Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევტუშენკოვი "ფორმულასთან" ინტერვიუში ადასტურებს, რომ ღარიბაშვილი უზდენოვს შეხვდა


რუსი სანქცირებული ოლიგარქი, ვლადიმერ ევტუშენკოვი ფორმულასთან სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ ალი უზდენოვი, რომელსაც, სავარაუდოდ, მისი და ივანიშვილის საუბრის გავრცელებულ ჩანაწერში ახსენებენ, საქართველოში ნამდვილად იყო და პრემიერმინისტრსაც შეხვდა. ევტუშენკოვის თქმით, უზდენოვის საქართველოში ვიზიტის მიზანი დასვენება იყო.

"მე ივანიშვილს ბოლოს დაბადების დღე მივულოცე ახლახანს. ჩანაწერი მილიონი გავრცელებულა, არ ვიცი, ბევრი მაგ ჩანაწერებიდან Fake-ია.

ალი უზდენოვი საქართველოში იყო, პრემიერსაც შეხვდა. მე არ მახსოვს, როდის - მგონი, მარტში. [მიზანი] არაფერი პოლიტიკური არ იყო, მგონი, დასვენებასთან დაკავშირებით ისაუბრეს. სჯობს, [ვიზიტის მიზანი] მას ჰკითხოთ, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იყო რიგითი ვიზიტი. რიგითი ვიზიტი იყო, ჩვენს ერთ თანამშრომელს მანდ მშობლები ჰყავს და მათთან გაფრინდა. [ბიძინა ივანიშვილთან] საქმიანი არა, მხოლოდ მეგობრული [ურთიერთობა მაკავშირებს] და არც არასოდეს მქონია, მაშინაც კი, როდესაც ივანიშვილს ჰქონდა ბიზნესი, არც მქონდა კომუნიკაცია, ყოველთვის ვმეგობრობდით" - ამბობს ის.

ჟურნალისტის დასმულ კითხვას, ესაუბრა თუ არა უზდენოვის "დასვენების საკითხზე" ივანიშვილს, ევტუშენკოვი კითხვით პასუხობს - "თქვენ პროკურორი ხართ?"

ალი უზდენოვი კომპანია Система-ს ვიცეპრეზიდენტია - კომპანიის მფლობელი ვლადიმირ ევტუშენკოვია.

მმართველი პარტიის წევრები გავრცელებულ ჩანაწერს მონტაჟს უწოდებს და ამბობს, რომ მისი გამვრცელებლების მიზანი ქვეყანაში არეულობაა. თავად ვლადიმერ ევტუშენკოვმა "ფორმულასთან" ინტერვიუში დაადასტურა, რომ მისი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი ალი უზდენოვი თბილისში ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა და "დასვენებასთან დაკავშირებით" ისაუბრეს.

25 აპრილს youtube-ზე, cyber kmara-ს არხზე გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომლის მიხედვითაც “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ესაუბრება რუს მილიარდერ ვლადიმერ ევტუშენკოვს. ჩანაწერების ავთენტურობა დადგენილი არ არის.

აუდიოჩანაწერის თანახმად, ევტუშენკოვსა და ივანიშვილს შორის უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად ორჯერ შედგა საუბარი, 10 და 13 მარტს. პირველ ჩანაწერში საუბრის თემა ხორბალს ეხება. აქ ევტუშენკოვი ამბობს, რომ აქვს იდეა, რომელსაც დავითი ჩამოიტანს. ამავე დროს, ევტუშენკოვი მის იმდროინდელ მოადგილესთან, ალი უზდანოვთან შეხვედრის შესახებ ლაპარაკობს (ევტუშენკოვმა „სისტემის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიცია 15 აპრილს დატოვა).

მეორე ჩანაწერში ევტუშენკოვი ივანიშვილს სთხოვს მის წარმომადგენელთან შეხვედრას. ივანიშვილი კი ამბობს, რომ ის უკვე ხვდება პრემიერ-მინისტრს, რომელიც „ახალგაზრდაა და ყველაფერს მიხედავს", თავად კი ქალაქგარეთ არის და ცოტა მოუხერხებელია მასთან შეხვედრა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ამისთვის მზად არის. საბოლოოდ, ჩანაწერის თანახმად, ივანიშვილი ევტუშენკოვს დათანხმდა მის წარმომადგენელთან შეხვედრაზე.

ვლადიმირ ევტუშენკოვი დიდმა ბრიტანეთმა სანქცირებულთა სიაში 13 აპრილს შეიყვანა.

XS
SM
MD
LG