Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციონერი დეპუტატები იწყებენ დავით ხიდაშელისთვის რაჭაში ტყის გადაცემის საკითხის შესწავლას


(მარცხნიდან) დეპუტატები ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია და თეონა აქუბარდია
(მარცხნიდან) დეპუტატები ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია და თეონა აქუბარდია

სამი ოპოზიციონერი დეპუტატი, თამარ კორძაია, ხათუნა სამნიძე და თეონა აქუბარდია, იწყებს ბიზნესმენ დავით ხიდაშელისთვის რაჭაში ტყის ნაწილის 49 წლის ვადით გადაცემის საკითხის შესწავლას. დეპუტატებმა მასზე ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილეს მას შემდეგ, რაც "მთის ამბებმა" გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" ხიდაშელის კომპანიის მიერ რაჭის ტყის მესამედის მიღებას მაღალი დონის კორუფციის მაგალითად მიიჩნევს და თვლის, რომ ეს მომგებიანი ხელშეკრულება ხელისუფლებასთან მან "კარტოგრაფების საქმეში" მონაწილეობით "დაიმსახურა."

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ რაჭაში, ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მიწების, ტყეების, იქაური მცხოვრებლების ინტერესების ხელყოფა რუსი ბიზნესმენების ინტერესების ხარჯზე, ეს არის ქვეყნის მტრობა და ღალატი. ღალატი გამოიხატება იმაშიც, რომ ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი მზად იყო მთელი რაჭის ტერიტორია ერთ კვადრატულ მეტრში $45-ად აეღო საკუთარი პასუხისმგებლობით და ეს ტერიტორიები თავისი ეკოსისტემებით დაეცვა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ რუს ბიზნესმენს, დავით ხიდაშელს, 11 ლარად გადასცა ჰექტარი მიწა", - განაცხადა თამარ კორძაიამ.

მისივე თქმით, სახელმწიფო არ გასცემს ინფორმაციას, ზუსტად სად მთავრდება ბიზნესმენისთვის გადაცემული ტყის საზღვრები.

თამარ კორძაიამ აღნიშნა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არსებობს კორუფციული გარიგების შესახებ ეჭვი, რადგან ონის ყოფილი მერი ემზარ საბანაძე ხიდაშელის კომპანია „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“ დირექტორად დაინიშნა და პირველივე 7 თვეში ხელფასის სახით 32 ათასი ლარი მიიღო.

"ეს რომ არის კორუფციული გარიგება, ამის ეჭვებს აჩენს ისიც, რომ უკვე ყოფილი მერი, ბატონი საბანაძე დავით ხიდაშელის კომპანიის ერთ-ერთი დირექტორი გახდა. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებისთვის საკუთარი მოსახლეობის ინტერესები", - თქვა მან.

რადიო თავისუფლებამ დავით ხიდაშელთან დაკავშირება ვერ შეძლო, თუმცა მისი კომენტარი გაავრცელა "ინტერპრესნიუსმა":

"ლიცენზია ვიყიდეთ ნადირობისთვის. არც ტყესთან, არც მიწასთან და არც ხალხთან შეხება არ აქვს. პირიქით, ხალხი უნდა დაასაქმონ, ტყის გასასუფთავებლად, თან ბევრი. წაიკითხეთ და გაეცანით პირობებს. ვალდებულების მეტი არაფერია, მითუმეტეს ყველას შევთავაზე ნახევარ წილში შემოსვლა, მაგრამ არავინ შემოვიდა".

ჟურნალისტური გამოძიება სახელწოდებით "რაჭის ტყეების ოკუპაცია" 17 ივლისს გამოქვეყნდა "მთის ამბების" ვებგვერდზე. გამოცემის თანახმად, რაჭის ტყის დავით ხიდაშელისთვის გადაცემა "არღვევს როგორც ეროვნულ კანონებს, ისე ევროპულ კონვენციებს, ქმნის ეკოლოგიურ და ისტორიულ აბსურდებს - საკუთარი ნებით, საკუთარი ხელით, საკუთარი გადაწყვეტილებით გავაფორმოთ ოკუპანტის კონტროლი ქვეყანაში".

XS
SM
MD
LG