Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

12 რეკომენდაცია, ჩინეთსა და რუსეთთან საქართველოს ურთიერთობები - ბორელთან ინტერვიუ ვიზიტის წინ


ჟოზეპ ბორელი, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი
ჟოზეპ ბორელი, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი საქართველოში პირველ ვიზიტამდე გამოცემა civil.ge-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოში ჩამოდის, რათა კიდევ ერთხელ დაადასტუროს ევროკავშირის ვალდებულება მხარი დაუჭიროს საქართველოს პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. მისი ინტერვიუს კრიტიკული ნაწილი შეეხება საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის თემას, ასევე ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ განცხადებას.

„ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მტკიცედ უჭერს მხარს ევროინტეგრაციას. საქართველოს მოქალაქეები მტკიცედ ერთგულებენ ევროკავშირის ღირებულებებს, ეს მუდმივად ასე იყო წლების განმავლობაში“, - ამბობს ბორელი.

შეკითხვის პასუხად, როგორი იქნება ევროკომისიის შეფასება მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ 12-ვე რეკომენდაცია თითქმის შესრულებულია, - ბორელი ამბობს, რომ შემოდგომაზე ევროკომისია გამოაქვეყნებს ყოვლისმომცველ ანგარიშს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში მყოფი 10-ვე ქვეყნის შესახებ, მათ შორისაა საქართველოც. ეს არის კომისიის მიერ შესრულებული ობიექტური შეფასება, რომელიც ნათელ სურათს აჩვენებს საქართველოსთან დაკავშირებით რეფორმების მიმართ და რეკომენდაციებს გასცემს მომავალი წლისთვის.

ანგარიში ინფორმირებული გადაწყვეტილების საფუძველს წარმოადგენს, რომელსაც ევროკავშირის 27 ლიდერი დეკემბერში მიიღებს. ასეთი გადაწყვეტილება მიიღება ერთხმად. საქართველოს მომავლისთვის ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებამდე ცოტა დრო რჩება, ამიტომ ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა. შედეგი მთლიანად საქართველოს დამსახურებაზეა დამოკიდებული“, - ამბობს ბორელი.

ამასთან, ის იმეორებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სიტყვებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება აღარაა ოცნება, მაგრამ 12 პრიორიტეტის მიწოდება მხოლოდ პროცესის დასაწყისია.

გაფართოება ყოველთვის იქნება დამსახურებაზე დამყარებული პროცესი. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა გახდება წევრი მაშინ, როცა ის დააკმაყოფილებს აუცილებელ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიტერიუმებს“.

ბორელი პასუხობს 2024 წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების თემაზე დასმულ შეკითხვასაც და ამბობს, რომ იმედი აქვს იხილავს იმგვარ დემოკრატიულ არჩევნებს, როგორიც ევროკავშირში ტარდება ხოლმე.

რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის ევროპულ ტურნეს, რომლის მთავრობის თანხმობის გარეშე დაწყების არგუმენტით, მმართველი გუნდი იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს, - ბორელი პასუხობს, რომ აფასებს საქართველოს პრეზიდენტის ერთგულებას ევროპული ღირებულებებისადმი და მის ევროპულ ხედვას საქართველოს მიმართ.

„ერთიანობა ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. საქართველოს მიერ გაწეული სამუშაო შეიძლება იყოს მდგრადი მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ რეფორმების დღის წესრიგის უკან ყველა პოლიტიკური ძალა დგას“, - აცხადებს ბორელი.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საუბრობს საქართველოსა და ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის თანხვედრის მნიშვნელობაზეც, რაც იკლებს. საქართველოს თანხვედრის მაჩვენებელი გასულ წელს 44%-ზე ნაკლები იყო, მიმდინარე 43%-ია, ამბობს ბორელი.

„ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირისთვის, რადგან ჩვენი საგარეო პოლიტიკა იმართება კონსენსუსით. დაბალი თანხვედრის მაჩვენებლით, 43%-ით, საქართველო აჩვენებს, რომ მას პოტენციურად შეუძლია ძირი გამოუთხაროს ასეთ კონსენსუსს. ეს არ არის ის, რასაც წევრი სახელწიფოები მსუბუქად ეკიდებიან“.

ბორელი საუბრობს რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენაზეც და აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება ევროკავშირის პოლიტიკას და საერთაშორისო მცდელობებს, მოაქციოს რუსეთი იზოლაციაში უკრაინაში მისი შეჭრისა და სისასტიკისთვის.

ჩვენ ძალიან ვწუხვართ მთავრობის გადაწყვეტილების გამო, დაუშვას რუსეთთან ფრენების განახლება და სანქცირებული პირების საქართველოს ტერიტორიაზე შესვლა“, - ამბობს ბორელი.

19 მაისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სასტუმრო „ყვარლის ტბაში“, ქმართან ერთად იმყოფება რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახი კახეთში ქორწილისთვის ემზადებოდა. ქორწილი ლავროვის სიძის, ალექსანდრ ვინოკუროვის ძმას უნდა ჰქონოდა.

რაც შეეხება ცოტა ხნის წინ საქართველოსა და ჩინეთის ლიდერების განცხადებას ორ ქვეყანას შორის სტატეგიული პარტნიორობის შესახებ, ბორელის თქმით, ევროკავშირში ითვალისწინებენ საქართველოს ახლად ჩამოყალიბებულ სტრატეგიულ პარტნიორობას ჩინეთთან.

საგარეო პარტნიორებთან ღრმა ურთიერთობების დამყარება ქვეყნის პრეროგატივაა. ჩვენ ველით, რომ, როგორც ევროკავშირის წევრობის მსურველი ქვეყანა, საქართველო უზრუნველყოფს თავისი სტრატეგიული თანამშრომლობის ყველა ასპექტის შესაბამისობას ევროკავშირის წესებსა და პოლიტიკასთან და თავის ვალდებულებებთან ევროკავშირის გზაზე. მოსალოდნელია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ქვეყნები ეტაპობრივად შეათანხმებენ თავიანთ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას ევროკავშირთან“, - ამბობს ბორელი.

ბორელის თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას რეგიონის ყველა ქვეყანასთან, მათ შორის - საქართველოსთან.

7-8 სექტემბერს საქართველოში დაგეგმილია საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეპ ბორელის ვიზიტი.

საქართველოში თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბორელი განიხილავს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესს, ასევე, იმსჯელებს უფრო ფართო საგარეო პოლიტიკისა და რეგიონულ საკითხებზე.

ვიზიტის ფარგლებში ჟოზეპ ბორელს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გაიმართება ერთობლივი პრესკონფერენცია.

ბორელს შეხვედრა ექნება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან.

როგორც გამოქვეყნებულ ცნობაში ვკითხულობთ, ჟოზეპ ბორელი გამოიყენებს შესაძლებლობას, შეხვდეს პარლამენტში მყოფ ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს და გამართოს დისკუსიები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

ბორელი ვიზიტის დროს აღნიშნავს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში ყოფნის 15 წელს, „რაც ასახავს ევროკავშირის ერთგულებას საქართველოს უსაფრთხოებისა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ". გარდა ამისა, ის მონაწილეობას მიიღებს მისიის საქმიანობაში, ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ, რომელიც ორგანიზებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ.

2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ევროკომისიის დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს.

გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.

XS
SM
MD
LG