საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი 25 აპრილს გავრცელებულ ჩანაწერებს უსაფუძვლო აჟიოტაჟს უწოდებს. მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, სავარაუდოდ, მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი სანქცირებული მილიარდერის, ვლადიმერ ევტუშენკოვის სატელეფონო ჩანაწერებზე, რომლის ავთენტურობაც დადგენილი არ არის.
"საერთოდ, მე არ ვთვლი საჭიროდ, რომ პრემიერ-მინისტრმა განცხადებები უნდა გააკეთოს გაუგებარ ჩანაწერებზე. ჩემთვის წარმოუდგენელია ასეთ ჩანაწერებზე სპეკულირება და მით უმეტეს, სერიოზული კომენტარის გაკეთება.
ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამ ფარული, ფალსიფიცირებული ჩანაწერების მთავარი მიზანი, ამოცანა არის საქართველოში ომის დაწყება და არიან გამწარებულები და სასოწარკვეთილები, მსგავსი სიყალბით ცდილობენ საზოგადოების, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანას.
მე მეტს ვერაფერს ვიტყვი, ეს ჩანაწერები არაფრის მთქმელია... მე არ მსურს ამ თემაზე საუბარი...
მთელი ეს აჟიოტაჟი, ვითომ სკანდალები მიმართული იყო ერთი მიზნისკენ, რომ რაიმენაირად საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონიტი. მას შემდეგ, რაც ჩვენმა გუნდმა მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ მეორე ფრონტი არ იქნებოდა საქართველოში მას შემდეგ დაიწყო ეს", - თქვა ღარიბაშვილმა.
იმის მიუხედავად, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა არ უპასუხა კითხვას, შეხვდა თუ არა ვლადიმირ ევტუშენკოვის კომპანია Система-ს ვიცეპრეზიდენტ ალი უზდენოვს, ამის შესახებ ეს ინფორმაცია მეორე მხარემ დაადასტურა.
25 აპრილს youtube-ზე, cyber kmara-ს არხზე გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომლის მიხედვითაც “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ესაუბრება რუს მილიარდერ ვლადიმერ ევტუშენკოვს. ჩანაწერების ავთენტურობა დადგენილი არ არის.
აუდიოჩანაწერის თანახმად, ევტუშენკოვსა და ივანიშვილს შორის უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად ორჯერ შედგა საუბარი, 10 და 13 მარტს. პირველ ჩანაწერში საუბრის თემა ხორბალს ეხება. აქ ევტუშენკოვი ამბობს, რომ აქვს იდეა, რომელსაც დავითი ჩამოიტანს. ამავე დროს, ევტუშენკოვი მის იმდროინდელ მოადგილესთან, ალი უზდანოვთან შეხვედრის შესახებ ლაპარაკობს (ევტუშენკოვმა „სისტემის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიცია 15 აპრილს დატოვა).
მეორე ჩანაწერში ევტუშენკოვი ივანიშვილს სთხოვს მის წარმომადგენელთან შეხვედრას. ივანიშვილი კი ამბობს, რომ ის უკვე ხვდება პრემიერ-მინისტრს, რომელიც „ახალგაზრდაა და ყველაფერს მიხედავს", თავად კი ქალაქგარეთ არის და ცოტა მოუხერხებელია მასთან შეხვედრა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ამისთვის მზად არის. საბოლოოდ, ჩანაწერის თანახმად, ივანიშვილი ევტუშენკოვს დათანხმდა მის წარმომადგენელთან შეხვედრაზე.
ვლადიმირ ევტუშენკოვი დიდმა ბრიტანეთმა სანქცირებულთა სიაში 13 აპრილს შეიყვანა. ალი უზდანოვი მეგობრობის ორდენით ჰყავს დაჯილდოებული რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს.