Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს და ოპოზიციას შეხვდა


პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ელჩებთან შეხვედრაზე. 12 სექტემბერი, 2023 წელი
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ელჩებთან შეხვედრაზე. 12 სექტემბერი, 2023 წელი

მეორე დღეა, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ხვდება ოპოზიციის წარმომადგენლებს.

პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ პარტია „მოქალაქეების" ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ ზურაბიშვილი თავის იმპიჩმენტს არ გამორიცხავს.

„რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ პრეზიდენტის მოსალოდნელ იმპიჩმენტთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ, რომ თავად პრეზიდენტი ამას არ გამორიცხავს და აბსოლუტურად რეალურად მიიჩნევს, რომ ეს მოხდეს. შემდეგ რა უნდა გააკეთოს, ამაზეც ნაფიქრი აქვს აშკარად და სასიამოვნო მოსასმენი იყო. საკმაოდ მწყობრი ხედვა აქვს, რა უნდა გააკეთოს იმპიჩმენტის შემთხვევაში", - თქვა პოლიტიკოსმა.

ელისაშვილმა არ დააზუსტა, რა იგულისხმება ზურაბიშვილის ხედვაში და აღნიშნა: „სულ რომ მაწამონ და სული ამომხადონ, მაინც არ დავუჭერთ იმპიჩმენტს მხარს, მაგრამ გამოცდილებიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, ფრიდონ ინჯია მხარს დაუჭერს და თუ ვინმე დაუჭერს, ეს იქნება „ნაციონალური მოძრაობა“.

ფრაქციის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრმა ანა წითლიძემ ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პრეზიდენტი იმპიჩმენტის საკითხზე ნაკლებად ღელავს. წითლიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს.

„პირველ რიგში, პრეზიდენტთან საუბარი იყო კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ეს არის პირველი და უმთავრესი საკითხი, რომელიც იმპიჩმენტზე მეტად აღელვებს (რაც საუბარში გამოიკვეთა) საქართველოს პრეზიდენტს. იმპიჩმენტზე ნაკლებად ღელავს, - აღნიშნა დეპუტატმა და მედიას ამ საკითხზე თავისი პარტიის პოზიცია გააცნო, - მე შემიძლია, ვთქვა ერთი რაღაც - ჩვენი პოზიცია იმპიჩმენტთან დაკავშირებით არის ეს: ჩვენ მხარს არ ვუჭერთ. უფრო მეტიც, რომ დავაზღვიოთ იმპიჩმენტის საკითხი, ჩვენ შეგვიძლია ვქნათ ძალიან მარტივი რაღაც - როდესაც იმპიჩმენტის საკითხი დადგება კენჭისყრის დღის წესრიგში, ოპოზიციის არცერთი წევრი არ უნდა შევიდეს სასესიო დარბაზში და ამით გამოირიცხოს ყველანაირი სპეკულაცია".

საქართველოს პრეზიდენტი 12 სექტემბერს ასევე შეხვდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს.

საკონსტიტუციო სასამართლოში 12 სექტემბერს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე წარდგინება შეიტანა. საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგინებას საპარლამენტო უმრავლესობის 80-მა დეპუტატმა მოაწერა ხელი.

80 დეპუტატს შორის ერთ-ერთი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილია. მისი თქმით, პრეზიდენტს ედავებიან ქვეყნის კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევას, რომლის მიხედვითაც: „[პრეზიდენტი] მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან..."

„ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა რამდენიმე დღის წინ დაიწყო. როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში.

გასულ კვირაში საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრები გამართა გერმანიის, ბელგიისა და საფრანგეთის დედაქალაქებში.

საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანი წარდგინებისთვის საჭიროა მინიმუმ 50 დეპუტატის თანხმობა.

მიმართვის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ ერთი თვის ვადაში უნდა წარუდგინოს პარლამენტს დასკვნა, ამის შემდეგ კი პარლამენტმა პოლიტიკური ვერდიქტი უნდა გამოიტანოს და გადაწყვიტოს, დააყენებს თუ არა კენჭისყრაზე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს.

პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის პარლამენტში 100 დეპუტატის თანხმობაა საჭირო. დღევანდელი მოცემულობით, საქართველოს 150-წევრიან პარლამენტს 140 მოქმედი დეპუტატი ჰყავს. მათგან საპარლამენტო უმრავლესობაში შედის 80-ზე მეტი დეპუტატი, საპარლამენტო ოპოზიციაში კი - 56.

XS
SM
MD
LG