Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ კორძაია: მოქალაქეები არ იმსახურებენ პრემიერს, რომელიც როგორც ივანიშვილის ხელის ბიჭი, ისე გამოიყურება აუდიოჩანაწერებში


25 აპრილს გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერების შესახებ ისაუბრა დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა თამარ კორძაიამ. მან თქვა, რომ ხელისუფლებას არ აქვს პასუხები ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით გავრცელებულ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით და ამიტომ გადადის თავდასხმაზე. საუბარია სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილისა და რუსი სანქცირებული მილიარდერის, ვლადიმერ ევტუშენკოვის სატელეფონო ჩანაწერებზე, რომლის ავთენტურობაც დადგენილი არ არის.

„არ შეიძლება არ დავეთანხმო ყველას, ვინც ამბობს, რომ რეალურად ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე ვართ. განსაკუთრებული პრობლემის წინაშე ვდგებით მაშინ, როცა ჩვენ მოვისმენთ ასეთ ჩანაწერებს, სადაც ხდება მხილება ბიძინა ივანიშვილის და მთავრობის წარმომადგენლების და მერე იწყება კამპანია, რომ ეს არის ოპოზიციის მიერ ორგანიზებული. ვფიქრობ, მოქალაქეები არ იმსახურებენ ჰყავდეთ პრემიერ-მინისტრი, რომელიც ასეთ ჩანაწერებში გამოიყურება, როგორც ბიძინა ივანიშვილის ხელის ბიჭი, პატარა ბიჭი, რომელსაც დავალება უკვე მიცემული აქვს და გაარკვევს ევტუშენკოვთან საქმეს, ანუ მისი დავალებით გამოგზავნილ ვინმე ალი უზდანოვთან საკითხებს.

აუცილებლად მივმართავ წერილობით საზღვრის დაცვას და მაინტერესებს ამ ადამიანმა როდის გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი, თარიღები, შემოსვლა-გასვლა, ოფიციალურად ვითხოვ ამას, როგორც პარლამენტის წევრი. ვთვლი, რომ თქვენს ინტერესებშია, პირველ რიგში, იმის გაქარწყლება, რომ დადასტურდეს ეს ჩანაწერები არ არის ნამდვილი, მაგრამ ნამდვილია, ვერავინ უარყოფთ იქ ბიძინა ივანიშვილის ხმას, მის დიალოგს, ამიტომ ხართ გადასული თავდასხმაზე, რომ ეს არის შეთითხნილი და მოგონილი. სინამდვილეში, როცა საუბრობთ იმაზე, რომ ოპოზიციას სურს ომი, ომის და შიშის განცდას თქვენი უპასუხობა აჩენს. როდესაც საქართველოს მოქალაქეები უსმენენ დამალული ბიძინა ივანიშვილი რომ ელაპარაკება მსოფლიოს ყველაზე დიდი მტრების წარმომადგენლებს, რუსების ოლიგარქებს, რომლებიც სანქცირებული არიან და ამაზე პასუხები არ გაქვთ, ეს აჩენს შიშს ამ ქვეყანაში და ის კი არა სიმართლეს, რომ ვითხოვთ აქ" - თქვა თამარ კორძაიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

მმართველი პარტიის წევრები გავრცელებულ ჩანაწერს მონტაჟს უწოდებს და ამბობს, რომ მისი გამვრცელებლების მიზანი ქვეყანაში არეულობაა. თავად ვლადიმერ ევტუშენკოვმა "ფორმულასთან" ინტერვიუში დაადასტურა, რომ მისი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი ალი უზდენოვი თბილისში ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა და "დასვენებასთან დაკავშირებით" ისაუბრეს.

25 აპრილს youtube-ზე, cyber kmara-ს არხზე გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომლის მიხედვითაც “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ესაუბრება რუს მილიარდერ ვლადიმერ ევტუშენკოვს. ჩანაწერების ავთენტურობა დადგენილი არ არის.

აუდიოჩანაწერის თანახმად, ევტუშენკოვსა და ივანიშვილს შორის უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად ორჯერ შედგა საუბარი, 10 და 13 მარტს. პირველ ჩანაწერში საუბრის თემა ხორბალს ეხება. აქ ევტუშენკოვი ამბობს, რომ აქვს იდეა, რომელსაც დავითი ჩამოიტანს. ამავე დროს, ევტუშენკოვი მის იმდროინდელ მოადგილესთან, ალი უზდანოვთან შეხვედრის შესახებ ლაპარაკობს (ევტუშენკოვმა „სისტემის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიცია 15 აპრილს დატოვა).

მეორე ჩანაწერში ევტუშენკოვი ივანიშვილს სთხოვს მის წარმომადგენელთან შეხვედრას. ივანიშვილი კი ამბობს, რომ ის უკვე ხვდება პრემიერ-მინისტრს, რომელიც „ახალგაზრდაა და ყველაფერს მიხედავს", თავად კი ქალაქგარეთ არის და ცოტა მოუხერხებელია მასთან შეხვედრა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ამისთვის მზად არის. საბოლოოდ, ჩანაწერის თანახმად, ივანიშვილი ევტუშენკოვს დათანხმდა მის წარმომადგენელთან შეხვედრაზე.

ვლადიმირ ევტუშენკოვი დიდმა ბრიტანეთმა სანქცირებულთა სიაში 13 აპრილს შეიყვანა.

XS
SM
MD
LG