Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაც არ უნდა ეცადოთ, ხან იმპიჩმენტით დამემუქროთ, მიჩივლოთ... ვერ შემცვალეთ და ვერც შემცვლით - ზურაბიშვილი "ოცნებას"


სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში, რიგგარეშე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას მმართველ პარტიას მიმართა, რომ მის მიმართ იმპიჩმენტის მუქარის, სასამართლოში ჩივილის, თუ სხვა ბრალდებების მიუხედავად, "ვერ შემცვალეთ და ვერც შემცვლით".

სხდომას, სადაც პრეზიდენტი წლიურ ანგარიშს წარადგენს, დეპუტატებთან ერთად, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებიან.

"შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის თანახმად:

  1. საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი.
  2. საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი.
  3. საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში.

და რაც არ უნდა ეცადოთ, რომ ხან იმპიჩმენტით დამემუქროთ, ხან საკონსტიტუციო სასამართლოში მიჩივლოთ, ხან რომელ ძალას მიმაწებოთ, ხან ეცადოთ და ამიკრძალოთ საერთშორისო ვიზიტები, ხან ეცადოთ და შემიზღუდოთ რეგიონებში ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთობა, ხან ქართული დამიწუნოთ, ხან ცილი დამწამოთ მე და ჩემს ოჯახს, და მოკლედ, რა აღარ დამაბრალოთ მაინც ვერ შეცვლით ჩემს მიზანს და მეც ვერ შემცვალეთ და ვერც შემცვლით", - თქვა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილების გამიჯვნაზე საუბარი ელჩების დანიშვნა/გათავისუფლების საკითხს მოჰყვა. მანამდე, გასული წლის 14 მარტს, ყოველწლიურ მოხსენებაში სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მას მთავრობამ უარი უთხრა პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში ოფიციალური ვიზიტების განხორციელებაზე, რისთვისაც პირადი კონტაქტების გამოყენება მოუხდა. იმავე 15 მარტის განცხადებაში, "ქართული ოცნება" აღნიშნავდა, რომ პრეზიდენტმა რამდენიმე ვიზიტი კონსტიტუციის დათქმის დარღვევით შეასრულა.

გარდა ამისა, 2022 წლის წლის ივლისში ​საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „პირველ არხთან“ ინტერვიუში განმარტა, რომ უკმაყოფილოა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ყოფილი ელჩის, დავით ბაქრაძის, მუშაობით, რის გამოც ხელი არ მოაწერა გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე მის დანიშვნას.

2022 წლის 7 ივნისს გახდა ცნობილი, რომ მთავრობამ პრეზიდენტთან ელჩების დანიშვნაზე უფლებების გასამიჯნად საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. 24 ივნისს სასამართლომ წარმოებაში მიიღო სარჩელი "საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ".

2022 წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ყოფილი ელჩი დავით ბაქრაძე გაეროში ელჩად სალომე ზურაბიშვილის 30 აგვისტოს განკარგულებით დაინიშნა. ამის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო დავა შეწყვიტა.

XS
SM
MD
LG