Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი ადასტურებს, რომ დავით ხიდაშელმა რუს ბიზნესმენებთან შეხვედრა სთხოვა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფალსიფიცირებულს უწოდებს 25 აპრილს მედიაში გავრცელებულ ჩანაწერებს, თუმცა ადასტურებს, რომ რუს ბიზნესმენებთან კომუნიკაცია მართლაც სთხოვეს. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეს რუსი ბიზნესმენი ქართველ კოლეგებთან გადაამისამართა.

"ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა მართლაც მომმართა, რომ არსებობდა გარკვეული ბიზნესშემოთავაზებები და მე მარტივად ვუთხარი, რომ ვერ შევხვდებოდი, არ ვიყავი ქალაქში და გადავამისამართე ბიზნეს სექტორში. აღნიშნული რუსი ბიზნესმენი ჩამოსული იყო საქართველოში და ის დავით ხიდაშელთან ერთად შეხვდა რამდენიმე ბიზნეს წარმომადგენლებს.

მე მინდა მთავარი კითხვა დავუსვა აი, ამ ვითომ საკანდალის, რაიმე შედეგი დადგა? ნული, არავითარი გაგრძელება დავით ხიდაშელის და თქვენ მიერ ხსენებული ბიზნესმენის შეხვედრებს არავითარი შედეგი არ მოჰყოლია", - თქვა ღარიბაშვილმა.

ჟურნალისტების თხოვნის მიუხედავად, პრემიერ-მინისტრმა არ დაასახელა, რომელ ბიზნესმენებთან გადაამისამართა მან რუსეთის მოქალაქე.

იმის მიუხედავად, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა არ უპასუხა კითხვას, შეხვდა თუ არა ვლადიმირ ევტუშენკოვის კომპანია Система-ს ვიცეპრეზიდენტ ალი უზდენოვს, ამის შესახებ ეს ინფორმაცია მეორე მხარემ დაადასტურა.

25 აპრილს youtube-ზე, cyber kmara-ს არხზე გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომლის მიხედვითაც “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ესაუბრება რუს მილიარდერ ვლადიმერ ევტუშენკოვს. ჩანაწერების ავთენტურობა დადგენილი არ არის.

აუდიოჩანაწერის თანახმად, ევტუშენკოვსა და ივანიშვილს შორის უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად ორჯერ შედგა საუბარი, 10 და 13 მარტს. პირველ ჩანაწერში საუბრის თემა ხორბალს ეხება. აქ ევტუშენკოვი ამბობს, რომ აქვს იდეა, რომელსაც დავითი ჩამოიტანს. ამავე დროს, ევტუშენკოვი მის იმდროინდელ მოადგილესთან, ალი უზდანოვთან შეხვედრის შესახებ ლაპარაკობს (ევტუშენკოვმა „სისტემის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიცია 15 აპრილს დატოვა).

მეორე ჩანაწერში ევტუშენკოვი ივანიშვილს სთხოვს მის წარმომადგენელთან შეხვედრას. ივანიშვილი კი ამბობს, რომ ის უკვე ხვდება პრემიერ-მინისტრს, რომელიც „ახალგაზრდაა და ყველაფერს მიხედავს", თავად კი ქალაქგარეთ არის და ცოტა მოუხერხებელია მასთან შეხვედრა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ამისთვის მზად არის. საბოლოოდ, ჩანაწერის თანახმად, ივანიშვილი ევტუშენკოვს დათანხმდა მის წარმომადგენელთან შეხვედრაზე.

ვლადიმირ ევტუშენკოვი დიდმა ბრიტანეთმა სანქცირებულთა სიაში 13 აპრილს შეიყვანა. ალი უზდანოვი მეგობრობის ორდენით ჰყავს დაჯილდოებული რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს.

XS
SM
MD
LG