Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძე ამბობს, რომ სამთავრობო ბორტით პირადი ფრენისთვის მასაც უსარგებლია


კახა კალაძე, თბილისის მერი, მმართველი პარტია "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი
კახა კალაძე, თბილისის მერი, მმართველი პარტია "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი

თბილისის მერი, მმართველი პარტია "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე ამბობს, რომ სამთავრობო ბორტით პირადი მიზნებისთვის მასაც უსარგებლია. ამის შესახებ მან "TV პირველთან" კომენტარში თქვა.

"არ მახსოვს ზუსტად, თუმცა ძალიან ხშირად მისარგებლია, არა მხოლოდ სამთავრობო... ძალიან ბევრჯერ ყოფილა, თუმცა არა სახელმწიფო [ხარჯებით]... დეკლარაციაში არის ყველა ხარჯი. ეს იყო პირადი მოგზაურობა და პირადი ხარჯი. ყველაფერი არის დეკლარაციაში ჩემს ხარჯებთან დაკავშირებით. ხშირად გამომიყენებია სამთავრობო თვითმფრინავი, ყოფილა ჩემი დაკვეთით და მე გადამიხდია ფული, ყოფილა შემთხვევა, სხვას გადაუხდია და უბრალოდ, გავყოლივარ. ყველაფერი არის შესაბამის უწყებაში და მოგაწვდით, თუ ამის ინტერესი გექნებათ", - უთხრა კახა კალაძემ ჟურნალისტს.

თბილისის მერმა ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესთან საუბრის ამსახველი ვიდეოჩანაწერის ფრაგმენტი თავად გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში. ჟურნალისტმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ხვალ, 16 სექტემბერს, "TV პირველის" ეთერში ახალი საგამოძიებო სიუჟეტი გავა.

"ჟურნალისტურ გამოძიებას ვაკეთებთ შაბათისთვის - საუბარი იქნება სამთავრობო თვითმფრინავის პირადი მიზნებით გამოყენებაზე... კითხვას იმიტომ ვსვამთ ცალკე, რომ სხვა ჟურნალისტმა არ გაიგოს ჩვენი თემა. ცდილობენ თემა გაგვიფუჭონ და ვითომ დასამალი არაფერი არ აქვთ", - ამბობს "TV პირველის" ჟურნალისტი.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სამთავრობო უწყებები წინმსწრებად ავრცელებენ იმ თემაზე ინფორმაციას, რაზეც "TV პირველი" მუშაობს. ასე მოხდა რამდენიმე დღის წინაც, სანამ ეთერში გავიდოდა სიუჟეტი, რომელიც პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი შვილის პირადი მიზნებისთვის სამთავრობო თვითმფრინავით გამგზავრებას შეეხებოდა.

მთავრობის სტრატკომის ინფორმაციით, ეს იყო კომერციული ჩარტერული რეისი. სახელმწიფო დაცვის სამსახურმა კი განმარტა, რომ ევროპამდე ჩარტერული ფრენის საფასური გადაიხადა ტარიელ ღარიბაშვილმა (ეს არის ირაკლი ღარიბაშვილის მამის სახელი).

ბოლო დეკლარაცია პრემიერმა 2022 წლის ოქტომბერში შეავსო, რომლის მიხედვითაც, მისი წლიური ანაზღაურება დაახლოებით 45 ათასი ლარი იყო. ამავე დეკლარაციაში წერია ისიც, რომ მას მშობლებმა 150 ათასი ლარი აჩუქეს.

XS
SM
MD
LG