Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუდენტებს უნივერსიტეტებში ფინანსურ დავალიანებას გაუნულებენ


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს, რომლებსაც დავალიანების გამო სწავლის შესაძლებლობა არ ეძლევათ, დავალიანებას გაუნულებენ. ამის შესახებ დღეს, 15 სექტემბერს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

"ყველა იმ სტუდენტს, რომელსაც ფინანსური დავალიანების გამო აქვს სტატუსი შეწყვეტილი, გაუნულდება დავალიანება. მათ შეეძლებათ, სურვილის შემთხვევაში აღიდგინონ სტატუსი და გააგრძელონ სწავლა თავიან უნივერსიტეტებში. ეს არის დაახლოებით 40 მილიონი ლარი", - თქვა ღარიბაშვილმა. მთავრობისგან ამ გადაწყვეტილებას წლების განმავლობაში ითხოვდნენ ოპოზიციური პარტიები.

მოგვიანებით ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე დაიწერა, რომ ფინანსური დავალიანება 30 ათასამდე სტუდენტს ჰქონდა.

ბოლო ერთ კვირაში ეს სტუდენტების სასიკეთოდ საქართველოს მთავრობაში მიღებული მეორე გადაწყვეტილებაა. 11 სექტემბერს პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ 150-ლარიანი ყოველთვიური სტიპენდია, რომელსაც სახელმწიფო 5 ათას სტუდენტს აძლევს, 300 ლარამდე გაიზარდა.

ამ ორივე გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ (მიმდინარე წლის აგვისტოში) ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში გაემგზავრა თავის ვაჟთან ერთად, რომელსაც პენსილვანიის უნივერსიტეტში სასწავლო წელი ეწყებოდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ჩარტერული რეისი, რომელსაც პრემიერი შვილთან ერთად მიჰყავდა თბილისიდან მიუნხენში, სამთავრობო თვითმფრინავით შესრულდა.

მთავრობის სტრატკომის ინფორმაციით, ეს იყო კომერციული ჩარტერული რეისი. სახელმწიფო დაცვის სამსახურმა კი განმარტა, რომ ევროპამდე ჩარტერული ფრენის საფასური გადაიხადა ტარიელ ღარიბაშვილმა (ეს არის ირაკლი ღარიბაშვილის მამის სახელი).

ბოლო დეკლარაცია პრემიერმა 2022 წლის ოქტომბერში შეავსო, რომლის მიხედვითაც, მისი წლიური ანაზღაურება დაახლოებით 45 ათასი ლარი იყო. ამავე დეკლარაციაში წერია ისიც, რომ მას მშობლებმა 150 ათასი ლარი აჩუქეს.

XS
SM
MD
LG