27 სექტემბერში სოხუმში - სოხუმის აღების დღეა, ხოლო თბილისში - მისი დაცემის დღე. იმ დღიდან დღემდე - ოცდაათი წლის განმავლობაში, მხარეთა პოზიციები დროდადრო თითქოს უახლოვდებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, მხოლოდ იმისთვის, რომ კიდევ უფრო დაშორებოდა ერთმანეთს.
არდა ინალ-იპა, სოხუმის ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის ხელმძღვანელი და პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ამ 30-წლიანი ისტორიის შესახებ მოსაზრებებს ერთმანეთს უზიარებენ, არამრგვალი მაგიდის გარშემო, შემდგომი დიალოგის პერსპექტივის თაობაზე.
- არდა, როგორ ფიქრობთ, არსებობდა მოვლენების ასეთი განვითარების თავიდან აცილების შესაძლებლობა? არსებობდა საერთოდ ამ სცენარისგან თავის დაღწევის შანსი?
არდა ინალ-იპა: მაშინ გვეჩვენებოდა, რომ რაც უნდა გვეთქვა, რომ ომი მოსალოდნელი იყო, მაინც დიდი იმედი გვქონდა, რომ მისი თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა. ამიტომაც მუშაობდნენ ინტენსიურად საქართველოსა და აფხაზეთს შორის ფედერალურ შეთანხმებაზე. ჯარების შემოსვლის წინა დღეს გამოქვეყნდა კიდეც გეგმა, რომლის ავტორი იყო ტარას შამბა, მაგრამ, სამწუხაროდ, საქმე ამ გეგმის შესრულებამდე ვერ მივიდა.
როცა ყალიბდებოდა პარლამენტი - მაშინდელი აფხაზეთის უმაღლესი საბჭო, საკმაოდ ინტენსიური დიალოგი მიდიოდა საქართველოს პოლიტიკური კლასის წარმომადგენლებსა და აფხაზ პოლიტიკოსებს შორის. მაშინ შევძელით კიდეც შეთანხმება უმაღლეს საბჭოში ეთნიკური წარმომავლობის აფხაზებისა და ქართველების წარმომადგენლობით ფორმულაზე.
მიუხედავად იმისა, რომ მედია, განსაკუთრებით ახალი გაზეთები, ძალიან აგრესიულად, პროპაგანდისტულად მუშაობდნენ, და ზოგჯერ ეს ხდებოდა ტელევიზიითაც, ზოგიერთმა საზოგადო მოღვაწემ, ზოგიერთმა პოლიტიკოსმა მაინც შეძლო დაერწმუნებინა კოლეგები, ზოგჯერ ოპონენტებიც, რომ დიალოგი საჭირო იყო.
ასეთი მცდელობები იყო სამოქალაქო დონეზეც - ერთხელ მეც მივიღე ასეთ პროცესში მონაწილეობა: თბილისში ჩავედი და შევხვდი კიდეც (ზვიად) გამსახურდიას გუნდს, თუმცა იქ ნანახით ძალიან შოკირებული დავრჩი და მივხვდი, რომ ამ გუნდთან სალაპარაკო არაფერი იყო.
მაგრამ სხვებიც იყვნენ. ამიტომ აფხაზეთში, ახალგაზრდული შემოქმედებითი გაერთიანების ფარგლებში, მაინც საუბრობდნენ დიალოგზე, ცდილობდნენ ამ დღის წესრიგის განხილვასაც. დიახ, იყო ისეთი აქტივობებიც, რომლებიც სხვა გზასაც გვთავაზობდა. ეს იყო რთული, მაგრამ შესაძლებელი დიალოგის გზა, რომ არა საქართველოში განვითარებული მოვლენები. მათ შორის ის, რომ კრიმინალური ლიდერები ახდენდნენ გავლენას გადაწყვეტილების მიღების პროცესზე, რომ არა (ედუარდ) შევარდნაძის კარტ-ბლანში და ა.შ. თუმცა, მე მაინც მგონია, რომ ეს შანსი არსებობდა.
- პაატა, თქვენი აზრით? იყო ეს შანსი?
პაატა ზაქარეიშვილი: დიახ, დარწმუნებული ვარ, იყო შანსი. ჩვენ ახლა ომის დასრულებას აღვნიშნავთ - აფხაზეთში ეს დღესასწაულია. ამ დღეს ეძახიან სოხუმის აღებას, სოხუმის განთავისუფლებას. საქართველოში კი სევდიანი დღეებია, ჩვენთან ამას უწოდებენ სოხუმის დაცემას. აქაც კი ჩანს, რა სხვადასხვა ადგილას ვართ.
არადა, ეს დღე, ალბათ, უნდა იყოს განხილვის, რეფლექსიის დღე. ბოლოს და ბოლოს, ამ კონფლიქტში იყო არა ერთი მხარე, არამედ სამი: დაშლის პირას მყოფი საბჭოთა იმპერია (ჯერ კიდევ გაურკვეველი რუსეთი, როგორც ქვეყანა), აფხაზურ საზოგადოებას ჰქონდა თავისი მიზნები და საქართველო თავისი წარმოდგენებით.
30 წელი გავიდა. რუსეთმა ვერ მიაღწია იმას, რომ საქართველო რუსეთის სატელიტი გამხდარიყო. აფხაზეთმა ვერ მიაღწია იმას, რომ საერთაშორისოდ აღიარებულ, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ქცეულიყო.
საქართველომ ვერ მიაღწია ტერიტორიულ მთლიანობას და სრულ კონტროლს მაშინდელი საბჭოთა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
ამიტომ, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ვფიქრობ, რომ დღეს 2023 წელში კი არა, 1994 წელში ვართ - მხარეებმა არსებითად ვერაფერს მიაღწიეს და ახლა, ამას, პოლიტიკით მიღწევას ცდილობენ, რაც ომს სჯობს, რა თქმა უნდა.
- მაგრამ 1994 წელს ჯერ კიდევ არ იყო გაშვებული შანსი.
პაატა ზაქარეიშვილი: დიახ, ჩემი აზრით, კონტექსტი უნდა გვესმოდეს. ეს ის დროა, როცა საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო ომია ჯერ კიდევ არალეგიტიმურ მმართველ შევარდნაძესა და გამსახურდიას თანამებრძოლებს შორის (ამ დროს გამსახურდია გროზნოში იმყოფება). რაც უნდა უცნაურად მოგვეჩვენოს, იმ დროისთვის შევარდნაძემ შეძლო შეეჩერებინა სისხლისმღვრელი, საშინელი ომი სამხრეთ ოსეთში.
ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი – ეს ხდება 1992 წლის ივნისში – ანუ თითქოს რაღაცის გაკეთება შეეძლო. და უცებ ის უშვებს ძალიან სერიოზულ შეცდომას - აგზავნის ჯარს აფხაზეთში. თუმცა, მაშინდელ გაზეთებს თუ გადავხედავთ, აფხაზეთზე საერთოდ არ იყო საუბარი.
საუბარი იყო ზვიად გამსახურდიაზე, რომ ადამიანებს იტაცებენ, აფეთქებენ ხიდებს, აჩერებენ რკინიგზას, თანაც, ომია ყარაბაღში, სომხები საკვებს ვერ იღებენ და ა.შ. - სრული ქაოსია.
და ამ დროს ზვიად გამსახურდიას თანამოაზრეები ხშირად იმალებიან გალის რაიონში (ყოველ შემთხვევაში, ეს ფორმალურად ასე განიხილება) და სახელმწიფო საბჭოს სხდომაზე, რომელიც გადაწყვეტს ჯარების შეყვანას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე - აფხაზეთზე საუბარი არც არის. მხოლოდ რკინიგზის დაკავებაზეა ლაპარაკი. ყველამ, ვინც სახელმწიფო საბჭოს იმ სხდომაში მონაწილეობდა, მათ შორის ჩემი კარგი ნაცნობებიც, ახლო მეგობრებიც, მერე მითხრა ეს ყველაფერი. თქვეს, რომ იქ აფხაზეთზე საუბარი არ ყოფილა.
და როცა ჯარები შედიან, უკვე (თენგიზ) კიტოვანის (საკმაოდ უცნაური კაცის) მეთაურობით, უცებ იქ რაღაც სხვა იწყება...
- მაგრამ უკვე ცხადი იყო, რომ ეს იყო ომი აფხაზეთთან?
პაატა ზაქარეიშვილი: არა, ეს არ ჩანდა გაზეთებში, ტელევიზიაში.
- სინამდვილეში...
პაატა ზაქარეიშვილი: დესანტს, რომელიც გაგრაში გადასხეს, ეგონა, რომ კურორტზე მივიდნენ. არავის უგრძვნია, რომ ეს ომი იყო. ნამდვილი ომი იწყება გაგრის დაცემის შემდეგ. სწორედ მაშინ გაიგებენ საქართველოში, რომ ეს ხუმრობა ნამდვილად არ არის და სერიოზული ამბავია.
– პაატა, მაპატიე, უნდა შეგაწყვეტინოთ, რადგან არდას რაღაცის თქმა სურს.
არდა ინალ-იპა: მინდა ვთქვა, რომ ცოტა არაკეთილსინდისიერია ვიფიქროთ, რომ ომზე ფიქრი შეუძლებელი იყო, რადგან რა კონტექსტში მოხდა ეს ყველაფერი? იმ კონტექსტში, როცა საუბარი იყო ავტონომიის გაუქმების აუცილებლობაზე. იმაზე, რომ აფხაზები საკუთარ მიწაზე არ ცხოვრობენ და ა.შ. ანუ, ამ კონტექსტში, ეს აგრესია აშკარად აღიქმებოდა არა როგორც სომხეთის ან ვინმე სხვის ეკონომიკური ინტერესების დაცვად. ეს უბრალოდ სასაცილოა.
პაატა ზაქარეიშვილი: თქვენთვის სასაცილოა, ჩვენთვის კი არა. სინამდვილეში, ეს არის ...
არდა ინალ-იპა: პირველივე დღეს ჩვენ ეს ბუნებრივად აღვიქვით ომად, პირველ დღეს შემოვიდნენ...
პაატა ზაქარეიშვილი: აფხაზეთში, დიახ, ეს ნამდვილად აღიქმებოდა ომად...
არდა ინალ-იპა: დიახ, იმიტომ, რომ სამხედროები უკვე ესროდნენ მშვიდობიან მოსახლეობას ვერტმფრენებიდან...
პაატა ზაქარეიშვილი: ქართველი დამსვენებლები დარჩნენ იქ, შვებულებაში ვინც იყო წასული. მათაც არ უგრძვნიათ, რომ ეს ნამდვილი ომი იყო - ამბობდნენ, გაგვიყვანეთ აქედან, რა უბედურებაა, ვერ გამოვდივართო. ანუ არავის უგრძვნია, რომ საკმაოდ სერიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ და მათი ერთადერთი ამოცანა იყო როგორმე კომფორტულად დაეტოვებინათ ბიჭვინთა. სინამდვილეში, ომის განცდა თანდათან მოდის.
და, ჩემი აზრით, შევარდნაძემაც უცებ იგრძნო, რომ აჰა! თურმე აფხაზეთის საკითხი შეიძლება ასე გადაწყდეს: გამსახურდიას გამო შემთხვევით აღმოვჩნდით აფხაზეთში და უცებ შეიძლება რაღაც გადაწყდეს.
ჩემი აზრით, ეს იყო შევარდნაძის უდიდესი შეცდომა: ის კი არა, რომ მან ჯარი შეიყვანა - ცხადია, ესეც ძალიან დიდი შეცდომაა, მაგრამ ათასი პროცენტით დიდი იყო შეცდომა, რომ ერთი კვირის შემდეგ ეს ჯარი უკან არ გაიყვანა. ის ვერ მიხვდა, რა მახეში გაება. ვერ მიხვდა, რომ ეს ძალიან სერიოზული ამბავი იყო და ძალიან ძვირი დაუჯდებოდა.
რასაც ის მოგვიანებით აკეთებდა, 1993 წელს, ეს უნდა გაეკეთებინა კონფლიქტის დაწყებიდან ერთ კვირაში. ამიტომ ორმაგი შეცდომაა. შეცდომა, რომელიც დანაშაულზე მეტია - არის ის, რომ შევარდნაძემ დროზე არ გაიყვანა ჯარი.
ისიც ფიქრობდა, რომ ეს ომი არ იყო.
ყველა ფიქრობდა, რომ ეს ძალიან ადვილი იქნებოდა, რადგან მან ახლახან ჩააქრო ომი სამხრეთ ოსეთში და ეგონა, რომ ეს ყველაფერი აფხაზეთშიც ასე მარტივად მოხდებოდა. აღმოჩნდა, რომ იქ ძალიან ძლიერი, სერიოზული წინააღმდეგობა იყო...
არდა ინალ-იპა: შეიძლება ერთი ფრაზა ვთქვა? უბრალოდ წინააღმდეგობა არ იყო, რამაც ვერტმფრენებიდან სოხუმის სანაპიროებზე დამსვენებლების მიმართ სროლა გამოიწვია - ეს იყო ბრძანება. იმიტომ კი არა, რომ აფხაზებმა საზღვარზე წინააღმდეგობა გაუწიეს. ვიღაცამ გასცა ეს ბრძანება...
პაატა ზაქარეიშვილი: გეთანხმებით, მაგრამ ვისი დაკვეთა იყო ეს, კიტოვანის თუ შევარდნაძის?
არდა ინალ-იპა: ...და არც ის იყო შემთხვევითი - ნახევარ დღეში მთელი აფხაზეთის გავლა და სოხუმამდე მისვლა.
პაატა ზაქარეიშვილი: გულწრფელად ვამბობ, რადგან თავად შევარდნაძემ რამდენჯერმე აღიარა, რომ სამი დღე ვერ იპოვეს კიტოვანი - რას აკეთებდა იქ? არ მინდა ქართული მხარის პასუხისმგებლობის მოხსნაც, ეს იყო აბსოლუტურად საშინელი დანაშაული. მაგრამ თუ გვინდა დეტალების გაგება, რადგან ამ დღეს ვიხსენებთ (სხვებისგან განსხვავებით, რომლებმაც დეტალები არ იციან), ჩვენ ხომ ვიცით ეს ყველაფერი... თავს უფლებას მივცემ, ვთქვა: ჩვენ მოულოდნელად აღმოვჩნდით ომში და უცებ მოგვეწონა ეს - ამ შემთხვევით საჩუქარს, შეიძლება, რამე დადებითი მოეტანა საქართველოსთვის.
არდა ინალ-იპა: მე განსხვავებული აზრი მაქვს...
პაატა ზაქარეიშვილი: დიდ პატივს გცემთ და თქვენი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამავე დროს მინდა გულწრფელი ვიყო.
- არდა, დავუბრუნდეთ სოხუმისთვის ბრძოლას. არის ვერსია, რომ მოსკოვმა, რომელიც შეშფოთებული იყო დედაქალაქში არეულობებით, გააფრთხილა აფხაზეთის ხელმძღვანელობა, რომ მოსკოვი სოხუმის აღების წინააღმდეგი იყო: კარგი, შენ აიღე სიმაღლეები, მაგრამ თუ შეეცდები ქალაქის აღებას, ჩვენ ამის უფლებას არ მოგცემთო. და რომ სოხუმის აღების ოპერაცია იყო ერთი ადამიანის გადაწყვეტილება. ეს მართალია?
არდა ინალ-იპა: რა თქმა უნდა, მე არ ვარ სამხედრო სპეციალისტი, მაგრამ ისინი, ვინც უშუალოდ მონაწილეობდნენ ამ ომში, ომის 13 თვის განმავლობაში, მივიდნენ დასკვნამდე, რომ როდესაც ზოგიერთი დაგეგმილი სამხედრო ოპერაცია განიხილებოდა რუსეთის სამხედრო ძალების ზოგიერთ წარმომადგენელთან, როგორღაც ამ გეგმების შესახებ ცნობილი ხდებოდა და შემდეგ ეს ოპერაციები იშლებოდა.
ეს უკანასკნელი შეტევა მომზადდა და განხორციელდა ფარულად.
აფხაზეთის ტელევიზიითაც კი იყო გადაცემები ამის შესახებ, გაჩნდა მოსაზრება, რომ რატომღაც რუსეთი ნამდვილად ცდილობდა შეენარჩუნებინა ეს კონფლიქტი იმ სახით, როგორიც იყო 1992 წელს შემოჭრის შემდეგ და შესაძლოა, ვიღაც არ იყო დაინტერესებული აფხაზების მიერ მათი ქვეყნის და დედაქალაქის გათავისუფლებით. მართლაც, არის ფაქტები, რომლებიც ადასტურებენ ამ ვერსიას.
- პაატა, საქართველოში დომინირებს მოსაზრება, რომ ამ ომში საქართველომ წააგო არა აფხაზეთთან, არამედ რუსეთთან. მაგრამ ის, რაც ახლა განვიხილეთ არდასთან ერთად და ყველაფერი, რაც შემდეგ მოხდა, ასე მარტივად არ ყოფილა. მათ შორის არც მოსკოვისა და სოხუმის ურთიერთობებში. რატომ არ ისარგებლა მაშინ საქართველომ ამით და რამდენად ლეგიტიმურია მოსაზრება, რომ მან წააგო ომი რუსეთთან და არა აფხაზეთთან?
პაატა ზაქარეიშვილი: ომის დროს ვმუშაობდი ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ საკითხებზე და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დაღუპული აფხაზებისა და პატიმრების 90%, რომლებთანაც მომიწია მუშაობა, ეთნიკურად აფხაზები იყვნენ. ანუ აფხაზები იბრძოდნენ, სისხლი დაღვარეს და, რა თქმა უნდა, იმის თქმა, რომ აფხაზები არ იბრძოდნენ, ჩემთვის აბსურდია. ძალიან ცოტა რუსი იყო, ვინც პირდაპირ იბრძოდა.
შესაძლოა, არტილერიით ეხმარებოდნენ. თვითმფრინავები რუსების იყო. ერთი თვითმფრინავი ჩამოაგდეს და შევარდნაძეც აჩვენებდა, რომ ეს რუსული თვითმფრინავი იყო. ანუ ამაში სამი მხარე მონაწილეობდა, მათ შორის, რუსეთი.
თუნდაც ეს ფაქტი კმარა - ომის დაწყებისთანავე, საქართველოს შეიარაღებული ძალები ძალიან ადვილად იკავებენ სოხუმს, გადიან სოხუმს, გაივლიან გუმისთას, ადიან ახალ ათონზე - და უცებ მოდის მოწოდება (ბორის) ელცინისგან შევარდნაძისადმი, რომ „არც ერთი ნაბიჯი წინ, უკან უნდა დაიხიოთ“.
ქართული ჯარები ჩამოდიან და იკავებენ სოხუმის მისადგომებს. ასე რომ, ის ფაქტი, რომ რუსეთი იყო ჩართული, ცალსახაა. რაღაც მომენტში, როცა საფრთხე გაჩნდა გუდაუთის მიმართულებითაც, სწორედ ელცინმა დაურეკა შევარდნაძეს.
საშინელი მდგომარეობა იქნებოდა იმ აფხაზებისთვის, ვინც სოხუმიდან წავიდნენ და გუდაუთაში მოიყარეს თავი.
ასე რომ, ცხადია, რუსეთი პირველივე დღეებიდან იყო ჩართული: გენერლები, ოფიცრები, ვინც ყველაფერს აკონტროლებდნენ.
პირველი შეთანხმებები 3 სექტემბერს მოსკოვში გაფორმდა - ეს საკმაოდ რთული შეთანხმება იყო გალის რაიონიდან ჯარების გაყვანასთან დაკავშირებით. ამან გამოიწვია ის, რომ გაგრა საბოლოოდ აიღეს. ბოლო შეთანხმება იყო 1993 წლის 27 ივლისს, როცა ქართული ჯარები მთლიანად განაიარაღეს.
რუსეთისგან პასუხისმგებლობის მოხსნა, რომ თითქოს ეს იყო მხოლოდ ქართულ-აფხაზური შეტაკება, ისეთივე სისულელეა, როგორც იმის თქმა, რომ ეს იყო მხოლოდ ქართულ-რუსული კონტექსტი. ყველაფერი ერთად იყო: რუსეთში ორი ძალა იბრძვის. იქ (რუსლან) ხასბულატოვი... 27 სექტემბერს ვკარგავთ სოხუმს... საქართველოში - ზვიად გამსახურდია და შევარდნაძე ებრძვიან ერთმანეთს. ზვიად გამსახურდია შეთანხმების გაფორმებისთანავე ბრუნდება... მხოლოდ ერთი მხარე, აფხაზეთი თამაშობს საკმაოდ ოსტატურად ამ ოთხ მხარეს შორის და მანიპულირებს შექმნილი ვითარებით.
მაშინ მათ რაღაცას მიაღწიეს კიდეც, თუმცა, დღეს რომ შევხედოთ, რამდენად მიაღწიეს მათ სასურველს? ქართველებისთვის ეს საქართველო-რუსეთის ომია, ჩემთვის კი ეს ამ ომის აბსოლუტურად მიუღებელი ფორმულირებაა.
არდა ინალ-იპა: ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ამ ომში ბევრი მონაწილე იყო, მაგრამ ასე თანაბრად არა, როგორც პაატა შენიშნავს. იმიტომ, რომ რუსეთში, ფაქტობრივად, არა ერთი და ორი, არამედ შეიძლება მეტი ძალაც იყო მაშინ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ტაშკენტის ხელშეკრულებები, რომლის მიხედვითაც, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შეიარაღება გადმოიტანეს საქართველოში და რომლითაც შემდეგ ისინი აფხაზეთზე წამოვიდნენ. იყო დაგომისის ხელშეკრულებაც, სადაც, ფაქტობრივად, შევარდნაძემ მიიღო უფლება აფხაზეთის საკითხი უფრო თამამად გადაეჭრა... ასე რომ, აფხაზეთის კუთხიდან ვერ ვიტყვით ასე ცალსახად, რომ „აფხაზეთს მხარს უჭერდნენ“. იყვნენ ცალკეული გენერლები, მხარდამჭერები კავკასიიდანაც, მართლაც, იქიდან გვეხმარებოდნენ, მაგრამ რუსეთის პოზიცია ძალიან ორაზროვანი იყო. აფხაზეთის აზრით, როცა იარაღი ვერ მივიღეთ, მივხვდით, რომ რუსეთი ჩვენს მხარეს არ იყო.
- არდა, ისტორიას უყვარს დამთხვევები: ზუსტად აფხაზეთის ომის დაწყების წლისთავზე, აზერბაიჯანი იწყებს ოპერაციას ყარაბაღში – როგორც მოგვიანებით გაირკვა, ერთი დღის შემდეგ, ეს გადამწყვეტი ოპერაცია იყო. როგორ აღიქვამენ ამ დამთხვევებს აფხაზეთში? აფხაზეთის კონფლიქტი, რომელიც 30 წელია მოუგვარებელია, მშვიდობიანი გზით ვერ გადაწყდა. ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ არის ვარიაციები, როდესაც ეს საკითხები წყდება სამხედრო გზით და თან წარმატებით...
არდა ინალ-იპა: იცით, ასეთი „ჭკვიანი“ ხალხიც გვყავს, რომლებიც ამბობენ, რომ კონფლიქტი მოგვარებულია, მაგრამ ეს გულუბრყვილო ფიქრია - სურვილი სინამდვილედ მიიღო. რა თქმა უნდა, ძირითადად, ყველა დიდი შიშით უყურებს კონფლიქტების გაყინვას. გვინდა, რომ ქართულ-აფხაზურმა კონფლიქტმა განსხვავებული მიდგომა აჩვენოს. ჩვენ შორის დიალოგი მაინც არ შეწყვეტილა, 1994-95 წლებიდან მოყოლებული, ეს დიალოგი მაინც არსებობს და ეს არის ის ფაქტორი, რომელიც განასხვავებს ქართულ-აფხაზურ კონფლიქტს სომხურ-აზერბაიჯანულისგან, სადაც ეს პროცესი ძალიან რთულად წავიდა და არც ინიციატივებს ჰქონდა მხარდაჭერა მხარეებიდან.
მეჩვენება, რომ ამ მხრივ, ჩვენ ხელიდან გავუშვით რაღაც შესაძლებლობებიც. იყო ძალიან საინტერესო ინიციატივები - მაგალითად, ე.წ. შლაინინგის პროცესი, სადაც წარმოიშვა იდეა საომარი მოქმედებების განუახლებლობის შესახებ შეთანხმებაზე, ირაკლი ალასანია და სერგეი შამბა ხელმძღვანელობდნენ ამას დიდი ხნის განმავლობაში და შეთანხმებაც ხელმოწერის ზღვარზე იყო. მე ვფიქრობ, რომ ეს ხელმოწერა ამ პროცესს გარდაქმნიდა.
მიმაჩნია, რომ, სამწუხაროდ, (მიხეილ) სააკაშვილს, როცა ის ხელისუფლებაში მოვიდა, სხვა შეხედულება ჰქონდა.
მან გადაწყვიტა, რომ რუსეთსა და დასავლეთს შორის მზარდი კონფლიქტი საქართველოს ინტერესებისთვის გამოეყენებინა და რუსეთი კონფლიქტის მხარედ გამოეცხადებინა, ხოლო აფხაზეთისთვის ეს სტატუსი საერთოდ ჩამოერთმია.
მან გადაწყვიტა, რომ ამ საკითხის მოგვარება ასე უფრო ადვილი იქნებოდა. მაგრამ მეჩვენება, რომ ამან ბევრი შესაძლებლობა წაგვართვა.
- ცვლის თუ არა ის, რაც ყარაბაღში მოხდა, რაიმე წარმოდგენას აფხაზეთის მიდგომების შესახებ? თუნდაც კონფლიქტის ძალისმიერი გადაწყვეტის თეორიულ შესაძლებლობაზე?
არდა ინალ-იპა: ვფიქრობ, ამის თეორიული შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს, მით უმეტეს, რომ ასეთი რამე ძალიან ახლოს მართლაც ხდება. რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული სიფრთხილე და ბევრი ადევნებს თვალს ქართული არმიის თავდაცვითი და შეტევითი შესაძლებლობების განვითარებასაც, მაგრამ მე ვფიქრობ, ჩვენს საზოგადოებას ჯერ კიდევ არ დაუკარგავს იმედი, რომ სხვა გზაც არსებობს.
- პაატა, არ გკითხავთ იმ ცდუნებაზე, რომელსაც, ალბათ, საქართველოც განიცდის ყარაბაღის კონფლიქტის განხილვისას. კითხვას სხვაგვარად დავსვამ - აზერბაიჯანშიც, თეორიულად, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში განიხილებოდა კონფლიქტის ძალისმიერი გზით გადაწყვეტის შესაძლებლობა. შესაძლებელია თუ არა, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შემთხვევაშიც იგივე მოხდეს?
პაატა ზაქარეიშვილი: ბოლო 6-7 წელია, ბაქოში სულ ამბობდნენ, რომ თუ ყარაბაღის ირგვლივ შვიდი რეგიონი არ დანებდებოდა, ომი იქნებოდა. რაც შეეხება საქართველოს... რა თქმა უნდა, თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია.
სინამდვილეში, არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ შურისძიებაზე, რომ ჩვენი დრო დადგა და ეს განსაკუთრებით იგრძნობა იმ ადამიანებში, რომლებიც დღეს უკრაინაში იბრძვიან, რაღაცნაირად ადრენალინს გრძნობენ და ასი პროცენტით არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ნამდვილად არ აპირებს, არ გეგმავს რამე მსგავსს.
ოპოზიციაც ცდილობს, იყოს კორექტული და ამაზე არ გააკეთოს აქცენტი. ეს საზოგადოებისთვისაც მიუღებელი პოზიციაა.
ამიტომ მუშაობს ასე კარგად მითი, რომ ვიღაცას უნდა გვაიძულოს გავხსნათ მეორე ფრონტი. ზუსტად იმიტომ, რომ ეს აზრი არ არის პოპულარული საზოგადოებაში.
ამიტომ, ამ ეტაპზე გამოსავალი შემდეგი უნდა იყოს: ყარაბაღში ვნახეთ, როგორ მუშაობს რუსეთი და ჩემი პოზიცია ბევრ რამეში განსხვავდება აფხაზეთში ჩემი მეგობრების პოზიციისგან, იმ მეგობრების, რომლებიც ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ.
პირველი განსხვავება ისაა, რომ სანამ რუსეთი კავკასიაშია, ნორმალური არაფერი მოხდება, მშვიდობა არ იქნება.
ამიტომ, საქართველო უნდა ჩაერთოს იმ ევროპულ მოძრაობაში, რომელიც მოითხოვს, რომ რუსეთმა დატოვოს ყველა ტერიტორია, სადაც ის არალეგალურად იმყოფება.
ამაში უნდა იყოს ჩართული ევროკავშირი.
ჩვენსა და აფხაზებს შორის უნდა დადგეს ევროკავშირის სამშვიდობო ძალები. მხოლოდ ამის მერე შეექმნებათ უსაფრთხოების განცდა ჩვენს აფხაზ მეგობრებს, აფხაზ საზოგადოებას. სადაც რუსეთია, არავისთვის გარანტირებული უსაფრთხოება არ არსებობს.
- რაც შეეხება თეზისს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის შესახებ, რომელიც საქართველოში უცვლელია, აქ თუ არის რაიმე ორაზროვნება? ბევრი ხომ აღიქვამს ამ მდგომარეობას ისე, რომ ახლა რუსეთი დასუსტდება, დატოვებს აფხაზეთს და თავად აფხაზები აღმართავენ საქართველოს დროშას და დაბრუნდებიან...
პაატა ზაქარეიშვილი: ეს აბსურდია. მე ამის არ მჯერა…
- მაგრამ მრავალი თვალსაზრისით, ეს ტერმინი „ოკუპაცია“ თითქოს სწორედ ამას გულისხმობს. კარგი, ოკუპაცია დამთავრდება, მაგრამ კონფლიქტი არ მთავრდება, არა? რამდენად საზიანოა ეს თეზისი - რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაცია?
არდა ინალ-იპა: მეჩვენება, რომ ეს ძალიან საზიანოა, რადგან, ჯერ ერთი, სიმართლეს არ შეესაბამება. მიუხედავად ყველა თავისებურებისა და სამხედრო ბაზის არსებობისა, აფხაზეთი არ არის ოკუპირებული ქვეყანა. ეს იმაშიც ჩანს, თუ რამდენი მძიმე მომენტი ჩნდება აფხაზურ-რუსულ ურთიერთობებში.
რაც შეეხება პაატას მოსაზრებას, სხვა ორგანიზაციების ჩართვის აუცილებლობაზე, მე, მაგალითად, მიმაჩნია, რომ ერთ დროს გაეროს წასვლა ძალიან სამწუხარო ამბავი იყო და მიმაჩნია, რომ თუ გაეროს მისია ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში დარჩებოდა, ნელ-ნელა, მაგრამ მაინც გამოიწვევდა ეს მოვლენების კონსტრუქციულ, პოზიტიურ განვითარებას.
მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ აფხაზეთმა დაკარგა კონფლიქტის მხარის სტატუსი და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ სტატუსის დაბრუნება, რათა აფხაზეთმა შეძლოს სრულფასოვან მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობა.
ჩვენ ბევრი რამ გვაქვს განსახილველი.
ვფიქრობ, ეს ხელიდან გაშვებული შესაძლებლობები, როგორიცაა საომარი მოქმედებების არგანახლების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ამ თეზისის უარყოფა, შექმნიდა დიალოგის პლატფორმას, რომელიც, მგონია, რომ სჭირდება საქართველოსაც და აფხაზეთსაც.
- პაატა, თქვენ ეთანხმებით ამას?
პაატა ზაქარეიშვილი: დიახ, თითქმის ყველაფერში ვეთანხმები. ყველა ეს თემა, რომელიც არდამ ახლახან ჩამოთვალა, უნიკალურია, შეგიძლიათ თითოეულისთვის ცალკე პროგრამა გააკეთოთ: როგორ წავიდა გაერო, როგორ წავიდა ეუთო, რატომ არ ფორმდება შეთანხმება საომარი მოქმედებების არგანახლების შესახებ და ა.შ. ყველგან ხედავ, რომ ეს რუსეთია... ეუთომ დატოვა სამხრეთი ოსეთი, რადგან რუსეთმა ამისთვის ყველაფერი გააკეთა, გაერომ კი აფხაზეთი იმიტომ დატოვა, რომ რუსეთმა ყველაფერი გააკეთა ამისთვის.
როცა სახელმწიფო მინისტრი ვიყავი, ყოველთვის ვამბობდი, რომ აფხაზეთი კონფლიქტის მხარეა - არა მხოლოდ კონფლიქტის, არამედ მოლაპარაკების პროცესის მხარეც.
მე მჯერა, რომ სანამ უშუალოდ არ დავსხდებით აფხაზურ მხარესთან, არაფერი გამოვა, რადგან რუსეთი ყველგან არის.
ჩვენ აუცილებლად უნდა ვიპოვოთ საერთო ენა სოხუმთან - რუსეთის გარეშე.
რაც შეეხება ოკუპაციას... საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ეს, რა თქმა უნდა, ოკუპაციაა: რუსეთის ჯარები განლაგებულია იმ ტერიტორიაზე, რომელიც საერთაშორისო სამართლით, საქართველოს ტერიტორიად ითვლება. მაგრამ ეს პრობლემის ნაწილია. მე ხშირად არ ვიყენებ სიტყვას „ოკუპაცია“. ასეთი თემებით სპეკულირება და ჟონგლირება მხოლოდ ართულებს და ამძიმებს ჩვენს დისკუსიებს.
თუ რაიმეს მიღწევა გვინდა, უნდა გავთავისუფლდეთ იმ ტერმინებისგან, რომლებიც ხელს უშლის საუბარს.
მაგრამ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ცალსახად ნათელია - ეს, რა თქმა უნდა, ოკუპაციაა და აქ ეჭვი არ მეპარება. მაგრამ რატომ ვსაუბრობთ ამაზე გამუდმებით - სხვა საკითხია.
არდა ინალ-იპა: გასაგებია, რომ რუსეთი არის დიდი მოთამაშე, რომელსაც თავისი ინტერესები აქვს სამხრეთ კავკასიაში. ეს გასაგებია. მაგრამ, პაატა, მეჩვენება, რომ ცოტათი იკავებთ მათ პოზიციას, ვისთანაც ჩვეულებრივ კამათობთ ხოლმე.
მე ვერ ვხედავ თქვენს სიტყვებში ქართული მხარის პასუხისმგებლობას. თითქოს საქართველოს არაფრის გაკეთების შანსი არ ჰქონდა... აფხაზეთსაც ჰქონდა ხელიდან გაშვებული შესაძლებლობები, მაგრამ ახლა ამაზე ვლაპარაკობ: რატომღაც ყოველთვის ლაპარაკობთ რუსეთზე, თითქოს საქართველოს არაფერი აქვს სასაყვედურო...
პაატა ზაქარეიშვილი: არა, რა თქმა უნდა, არა. თქვენ თქვით, რომ გაერო გავიდა და ეუთოც წავიდა, მე ვთქვი, რომ ეს იყო რუსეთი, ვინც ეს გააკეთა. ჩვენ არ გაგვიყვანია ისინი. ჩვენ ამის ძალა არ გვქონია.
რუსეთს რომ სდომებოდა, გაეროს მისია დარჩებოდა. ეს მხოლოდ რუსეთს შეუძლია, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს წევრია.
მაგრამ სოხუმთან დიალოგით ჩვენ შეგვიძლია დავასუსტოთ რუსეთი და, პირიქით, სოხუმთან დიალოგზე უარის თქმით, მხოლოდ რუსეთს ვაძლიერებთ, რადგან მოსკოვი სოხუმის სახელით გვესაუბრება ჩვენ, მთელ მსოფლიოს.
ჩვენ უნდა დავასუსტოთ რუსეთი იმით, რომ მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ შეგვიძლია აფხაზებთან ურთიერთობა და ამან შეიძლება მოიტანოს, ალბათ, მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი შედეგები, რასაც მთელი მსოფლიო დაინახავს და მომავალშიც დაუჭერს მხარს ასეთ დიალოგს.
სამწუხაროდ, ამაზე პასუხისმგებელი თბილისიც არის – თამამად შემიძლია ვთქვა. თბილისი არ ეძებს დიალოგის მსგავს ფორმებს და, სამწუხაროდ, ჩვენ ახლა ვდგავართ იქ, სადაც ვდგავართ.
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომლებიც გამოიყენება რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.