Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯო ბაიდენმა კონგრესს უკრაინისთვის დახმარების თაობაზე შეთანხმებისკენ მოუწოდა


აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კვირას განაცხადა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას და კონგრესს მოუწოდა, რაც შეიძლება მალე შეთანხმდეს თანხების გამოყოფაზე ამ მიზნებისათვის.

ბაიდენმა კომენტარი გააკეთა წინა დღეს კონგრესის ორივე პალატის მიერ მიღებულ დროებით ბიუჯეტზე, რომელიც ითვალისწინებს ფედერალური სააგენტოების დაფინანსებას 45 დღის განმავლობაში. ამ ბიუჯეტში არ შესულა უკრაინის ფინანსური დახმარების სახსრები.

"არავითარ შემთხვევაში არ შეგვიძლია დავუშვათ უკრაინისთვის ამერიკული დახმარების შეჩერება", - განაცხადა ბაიდენმა და აღნიშნა, რომ კონგრესს გადაწყვეტილების მისაღებად დიდი დრო არ აქვს.

თეთრი სახლის ადმინისტრაცია ცდილობდა უკრაინისთვის 24 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას, რომელიც, ძირითადად, კიევისთვის იარაღის მიწოდებას უნდა მოხმარებოდა. ზოგიერთი რესპუბლიკელი სენატში და განსაკუთრებით წარმომადგენელთა პალატაში ეწინააღმდეგებოდა ამ რაოდენობის დახმარებას. რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის უთანხმოება არსებობს სხვა საბიუჯეტო საკითხებზეც.

ბიუჯეტი რომ არ დამტკიცებულიყო, 1 ოქტომბერს მოხდებოდა აშშ-ის მთავრობის მუშაობის შეჩერება. შედეგად, ათიათასობით ფედერალური თანამშრომელს მოუწევდა შვებულებაში ანაზღაურების გარეშე გასვლა, ხოლო სხვადასხვა სამთავრობო სამსახურები შეაჩერებდნენ მუშაობას.

დემოკრატები და რესპუბლიკელთა უმრავლესობა თანხმდებიან, რომ კიევმა რუსეთის აგრესიის მოსაგერიებლად აშშ-ისგან საჭირო დახმარების მიღება უნდა გააგრძელოს.

ჯო ბაიდენმა თქვა, რომ აქვს შეთანხმება რესპუბლიკელების წარმომადგენელთა პალატის სპიკერთან, კევინ მაკარტისთან, რომ დახმარება გაგრძელდება. მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტს დეტალები არ გაუმჟღავნებია. გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე შესაძლოა, წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკურმა ფრაქციამ ორშაბათს იმსჯელოს.

უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ნებისმიერ შემთხვევაში გააგრძელებს უკრაინის ფინანსურ მხარდაჭერას. "ჩვენი დახმარება გრძელვადიანი ხასიათისაა და არაფერი აქვს საერთო იმასთან, რაც ხდება შეერთებულ შტატებში", - თქვა ბორელმა, რომელიც კვირის ბოლოს კიევში იმყოფებოდა.

XS
SM
MD
LG