Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ ბელარუსისგან „ეკონომიკურ აღიარებას" მიაღწიეს


ფოტო არქივიდან. ინალ არძინბა(მარცხნივ), ალიაქსანდრ ლუკაშენკა და ასლან ბჟანია ბიჭვინთაში. 2022 წლის სექტემბერი
ფოტო არქივიდან. ინალ არძინბა(მარცხნივ), ალიაქსანდრ ლუკაშენკა და ასლან ბჟანია ბიჭვინთაში. 2022 წლის სექტემბერი

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა ირწმუნება, რომ ბელარუსის ავტორიტარმა მმართველმა ლუკაშენკამ გადაწყვიტა „აფხაზეთის რესპუბლიკასთან“ საბაჟო გადასახადისგან თავისუფალი ვაჭრობა უზრუნველყოს. ბელარუსის მხრიდან ეს ინფორმაცია ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.

როგორც აფხაზური სააგენტო „აფსნიპრესი“ წერს, არძინბამ ლუკაშენკას „გადაწყვეტილება“ 14 სექტემბერს გააცნო ახალი ათონის, გუდაუთის, გაგრისა და ბიჭვინთის „ადმინისტრაციების აქტივს“.

„დე ფაქტოდ ჩვენთვის ეს ეკონომიკურ აღიარებას ნიშნავს“, - განაცხადა არძინბამ. მისი ინფორმაციით, იგეგმება „აფხაზეთის და არაბთა გაერთიანებული საამიროების საქმიანი საბჭოს შექმნაც“.

რადიო თავისუფლებამ კომენტარისთვის მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომლის პასუხის შემთხვევაში, მასალა განახლდება.

ბელარუსის ავტორიტარ მმართველს რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან ახლო მოკავშირეობის მიუხედავად, ოფიციალურად დღემდე არ უღიარებია მოსკოვის მიერ 2008 წლის აგვისტოში „დამოუკიდებელ რესპუბლიკებად" გამოცხადებული აფხაზეთი და „სამხრეთი ოსეთი". 2020 წლის აგვისტოში, ლუკაშენკამ განაცხადა, რომ საკითხს განიხილავდა, თუმცა დასავლეთი სანქციებით დაემუქრა, ამ სანქციებით გამოწვეული ზიანის კომპენსაციაზე კი, რუსეთთან ვერ შეთანხმდა.

  • 2022 წლის 28 სექტემბერს ლუკაშენკა ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და ბიჭვინთაში შეხვდა დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას. ლუკაშენკას თანახმად, მათ სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები განიხილეს.
  • 2023 წლის 21 თებერვალს ლუკაშენკამ ბჟანია მინსკში მიიღო.

XS
SM
MD
LG