Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის დეპუტატებს შეხვდა


სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატები. შეხვედრის შემდეგ „ლელოს" წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი შეშფოთებულია ხელისუფლების მიერ ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟით.

„პრეზიდენტი არის ძალიან შეშფოთებული, რომ ჩვენ დღეს, ერთი მხრივ, გვაქვს ისტორიული შესაძლებლობა და ვხედავთ, რომ ევროკავშირი ამბობს, რომ მათი კარი არის ღია, რომ კანდიდატის სტატუსი ამ ქვეყანამ მიიღოს და მეორე მხრივ, ვხედავთ ღია, აშკარა საბოტაჟს, რომელსაც ეწევა დღევანდელი ხელისუფლება. პრეზიდენტის მსჯელობის თემა დღეს, ვფიქრობ, სხვადასხვა ხალხთან არის, რა შეიძლება გააკეთოს საზოგადოებამ, ხალხმა იმისთვის, რომ ეს ისტორიული შანსი არ დავკარგოთ და ქვეყანამ მიიღოს, მიუხედავად "ქართული ოცნების" საბოტაჟისა, კანდიდატის სტატუსი", - განაცხადა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ სალომე სამადაშვილმა.

პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების" წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, მან პრეზიდენტს უთხრა, რომ არ აპირებს იმპიჩმენტის მხარდაჭერას.

„მე ვუთხარი მას, რომ იმპიჩმენტს არ ვუჭერ მხარს და ეს არის ჩემი ძალიან მყარი პოზიცია. მგონია, რომ იმპიჩმენტი არის ანტიდასავლური პოლიტიკის და პროპაგანდის ნაწილი, რომელსაც „ქართული ოცნება“ აწარმოებს. ეს ერთი და მეორე, პრეზიდენტი აგრძელებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების კონტექსტში აქტიურ საერთაშორისო კამპანიას და მუშაობას. ძირითადად, ეს იყო, უბრალოდ, ეს იყო ინფორმაციის გაცვლა, არაფერ კონკრეტულზე საუბარი არ ყოფილა“, - თქვა დეკანოიძემ.

პარტია „საქართველოსთვის" წევრმა ანა ბუჩუკურმა აღნიშნა, რომ საუბარი შეეხო ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობას.

„ვსაუბრობდით, ამ ყველაფრის ფონზე, რასაც ხელისუფლება აკეთებს, როგორ შეიძლება, დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ ქვეყანას, ევროინტეგრაციის პროცესს. იცით, რომ კანდიდატის სტატუსი ქვეყნისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. იმედს ვიტოვებთ, რომ გეოპოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე, საბოლოო ჯამში, დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული და ევროკავშირის კარი საქართველოსთვის არ დაიხურება”, - განაცხადა ბუჩუკურმა.

11 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა, რაც აუცილებელი წინაპირობა იყო დოკუმენტის სასამართლოში გასაგზავნად. საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგინებას საპარლამენტო უმრავლესობის 80-მა დეპუტატმა მოაწერა ხელი.

„ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში.

საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანი წარდგინებისთვის საჭიროა მინიმუმ 50 დეპუტატის თანხმობა.

მიმართვის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ ერთი თვის ვადაში უნდა წარუდგინოს პარლამენტს დასკვნა, ამის შემდეგ კი პარლამენტმა პოლიტიკური ვერდიქტი უნდა გამოიტანოს და გადაწყვიტოს, დააყენებს თუ არა კენჭისყრაზე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს.

ამ პროცესის პარალელურად, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის დედაქალაქებში შეხვედრებს განაგრძობს.

პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის პარლამენტში 100 დეპუტატის თანხმობაა საჭირო. დღევანდელი მოცემულობით, საქართველოს 150-წევრიან პარლამენტს 140 მოქმედი დეპუტატი ჰყავს. მათგან საპარლამენტო უმრავლესობაში შედის 80-ზე მეტი დეპუტატი, საპარლამენტო ოპოზიციაში კი - 56.

XS
SM
MD
LG