Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი: 5 ათასი სტუდენტი 300-ლარიან სტიპენდიას მიიღებს


ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 5 ათასი სტუდენტი ყოველთვიურად 300-ლარიან სტიპენდიას მიიღებს. ამის შესახებ მან მთავრობის დღევანდელ, 11 სექტემბრის, სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ აქამდე 2500 წარჩინებული სტუდენტი იღებდა ყოველთვიურ 150-ლარიან სტიპენდიას.

მანვე "განათლების საერთაშორისო ცენტრის" საქმიანობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით 1000-ზე მეტი საუკეთესო, წარჩინებული სტუდენტი მთავრობის დაფინანსებით სწავლობს უცხოეთის უნივერსიტეტებში.

შედარებისთვის მინდა გავიხსენო ისიც, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი საკუთარ შვილს აფინანსებდა ბიუჯეტიდან და საკუთარ ოჯახის წევრებს აფინანსებდნენ ბიუჯეტიდან, უფინანსებდნენ სწავლას, ეს არის განსხვავება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერი მთავრობის სხდომაზე არ გამოხმაურებია ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მოთხოვნებს, დაიწყოს სისხლის სამართლის გამოძიება პრემიერ-მინისტრის მიმართ სავარაუდო სამოხელეო დანაშაულისთვის, ასევე დაიწყოს მისი იმპიჩმენტის პროცედურა.

მიმდინარე წლის აგვისტოში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში გაემგზავრა თავის ვაჟთან ერთად, რომელსაც პენსილვანიის უნივერსიტეტში სასწავლო წელი ეწყებოდა. საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა განმარტა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ჩარტერული რეისით თბილისიდან ევროპის ერთ-ერთი ქალაქის მიმართულებით გაემგზავრა, ხოლო იქიდან აშშ-ის მიმართულებით - რეგულარული რეისით. ფრენის საფასური პრემიერ-მინისტრმა თავად გადაიხადა.

ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილსა და მისი ოჯახის წევრებს სამთავრობო ბორტი 28 აგვისტომდე, ანუ დაახლოებით ერთი კვირა უცდიდა გერმანიის ქალაქ მიუნხენში, საიდანაც საქართველოში ჩამოიყვანა აშშ-დან დაბრუნებული პრემიერი და მისი ოჯახის წევრები.

არ არის ცნობილი, რა დაუჯდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს შვილთან ერთად აშშ-ში მოგზაურობა. ბოლო დეკლარაცია მან 2022 წლის ოქტომბერში შეავსო, რომლის მიხედვითაც, მისი წლიური ანაზღაურება დაახლოებით 45 ათასი ლარი იყო. ამავე დეკლარაციაში წერია ისიც, რომ მას მშობლებმა 150 ათასი ლარი აჩუქეს.

XS
SM
MD
LG