Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნათია თურნავა: მოვისმინე, თითქოს არ გავამართლე იმედები


ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ მან იმედები ვერ გაამართლა. თურნავამ თქვა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების შეფასება.

„მოვისმინე, თითქოს არ გავამართლე იმედები. მე მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებას გავუმართლო იმედები, პირველ რიგში, ფასების სტაბილურობასთან და ფინანსურ სტაბილურობასთან დაკავშირებით. ეს არის ჩემთვის ყველაზე მაღალი რანგის ამოცანა და ყველაზე ძლიერი საზომი, რითაც საკუთარ წარმატება-წარუმატებლობას გავზომავ.

დანარჩენი, უბრალოდ, ძალიან სამწუხაროა, მოვისმინო მაღალი რანგის თანამდებობის პირისგან ასევე კლასიკური ნიმუში ეროვნული ბანკის საბჭოზე ზეწოლის, როდესაც მოუწოდებ საბჭოს, რომ გადააყენე მოვალეობის შემსრულებელი, როდესაც გიხარია, რომ უკვე სამი წევრი გადადგა და ახლა ყველაფერი ჩამოიშლება... ალბათ, სხვადასხვა წაკითხვა გვაქვს ისევ და ისევ კონსტიტუციის", - თქვა თურნავამ.

ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ზეწოლად აფასებს მისთვის გადადგომისკენ მოწოდებას. „ზეწოლა არის, როდესაც გარედან არის არაადეკვატური მოწოდებები და ხელის შეშლის მცდელობა მუშაობაში; ზეწოლა არის, როდესაც მოგიწოდებენ, რომ შენი კონსტიტუციური უფლებამოსილება არ აღასრულო, გააუქმო გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს მოსახლეობას იცავს, იმიტომ რომ ვიღაცის პოლიტიკურ გემოვნებაში არ ჯდება; ზეწოლა არის, როდესაც შენს კოლეგებს, საბჭოს წევრებს მოუწოდებენ, რომ მოდი, ახლა შეცვალეთ ხელმძღვანელი; ზეწოლა არის, როდესაც მე მომმართავენ, რომ გადადექი და რის გამო უნდა გადავდგე?! რომ საქართველოს კონსტიტუციის შესატყვისი გადაწყვეტილება მივიღე და ჩვენი მოქალაქეები ამიერიდან უფრო დაცულები იქნებიან, თუნდაც საერთაშორისო სანქციების რეჟიმების ზემოქმედების დროს? ამის გამო?! ეს არის კლასიკური ზეწოლა", - განაცხადა ნათია თურნავამ.

20 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ ეროვნულ ბანკში კანდიდატად წარადგინა ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ნათია თურნავა. ქვეყნის პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს გადადგომისკენ ბრიფინგიდან მოუწოდა.

14 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტის მიხედვით, ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესდა საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის საპასუხოდ.

19 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, რომლის პრეზიდენტის მოვალეობას ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ასრულებს, გამონაკლისი დაუშვა სანქცირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამ გადაწყვეტილებით, აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომის შესაძლებლობა უნდა მისცემოდა.

საქართველოს ორი უმსხვილესი კომერციული ბანკი - "საქართველოს ბანკი" და "თიბისი ბანკი" - აცხადებენ, რომ იცავდნენ და დაიცავენ აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს საერთაშორისო სანქციებით დაწესებულ რეგულაციებს.

ბრძანება, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის სახელით 19 სექტემბერს გამოიცა, გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში. რეგულატორმა ბრძანებაში გაიმეორა მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის კომენტარში ნათქვამი არგუმენტები:

  • "საქართველოს თითოეულ მოქალაქეს იცავს საქართველოს კონსტიტუცია";
  • "საქართველოს ეროვნული ბანკი, ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციით და უდანაშაულობის პრინციპით, მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი".

20 სექტემბერს ეროვნული ბანკის სამივე ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლოზ გაგუამ, არჩილ მესტვირიშვილმა და პაპუნა ლეჟავამ, თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. გადადგა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი ბაქრაძე.

ფარცხალაძე რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის, მენეჯმენტის საკონსულტაციო სექტორში მუშაობისთვის ან საქმიანობისთვის მოხვდა სიაში და ფლობს საკონსულტაციო კომპანიებში, შპს MOSCOW BUSINESS BROKERAGE-სა და შპს INTERNATIONAL BUSINESS CORPORATION-ში, 50-პროცენტიან წილს ალექსანდრ ონიშჩენკოსთან ერთად. სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, ონიშჩენკო რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერია.

დოკუმენტის მიხედვით, სავარაუდოდ, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერი ონიშჩენკო დაეხმარა "თანამოაზრე" ფარცხალაძეს რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაშიც. ფარცხალაძეს "სრულად აქვს მიღებული რუსული იდენტობა და რეგულარულად მგზავრობს რუსეთში". ონიშჩენკო და უშიშროების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს "ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეო გავლენის მოხდენაში იყენებენ". დოკუმენტში ასევე წერია, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადი სარგებელი მიიღო ონიშჩენკოსა და ФСБ-სთან კავშირით.

აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, "აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება" უნდა შეზღუდოდა.
XS
SM
MD
LG