Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შალვა პაპუაშვილი გავრცელებულ ჩანაწერზე: ჩანს, რომ მონტაჟია


პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილად მიიჩნევს გავრცელებულ აუდიო ჩანაწერს სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილისა და სანქცირებული რუსი ბიზნესმენის, ვლადიმერ ევტუშენკოვის მონაწილეობით. მისი შეფასებით, ჩანაწერი მონტაჟია, მისი გავრცელების მიზანი კი საქართველოში არეულობის მოწყობა და ქვეყნის ომში ჩართვაა.

"მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ, იმისთვის, რათა მოხდეს არეულობა ქვეყანაში, რათა საქართველო ჩათრეული იქნას ომში. ჩვენ გუშინ ვიზუალურადაც ვიხილეთ, როგორ მზადდება და როგორ ხდება მერე განხორციელება ამ დეზინფორმაციული კამპანიის. ე.წ. ჩანაწერების ჩვენებით, რომელიც შეუიარაღებელი თვალით და ყურით ჩანს, რომ არის მონტაჟი, მეორე ხდება ამაზე შემდეგ რეაქცია შიგნით და გარეთ, ვინ არიან ამ ყველაფერში ჩართული, როგორ ხდება ამ თემის აქტუალიზირება პარტიის, შემდეგ ნაციონალური მოძრაობის ტელევიზიების მიერ, როგორ ხდება შემდეგ ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის "სირცხვილიას" მიერ ამის ქვეყნის გარეთ გატანა და ა.შ.

ჩვენ რაც გუშინ ვიხილეთ, ეს არის მაგალითი იმისი, თუ როგორ ხდება ფალსიფიკაცია, როგორ ხდება შემდეგ ამ თემის აგორება და წარმოჩენა ისე, რომ თითქოს რაღაც სკანდალებთან გვაქვს საქმე და საერთო ჯამში, ჩვენ მივუახლოვდით კიდევ ერთხელ იმ მიზანს რომელზეც ვსაუბრობთ, ეს არის არეულობა ქვეყანაში, ეს არის უკვე გაცხადებული მიზანი მათ შორის, რომ ქვეყანაში არადემოკრატიული გზით მოხდეს ხელისუფლების შეცვლა და შემდეგ ქვეყნის ჩართვა ომში," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

25 აპრილს youtube-ზე, cyber kmara-ს არხზე გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომლის მიხედვითაც “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ესაუბრება რუს მილიარდერ ვლადიმერ ევტუშენკოვს. ჩანაწერების ავთენტურობა დადგენილი არ არის.

აუდიოჩანაწერის თანახმად, ევტუშენკოვსა და ივანიშვილს შორის უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად ორჯერ შედგა საუბარი, 10 და 13 მარტს. პირველ ჩანაწერში საუბრის თემა ხორბალს ეხება. აქ ევტუშენკოვი ამბობს, რომ აქვს იდეა, რომელსაც დავითი ჩამოიტანს. ამავე დროს, ევტუშენკოვი მის იმდროინდელ მოადგილესთან, ალი უზდანოვთან შეხვედრის შესახებ ლაპარაკობს (ევტუშენკოვმა „სისტემის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიცია 15 აპრილს დატოვა).

მეორე ჩანაწერში ევტუშენკოვი ივანიშვილს სთხოვს მის წარმომადგენელთან შეხვედრას. ივანიშვილი კი ამბობს, რომ ის უკვე ხვდება პრემიერ-მინისტრს, რომელიც „ახალგაზრდაა და ყველაფერს მიხედავს", თავად კი ქალაქგარეთ არის და ცოტა მოუხერხებელია მასთან შეხვედრა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ამისთვის მზად არის. საბოლოოდ, ჩანაწერის თანახმად, ივანიშვილი ევტუშენკოვს დათანხმდა მის წარმომადგენელთან შეხვედრაზე.

ვლადიმირ ევტუშენკოვი დიდმა ბრიტანეთმა სანქცირებულთა სიაში 13 აპრილს შეიყვანა.

XS
SM
MD
LG