Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნული ბანკის საბჭო სამივე ვიცე-პრეზიდენტმა დატოვა - ითვლება საბჭო ქმედითად?


ეროვნული ბანკი
ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოში 9 წევრი უნდა იყოს, ახლა კი მხოლოდ 4 დარჩა: ნათია თურნავა, ეკა გალდავა, ეკა მიქაბაძე და რიჩარდ სინგლეტარი.

რამდენიმე თვეა, საბჭოს მხოლოდ 7 წევრი აკომპლექტებს. ორი ადგილი ვაკანტურია.

დღეს საბჭო სამმა წევრმა დატოვა - ნიკოლოზ გაგუა, არჩილ მესტვირიშვილი და პაპუნა ლეჟავა ვიცე-პრეზიდენტები არიან. რიჩარდ სინგლეტარს უფლებამოსილების ვადა 2023 წლის დეკემბერში გასდის.

ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, თუ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობა 5-ზე ნაკლებია, ეროვნული ბანკის საბჭო არ არის უფლებამოსილი, შეასრულოს თავისი ფუნქციები.

საბჭოს წევრებს პრეზიდენტი წარადგენს და პარლამენტი ამტკიცებს. ბოლო პარლამენტმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დაუბლოკა წევრობის ორი კანდიდატი: გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია თურნავას გუშინ, 19 სექტემბერს, მიღებული გადაწყვეტილების გამო გადადგომისკენ მოუწოდა და მისი სებში წარდგენის გამო ბოდიში მოიხადა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, საბჭოს წევრები გადადგომიდან ორი თვის განმავლობაში ასრულებენ დაკისრებულ ვალდებულებებს და ეს დრო საკმარისია იმისთვის, რომ გაუქმდეს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

"დროა, ასევე, საბჭომ აიღოს პასუხისმგებლობა და განახორციელოს ზედამხედველობის ფუნქცია - საბჭოს კოლექტიური გადაწყვეტილებით შესაძლებელია და აუცილებელია ბათილად გამოცხადდეს ერთპიროვნული გადაწყვეტილება. ეს იქნება ამ საბჭოს რეალური ქმედება იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა", - თქვა მან.

გუშინ, 19 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, რომლის პრეზიდენტის მოვალეობას ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ასრულებს, გამონაკლისი დაუშვა სანქცირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამ გადაწყვეტილებით, აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომის შესაძლებლობა უნდა მისცემოდა.

ბრძანება, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის სახელით გუშინ, 19 სექტემბერს, გამოიცა, გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში. რეგულატორმა ბრძანებაში გაიმეორა მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის კომენტარში ნათქვამი არგუმენტები:

  • "საქართველოს თითოეულ მოქალაქეს იცავს საქართველოს კონსტიტუცია";
  • "საქართველოს ეროვნული ბანკი, ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციით და უდანაშაულობის პრინციპით, მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი".

ყველაზე დიდი ბანკები, "თიბისი ბანკი" და "საქართველო ბანკი", აცხადებენ, რომ აგრძელებენ საერთაშორისო სანქციებით დაწესებული რეგულაციების შესრულებას, მიუხედავად იმისა, რა რეგულაცია აქვს მიღებული ეროვნულ ბანკს.

14 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესდა საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის საპასუხოდ.

ფარცხალაძე რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის, მენეჯმენტის საკონსულტაციო სექტორში მუშაობისთვის ან საქმიანობისთვის მოხვდა სიაში და ფლობს საკონსულტაციო კომპანიებში, შპს MOSCOW BUSINESS BROKERAGE-სა და შპს INTERNATIONAL BUSINESS CORPORATION-ში, 50-პროცენტიან წილს ალექსანდრ ონიშჩენკოსთან ერთად. სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, ონიშჩენკო რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერია.

დოკუმენტის მიხედვით, სავარაუდოდ, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერი ონიშჩენკო დაეხმარა "თანამოაზრე" ფარცხალაძეს რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაშიც. ფარცხალაძეს "სრულად აქვს მიღებული რუსული იდენტობა და რეგულარულად მგზავრობს რუსეთში". ონიშჩენკო და უშიშროების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს "ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეო გავლენის მოხდენაში იყენებენ". დოკუმენტში ასევე წერია, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადი სარგებელი მიიღო ონიშჩენკოსა და ФСБ-სთან კავშირით.

აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, "აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება" უნდა შეზღუდოდა.

XS
SM
MD
LG