სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური ამოწმებს მედიით გავრცელებულ ცნობებს სომხეთში რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ წევრთა ჩასვლის შესახებ. ეს ინფორმაცია სომხეთის პარლამენტს 13 სექტემბერს, „სამთავრობო საათის“ ფორმატით გამოსვლისას მიაწოდა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.
როგორც რადიო თავისუფლების სომხური სამსახური წერს, პრემიერ-მინისტრს ოპოზიციონერმა დეპუტატმა აგნესა ხამოიანმა ჰკითხა, ეძებს თუ არა უსაფრთხოების სამსახური „ვაგნერელებს“.
ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთის სამართალდამცავ ორგანოებს პრესით გავრცელებულ ცნობებზე რეაგირებას კანონმდებლობა ავალდებულებს და ეროვნული უსაფრთხოების სამსახური თავისი იურისდიქციის ფარგლებში ამოწმებს ტელეგრამ-არხებით გავრცელებულ ინფორმაციას.
8 სექტემბერს ტელეგრამ-არხ „ბაგრამიან 26-ზე" გამოქვეყნდა ცნობა, რომ „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის სიკვდილამდე სომხეთში იმყოფებოდა ამ დაჯგუფების 3000-მდე წევრი, ბოლო დროს კი მათ, ძირითადად, როსტოვიდან შეუერთდა კიდევ 2000-მდე. ამავე წყაროს თანახმად, მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა განაცხადა, რომ სტრატეგიულ პარტნიორად რუსეთის არჩევა შეცდომა იყო და რუსეთის ხელისუფლება დაადანაშაულა ყარაბაღთან დაკავშირებული შეთანხმების შეუსრულებლობაში, კრემლის მიერ სანქცირებულია სომხეთში სახელმწიფო გადატრიალების სცენარი და „ვაგნერელების“ მეშვეობით ხელისუფლებისგან ფაშინიანის და მისი გუნდის ჩამოშორება.
13 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ამ ცნობებს „მორიგი მითოლოგია" უწოდა.
კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა", რომელსაც კრემლი აქტიურად იყენებდა უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის ქვეყნებში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ 2023 წლის ივნისში მოწყობილი „ამბოხების" შემდეგ, ძირითადად, ბელარუსის ტერიტორიაზე გადაინაცვლა. აგვისტოში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად „ვაგნერის" დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის სიკვდილის შემდეგ გავრცელებული ცნობებით, ბელარუსში „ვაგნერელების“ რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა.