Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში ჩავიდა მთიანი ყარაბაღის 6500-ზე მეტი მოსახლე


ყარაბაღელი ლტოლვილები სომხეთში
ყარაბაღელი ლტოლვილები სომხეთში

სომხეთში კვლავ ჩადიან მთიან ყარაბაღში მცხოვრებნი - სომხეთის ხელისუფლების მონაცემებით, 25 სექტემბრის საღამოსთვის იქ უკვე 6650 ლტოლვილი იმყოფებოდა.

სომხეთის ხელისუფლება იუწყება, რომ მათ, ვისაც არ აქვს წინასწარ განსაზღვრული საცხოვრებელი, ხელისუფლება დროებით სახლებს გამოუყოფს. მუშაობს ჰუმანიტარული დახმარების პუნქტებიც.

ყარაბაღიდან სომხეთისკენ გზაზე აღმართულია აზერბაიჯანის არმიის საკონტროლო-გამშვები პუნქტი, მასში ლტოლვილების გავლისას რაიმე სერიოზული ინციდენტის შესახებ ცნობები არ გავრცელებულა.

ეთნიკური სომხები მთიან ყარაბაღს ტოვებენ იმ ფონზე, როცა აზერბაიჯანის მხრიდან წარმოებული მოკლე სამხედრო შეტევის შემდეგ სეპარატისტული რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ თანხმობა განაცხადა განიარაღებაზე და ბაქოს სხვა მოთხოვნების შესრულებაზე. მოელიან, რომ მთიანი ყარაბაღის ტერიტორია მალე აზერბაიჯანის ხელისუფლების კონტროლქვეშ გადავა.

ორშაბათს ქალაქ ხოჯალიში გაიმართა აზერბაიჯანის ხელისუფლების და ყარაბაღის სომეხთა თემის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკების მორიგი რაუნდი. იუწყებიან, რომ მიაღწიეს შეთანხმებას ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე, რომელიც ყარაბაღში იმუშავებს კომუნალური მეურნეობისა და მედიცინის საკითხებზე.

მთიანი ყარაბაღი საერთაშორისოდ აღიარებულია აზერბაიჯანის ნაწილად, თუმცა 1990-იანი წლების სეპარატისტული ომის შემდეგ ის დე ფაქტო დამოუკიდებელი იყო. 2020 წელს აზერბაიჯანმა დაიბრუნა დიდი ნაწილი იმ ტერიტორიისა, რომელსაც 1990-იანი წლებიდან ეთნიკური სომხები აკონტროლებდნენ ერევნის მხარდაჭერით.

XS
SM
MD
LG