საქართველოს კიდევ ერთი დიდი კომერციული ბანკი, "საქართველოს ბანკი" აცხადებს, რომ იცავენ და გააგრძელებენ აშშ-ს, ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს დაწესებული სანქციების მოთხოვნების დაცვას. ამ ეტაპზე ბანკიდან რადიო თავისუფლებამ მხოლოდ მცირე კომენტარის მიღება შეძლო.
გუშინ, 19 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, რომლის პრეზიდენტის მოვალეობას ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ასრულებს, გამონაკლისი დაუშვა სანქცირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამ გადაწყვეტილებით, აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომის შესაძლებლობა უნდა მისცემოდა.
"ჩვენ ვიცავთ და გავაგრძელებთ აშშ-ს, ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს სანქციებთან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვას", - აცხადებენ "საქართველოს ბანკში".
ბანკის პრესსამსახური ინფორმირებულია, რომ რადიო თავისუფლებას დამატებითი კითხვები აქვს - პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.
"თიბისი ბანკში" რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად, არ აპირებენ რაიმე გამონაკლისი დაუშვან იმ ადამიანებზე, რომლებზეც აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს დაწესებული საერთაშორისო სანქციები ვრცელდება.
"აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებული საერთაშორისო სანქციების შესაბამისობაში ვრჩებით. შეგვეხება თუ არა შეგვეხება [მოგვიწევს აღსრულება თუ არა] სანქციების შესაბამისობაში ვრჩებით. ახლა, როგორც გუშინ, ვართ სანქციების შესაბამისობაში", - აცხადებენ "თიბისი ბანკში".
ბრძანება, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის სახელით გუშინ, 19 სექტემბერს, გამოიცა, გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში. რეგულატორმა ბრძანებაში გაიმეორა მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის კომენტარში ნათქვამი არგუმენტები:
- "საქართველოს თითოეულ მოქალაქეს იცავს საქართველოს კონსტიტუცია";
- "საქართველოს ეროვნული ბანკი, ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციით და უდანაშაულობის პრინციპით, მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი".
14 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტის მიხედვით, ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესდა საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის საპასუხოდ.
ფარცხალაძე რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის, მენეჯმენტის საკონსულტაციო სექტორში მუშაობისთვის ან საქმიანობისთვის მოხვდა სიაში და ფლობს საკონსულტაციო კომპანიებში, შპს MOSCOW BUSINESS BROKERAGE-სა და შპს INTERNATIONAL BUSINESS CORPORATION-ში, 50-პროცენტიან წილს ალექსანდრ ონიშჩენკოსთან ერთად. სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, ონიშჩენკო რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერია.
დოკუმენტის მიხედვით, სავარაუდოდ, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერი ონიშჩენკო დაეხმარა "თანამოაზრე" ფარცხალაძეს რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაშიც. ფარცხალაძეს "სრულად აქვს მიღებული რუსული იდენტობა და რეგულარულად მგზავრობს რუსეთში". ონიშჩენკო და უშიშროების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს "ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეო გავლენის მოხდენაში იყენებენ". დოკუმენტში წერია, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადი სარგებელი მიიღო ონიშჩენკოსა და ФСБ-სთან კავშირით.
აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, "აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება" უნდა შეზღუდოდა.