მინსკში ბელარუსის ავტორიტარ პრეზიდენტს ალიაქსანდრ ლუკაშენკასა და რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ასლან ბჟანიას შორის გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით გამოეხმაურა. საგარეო უწყება ბელარუსს მოუწოდებს პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრას საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან.
აღნიშნული ქმედება უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ლეგიტიმაციის მცდელობას.
ბელარუსს მოვუწოდებთ, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, შეწყვიტოს ისეთი ქმედებების განხორციელება, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს", - ვკითხულობთ განცხადებაში.
ბელარუსის ავტორიტარმა მმართველმა ბჟანიასთან შეხვედრაზე „შესანიშნავი ქვეყანა“ უწოდა საქართველოს რეგიონს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთს.
ლუკაშენკას განცხადებით, "რატომღაც, ქართველები, საქართველოს ხელმძღვანელობა მწვავედ რეაგირებენ" ბჟანიასთან მის შეხვედრებზე.
„ნუთუ, ადამიანებს შორის, ხალხებს შორის არ შეიძლება იყოს ნორმალური, თბილი, მეგობრული ურთიერთობები... იქნებ, ამ ურთიერთობებმა ხელი შეუწყოს მშვიდობას და მეგობრობას აფხაზ და ქართველ ხალხებს შორის. ჩვენ ხომ თქვენთან ერთად არასდროს დაგვიგეგმავს არანაირი აქცია თბილისის წინააღმდეგ", - უთხრა ლუკაშენკამ ბჟანიას.
ბელარუსის ავტორიტარ მმართველს რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან ახლო მოკავშირეობის მიუხედავად, ოფიციალურად დღემდე არ უღიარებია მოსკოვის მიერ, 2008 წლის აგვისტოში "დამოუკიდებელ რესპუბლიკებად" გამოცხადებული აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი".
2022 წლის სექტემბერში, ლუკაშენკა ოკუპირებულ აფხაზეთში, ბიჭვინთაში შეხვდა დე ფაქტო პრეზიდენტ ბჟანიას.