არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" გამოთვლით, საქართველომ 2 მილიონ ლარზე მეტის ზიანი მიიღო ბიზნესმენ დავით ხიდაშელისთვის რაჭაში ტყეების გადაცემით. ორგანიზაცია წერს, რომ საქართველოს მთავრობისა და დავით ხიდაშელის გარიგების შედეგად, რაც რაჭის ტერიტორიის მესამედზე კერძო სამონადირეო მეურნეობის მოწყობას გულისხმობს, რაჭაში აღარ არის შესაძლებელი შედარებით დიდი ზომის დაცული ტერიტორიის შექმნა. TI-ს დათვლით, რაჭაში დაცული ტერიტორიის შექმნის შემთხვევაში, სახელმწიფო პირდაპირი შემოსავლის სახით მიიღებდა 2,057,593 ლარს (619,757 აშშ დოლარი);
როგორ და რა პირობით მიიღო დავით ხიდაშელმა რაჭის ტყეების მესამედი
2022 წლის მარტში სახელმწიფომ რაჭაში 104,712 ჰექტარ ტყეზე (რაჭის ტერიტორიის მესამედი და ქვეყნის ტერიტორიის 1.4%) სამონადირეო მეურნეობის მოწყობის 49-წლიანი ლიცენზია გასცა კომპანიაზე [შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა“], რომლის საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრეც რუსული კავშირების მქონე ბიზნესმენი დავით ხიდაშელია.
ხიდაშელთან დაკავშირებულმა კომპანიამ ლიცენზიის საფასურის სახით 1 151 832 ლარი გადაიხადა და 5 წლის განმავლობაში დამატებით 5 მლნ ლარის ინვესტირების ვალდებულება აიღო. ამრიგად, კომპანიამ ჰექტარში გადაიხარა 11 ლარი და ჰექტარზე დამატებით 47.7 ლარის ინვესტირების ვალდებულება აიღო.
გარიგება მრავალ პრობლემას შეიცავს ტყის მართვისა და გარემოსდაცვითი რეგულაციების დარღვევის მხრივ, რის გამოც, გარემოსდამცველებმა სასამართლოს მიმართეს, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს.
რა შანსი ჰქონდა საქართველოს რაჭაში დაცული ტერიტორიის მოსაწყობად
რაჭაში დაცული ტერიტორიის შესაქმნელად 2021 წლის სექტემბერში „კავკასიის ბუნების ფონდმა“ (Caucasus Nature Fund–CNF), რომელიც ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო ფონდია, მიაღწია უნიკალურ შეთანხმებას კერძო ფონდ Wyss Foundation-თან.
საქართველოს მთავრობამ (გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ) შესაბამის ურთიერთგაგების მემორანდუმს 2021 წლის 21 სექტემბერს მოაწერა ხელი.
შეთანხმების მიხედვით, CNF და Wyss Foundation გამოყოფდნენ მაქსიმუმ 14 მილიონ აშშ დოლარს საქართველოში 5 ახალი დაცული ტერიტორიის შესაქმნელად (შიდა ქართლში, რაჭაში, სვანეთში, სამეგრელოსა და გურიაში – არცერთ ამ რეგიონში დღეს ეროვნული პარკი არ არის), იმ შემთხვევაში, თუ დაცული იქნებოდა საერთაშორისო გარემოსდაცვითი სტანდარტები (IUCN), მათ შორის ნადირობის აკრძალვა.
შეთანხმების მიხედვით, დაფინანსების მოცულობა დამოკიდებულია შექმნილი დაცული ტერიტორიის ფართობზე. თითო ჰექტარზე CNF – 15 აშშ დოლარს, ხოლო Wyss Foundation 30 აშშ დოლარს გამოყოფს; შესაბამისად, ამ შეთავაზებით, თითო ჰექტარზე სახელმწიფო 45 აშშ დოლარს ანუ დაახლოებით 149.2 ლარს იღებს.
რაჭის შემთხვევაში, საუბარი იყო მინიმუმ 46,972 ჰექტარზე, რა შემთხვევაშიც დაფინანსება იქნებოდა 2,113,740 აშშ დოლარი, და მაქსიმუმ – 65,761 ჰექტარ ტერიტორიაზე, რა შემთხვევაშიც დაფინანსება იქნებოდა 2,959,245 აშშ დოლარი. დაფინანსება დაცული ტერიტორიის შექმნიდან პირველი 5 წლის განმავლობაში გამოიყოფა და ხმარდება ეროვნული პარკის ინფრასტრუქტურასა და თანამშრომლების ანაზღაურების დაფარვას.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" ხიდაშელის კომპანიის მიერ რაჭის ტყის მესამედის მიღებას მაღალი დონის კორუფციის მაგალითად მიიჩნევს და თვლის, რომ მან ეს მომგებიანი ხელშეკრულება ხელისუფლებასთან "კარტოგრაფების საქმეში" მონაწილეობით "დაიმსახურა."
დავით ხიდაშელი რუსი ოლიგარქის, ვლადიმირ ევტუშენკოვის ბიზნესპარტნიორი და მეგობარია. 2007-2014 წლებში ის ევტუშენკოვის კომპანია “სისტემას” (უმსხვილესი რუსული კორპორაცია) ხელმძღვანელობდა; კომპანია რუსულ სამხედრო მრეწველობაშია ჩართული. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის 13 აპრილს, დიდმა ბრიტანეთმა ევტუშენკოვს სანქციები დაუწესა.
დავით ხიდაშელი ე.წ. „კარტოგრაფების“ საქმის მთავარი მოქმედი პირია – გამოძიება მის მიერ რუსეთში მოპოვებული რუკების საფუძველზე დაიწყო. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის შეფასებით, ეს საქმე ცალსახად პოლიტიკურად მოტივირებული იყო. თავად დავით ხიდაშელის თქმით, რუკების მოპოვება მას ბიძინა ივანიშვილმა სთხოვა. ივანიშვილმა ხიდაშელს ამისთვის შემდეგ საჯაროდ გადაუხადა მადლობა.