია ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა, აქცენტი სამი სერბის დაღუპვაზე გააკეთა და მომხდარში კოსოვოს ხელისუფლება დაადანაშაულა.

ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ, კოსოვოს საზღვარზე ვუჩიჩის ბრძანებით სერბეთის არმიის ქვედანაყოფები და მძიმე ტექნიკა გამოჩნდა.

კოსოვოს საზღვრის გასწვრივ ასეთი ძალის კონცენტრაციას „შემაშფოთებელი“ უწოდა თეთრმა სახლმა, რომელმაც ბელგრადს ჯარის გაყვანისა და სიტუაციის განმუხტვისკენ მოუწოდა.

„ჩვენ ვაკვირდებით სერბეთის დიდი ძალების გაშლას კოსოვოსთან საზღვრის გასწვრივ, რაც წარმოადგენს სერბული არტილერიის, ტანკებისა და ქვეითი დანაყოფების უპრეცედენტო კონცენტრაციას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მიმართულია სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ. მოვუწოდებთ სერბეთს, გაიყვანოს ეს ძალები საზღვრიდან და ხელი შეუწყოს დაძაბულობის შემცირებას“, - განაცხადა 29 სექტემბერს თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ.

ჯონ კირბი, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი
ჯონ კირბი, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი


კირბიმ აღნიშნა, რომ 29 სექტემბერს დილით აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დაურეკა სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩს და დაძაბულობის განმუხტვისკენ მოუწოდა.

ამ განცხადების შემდეგ, ვუჩიჩმა პრესკონფერენციაზე უარყო სერბეთის არმიის „საომარ მდგომარეობაში“ მოყვანა და დასძინა, რომ ამ მიმართულებაზე გადასროლილი სამხედრო ძალის თავდაპირველი რაოდენობა განახევრებულია.

„რამდენიმე დღის წინ ჩვენ იქ გვყავდა 8400 ჯარისკაცი, დღეს არის 4400. ეს პირადი შემადგენლობის ჩვეულებრივი რაოდენობაა. ჩვენ ყოველთვის ვასრულებთ ინსტრუქციას, რომელსაც დეესკალაციის მიზნით ჩვენი პარტნიორებისგან ვიღებთ. ამჯერადაც ასე გავაკეთეთ, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი შეშფოთების მიზეზი არ არსებობდა“, - თქვა სერბეთის პრეზიდენტმა.

ვინ დგას ბანსკეში მომხდარი თავდასხმის უკან?

ჩრდილოეთ კოსოვოში შეიარაღებული ჯგუფის შეჭრის შემდეგ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სერბეთის და, შესაძლოა, რუსეთის მხარდაჭერილი ტერორისტული ძალები ცდილობდნენ რუსული სცენარით კოსოვოს ომში ჩათრევას.

თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ამგვარი სავარაუდო ჩანაფიქრის არსებობის შესახებ დასმულ შეკითხვაზე ჯონ კირბიმაც უპასუხა. თეთრი სახლის მაღალმა წარმომადგენელმა პირდაპირ პასუხს თავი აარიდა, თუმცა განაცხადა, რომ შეშფოთებას იწვევს ინციდენტის ადგილზე აღმოჩენილი შეიარაღება, მათ შორის - ყუმბარსატყორცნები, რაკეტები და ტაქტიკური სახის სხვა შეიარაღება.


„თავდამსხმელებმა იარაღის გადასაზიდად 20-მდე მანქანა გამოიყენეს... იარაღის უმეტესობა სამხედრო ტიპის იყო, მათ შორის: ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, ასაფეთქებელი ნივთიერებები და ტაქტიკური აღჭურვილობა. ეს არ ჰგავს ისეთ თავდასხმას, რომელიც სპონტანურად, რაღაც მცირე ჯგუფმა მოაწყო. ნაპოვნი იარაღის რაოდენობა და ტიპი საფრთხეს უქმნიდა არა მხოლოდ კოსოვოს სამხედრო პერსონალის, არამედ საერთაშორისო პერსონალის, მათ შორის ნატოს ჯარების უსაფრთხოებას“, - აღნიშნა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

გასული კვირის ბოლოს ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში ვუჩიჩმა თქვა, რომ სერბეთს ყველაზე ნაკლებად აძლევს ხელს სიტუაციის გართულება კოსოვოსთან.

„სერბეთს არ სჭირდება ნატოსთან კონფლიქტი და ომი. ჩვენ გვსურს კიდევ უფრო მეტი KFOR-ი (ასე ეწოდება ნატოს სამხედრო მისიას კოსოვოში - რედ.), განსაკუთრებით ჩრდილოეთ კოსოვოში“, - განაცხადა ალექსანდარ ვუჩიჩმა.

ალექსანდარ ვუჩიჩი, სერბეთის პრეზიდენტი
ალექსანდარ ვუჩიჩი, სერბეთის პრეზიდენტი

ვაშინგტონმა და ევროკავშირმა დაგმეს 24 სექტემბერს ჩრდილოეთ კოსოვოში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმა. დაიწყო საუბარი სერბეთის მიმართ ზომების მიღებაზეც, თუ პასუხისგებაში არ მისცემენ ყველა პირს, ვინც სოფელ ბანსკეში თავდასხმას გაუკეთა ორგანიზება.

სამართალდამცველები ვარაუდობდნენ, რომ თავდასხმის უკან უნდა მდგარიყო ეთნიკური სერბების მთავარი პარტია „სპრსკა ლისტის“ ვიცე-პრეზიდენტი მილან რადოიჩიჩი, რომელიც ოპერატიული წყაროს ცნობით, ინციდენტის დღეს სოფელ ბანსკეში ნახეს.

29 სექტემბერს მილან რადოიჩიჩმა ღია წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც აღიარა, რომ პირადად ხელმძღვანელობდა შეიარაღებულ ამბოხებას ჩრდილოეთ კოსოვოში „ოკუპანტებისგან სერბი ხალხის დასაცავად“.

მილან რადოიჩიჩი სერბეთის ტერიტორიაზე იმყოფება და მის საქმეს, როგორც სერბეთის პრეზიდენტმა განაცხადა, გენერალური პროკურატურა სწავლობს.

29 სექტემბერს თავდასხმის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა აიღო ეთნიკური სერბების მთავარი პარტია, "სრპსკა ლისტის", ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა მილან რადოიჩიჩმა
29 სექტემბერს თავდასხმის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა აიღო ეთნიკური სერბების მთავარი პარტია, "სრპსკა ლისტის", ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა მილან რადოიჩიჩმა

სერბეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მილან რადოიჩიჩი პასუხს აგებს ჩადენილისთვის, მაგრამ არ აპირებს მის გადაცემას კოსოვოსთვის, რადგან ბელგრადი არ ცნობს კოსოვოს დამოუკიდებლობას.

კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა ალბინ კურტიმ 3 ოქტომბერს განაცხადა, რომ ხელისუფლების წინასწარი ინფორმაციით, სოფელ ბანსკეში, კოსოვოს პოლიციაზე თავდასხმაში მონაწილეთა დიდი უმრავლესობა ან ორგანიზაცია „სამოქალაქო თავდაცვის“, ან „ჩრდილოეთის ბრიგადის“ წევრი იყო.


2023 წლის 29 ივნისს კოსოვოს მთავრობამ ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადა „სამოქალაქო თავდაცვა“ და „ჩრდილოეთის ბრიგადა“, რომლებიც კოსოვოს ჩრდილოეთით - სერბების უმრავლესობით დასახლებულ ტერიტორიაზე მოქმედებენ.

კოსოვოს ხელისუფლების ინფორმაციით, ორივე ორგანიზაცია ჯამში 1300-მდე კაცს აერთიანებს და მათ სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო მფარველობს.

კოსოვოს ხელისუფლების თანახმად, ტერორისტულ ორგანიზაცია „სამოქალაქო თავდაცვასთან“ ჰქონდა კავშირი მილან მილენკოვიჩს, რომელიც კოსოვოელმა სამართალდამცველებმა 13 ივნისს ჩრდილოეთ მიტროვიცაში დააკავეს ნატოს სამშვიდობო მისიის (KFOR) წარმომადგენლების მიმართ ძალადობის ბრალდებით.

ამას წინ უძღოდა სერბი ნაციონალისტების მიერ 26 მაისს ჩრდილოეთ კოსოვოში, ზვეჩანში დაწყებული ანტისამთავრობო გამოსვლები, რომელსაც მალე მოჰყვა ძალადობა სერბ დემონსტრანტებსა და ნატოს მისიის წარმომადგენლებს შორის. ორივე მხრიდან ათეულობით ადამიანი დაშავდა.

  • 2008 წელს კოსოვომ ცალმხრივად გამოაცხადა დამოუკიდებლობა სერბეთისგან. ბელგრადი რეგიონს თავის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს, თუმცა ქვეყნის ხელისუფლებამ არაერთხელ აღნიშნა, რომ მასზე კონტროლის აღდგენას ძალით არ აპირებენ.
  • ბოლო წლებში რეგულარულად წარმოიშობოდა კონფლიქტები კოსოვოსა და სერბეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესის ფონზე, რაც ქმნიდა პირდაპირი შეტაკებების რისკს, მაგრამ ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ზეწოლა, დაპირისპირებულ მხარეებს სიტუაციის ესკალაციის საშუალებას არ აძლევს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG