Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხიდაშელთან დაკავშირებულ კომპანიას რაჭაში ტყის გადაცემის პროცესი შეუჩერეს - საქმეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლო განიხილავს


ბიზნესმენი დავით ხიდაშელი
ბიზნესმენი დავით ხიდაშელი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებით, სამონადირეო მეურნეობა შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას” შეუჩერეს ფართობის მიღება-ჩაბარების პროცესი. როგორც დეპარტამენტი აღნიშნავს, სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით, ტყით სპეციალური სარგებლობისთვის მოთხოვნილი 97 276 ჰა ფართობიდან 20 540,3 ჰა „ზურმუხტის ქსელის“ [ტერიტორიის მესაკუთრე ვალდებულია დაიცვას აღნიშნული ფართობი უარყოფითი ზემოქმედებისაგან და დაგეგმოს თავისი საქმიანობა ისე, რომ დაცული იყოს ტერიტორიის ის ეკოლოგიური მახასიათებლები და კომპონენტები, რომელთა დასაცავადაც შეიქმნა „ზურმუხტის ქსელი"] ტერიტორიაზე ფიქსირდება.

შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას” საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრე რუსული კავშირების მქონე ბიზნესმენი დავით ხიდაშელია. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, კომპანიას სამინისტროში საჭირო დოკუმენტაცია არ წარუდგენია:

„გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანებით (N38/ს, 23 მარტი, 2022წ) განსაზღვრული დამატებითი სალიცენზიო პირობების თანახმად, არსებულ ტერიტორიაზე შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას” 2023 წლის 25 მარტამდე უნდა წარმოედგინა სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმა და საქმიანობის დაწყებამდე, „ზურმუხტის ქსელის" ტერიტორიებზე ზემოქმედების ანგარიში. შესაბამისი პუნქტი განისაზღვრა მთავრობის განკარგულებაშიც („საქმიანობის დაწყებამდე სამინისტროში შეთანხმებისთვის წარმოადგინოს ზურმუხტის ქსელის ტერიტორიაზე (რომელთაც ემთხვევა სამონადირეო მეურნეობისათვის მოთხოვნილი ფართობი) ზემოქმედების ანგარიში“).

კომპანიას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ამ დრომდე არ წარმოუდგენია არც სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმა და არც „ზურმუხტის ქსელის" ტერიტორიებზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში", - ნათქვამია განცხადებაში.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ამბროლაურის რაიონულმა სასამართლომ კომპანიის მიმართ დაწყებული წარმოება შეწყვიტა და საქმე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. იმის გამო, რომ სასამართლო პროცესები მიმდინარეობს, დეპარტამენტმა ფართობის მიღება-ჩაბარების პროცესი შეაჩერა.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე, კომპანიის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, რომელიც ამბროლაურის რაიონულ სასამართლოშია გადაიგზავნა.

ამბროლაურის სასამართლომ, 2023 წლის 24 ივლისს შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა"-ს მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყვიტა. აღნიშნული გადაწყვეტილება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 2023 წლის 27 ივლისს გაასაჩივრა, დღეს არსებული მდგომარეობით სააპელაციო სასამართლოს დადგენილება წარმოდგენილი არ არის.

მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, რაჭაში სამონადირეო მეურნეობის შექმნის მიზნით მოთხოვნილი ფართობის მიღება-ჩაბარების პროცესი შეჩერებულია", - აცხადებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.

მიმდინარე წლის 26 ივლისს სამმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა - თამარ კორძაიამ, ხათუნა სამნიძემ და თეონა აქუბარდიამ - დაიწყო ბიზნესმენ დავით ხიდაშელისთვის რაჭაში ტყის ნაწილის 49 წლის ვადით გადაცემის საკითხის შესწავლა. დეპუტატებმა მასზე ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილეს მას შემდეგ, რაც "მთის ამბებმა" გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" ხიდაშელის კომპანიის მიერ რაჭის ტყის მესამედის მიღებას მაღალი დონის კორუფციის მაგალითად მიიჩნევს და თვლის, რომ ეს მომგებიანი ხელშეკრულება მან ხელისუფლებისგან "კარტოგრაფების საქმეში" მონაწილეობით "დაიმსახურა".

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ რაჭაში, ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მიწების, ტყეების, იქაური მცხოვრებლების ინტერესების ხელყოფა რუსი ბიზნესმენების ინტერესების ხარჯზე, ეს არის ქვეყნის მტრობა და ღალატი. ღალატი გამოიხატება იმაშიც, რომ ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი მზად იყო მთელი რაჭის ტერიტორია ერთ კვადრატულ მეტრში $45-ად აეღო საკუთარი პასუხისმგებლობით და ეს ტერიტორიები თავისი ეკოსისტემებით დაეცვა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ რუს ბიზნესმენს, დავით ხიდაშელს, 11 ლარად გადასცა ჰექტარი მიწა", - განაცხადა თამარ კორძაიამ შესწავლის დაწყებისას.

დავით ხიდაშელის კომენტარში, რომელიც „ინტერპრესნიუსმა" 26 ივლისს გაავრცელა, ვკითხულობთ: „ლიცენზია ვიყიდეთ ნადირობისთვის. არც ტყესთან, არც მიწასთან და არც ხალხთან შეხება არ აქვს. პირიქით, ხალხი უნდა დაასაქმონ ტყის გასასუფთავებლად, თან ბევრი. წაიკითხეთ და გაეცანით პირობებს. ვალდებულების მეტი არაფერია, მით უმეტეს ყველას შევთავაზე ნახევარ წილში შემოსვლა, მაგრამ არავინ შემოვიდა".

ჟურნალისტური გამოძიება სახელწოდებით „რაჭის ტყეების ოკუპაცია" 17 ივლისს გამოქვეყნდა „მთის ამბების" ვებგვერდზე. გამოცემის თანახმად, რაჭის ტყის დავით ხიდაშელისთვის გადაცემა „არღვევს როგორც ეროვნულ კანონებს, ისე ევროპულ კონვენციებს, ქმნის ეკოლოგიურ და ისტორიულ აბსურდებს - საკუთარი ნებით, საკუთარი ხელით, საკუთარი გადაწყვეტილებით გავაფორმოთ ოკუპანტის კონტროლი ქვეყანაში".

XS
SM
MD
LG