Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეზნიკოვის გადაყენება: სიგნალი დასავლეთისთვის


უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი. კიევი, 28 დეკემბერი, 2022.
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი. კიევი, 28 დეკემბერი, 2022.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა პარლამენტისადმი მიმართვაში განაცხადა, რომ ტოვებს თანამდებობას. 4 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში მან დაწერა, რომ ამას აკეთებს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილების შესაბამისად.

ზელენსკიმ 3 სექტემბერს, ღამით დაადასტურა მანამდე მედიით გავრცელებული ცნობები, რომ მისი გადაწყვეტილებით, რეზნიკოვი დატოვებს თავდაცვის მინისტრის თანამდებობას. უკრაინის პრეზიდენტმა მიზეზად ის დაასახელა, რომ ოლექსი რეზნიკოვმა რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის 550 დღეზე მეტი გამოიარა და ახლა თავდაცვის სამინისტროს სჭირდება ახალი მიდგომები და ურთიერთქმედების სხვა ფორმატები როგორც სამხედროებთან, ისე, მთლიანად საზოგადოებასთან.

ეს გადაწყვეტილება მიღებულია მექრთამეობის შესახებ ფართო გამოძიების ფონზე და მიზნად ისახავს, მიანიშნოს დასავლელ პარტნიორებს, რომლებიც უზარმაზარი მოცულობის სამხედრო დახმარებას უწევენ უკრაინას, რომ კიევი კორუფციის წინააღმდეგ შეუწყნარებლობის პოლიტიკის გატარებას აპირებს.

პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილებით, რეზნიკოვის შემცვლელად პარლამენტს წარუდგენს რუსტემ უმეროვს, რომელიც ამჟამად სახელმწიფო ქონების მართვის ფონდს ხელმძღვანელობს.

„ჩემთვის პატივი იყო უკრაინელი ხალხის მსახურება და უკრაინის არმიისთვის მუშაობა უკანასკნელი 22 თვის განმავლობაში, უკრაინის ისტორიის უმძიმეს პერიოდში,“ დაწერა რეზნიკოვმა ორშაბათს სოცქსელ X-ში. უკრაინის პარლამენტი უკვე მიმდინარე კვირაში აპირებს, დაამტკიცოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის ცვლილება.

ოლექსი რეზნიკოვი იყო კიევის საქალაქო საბჭოს წევრი და სხვადასხვა ხელმძღვანელი თანამდებობა ეკავა დედაქალაქის ადმინისტრაციაში. 2019 წელს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას დაავალა, უკრაინის ხელისუფლება წარმოედგინა დონბასში ვითარების დარეგულირებასთან დაკავშირებით მოქმედ სამმხრივ საკონტაქტო ჯგუფში. უკრაინის თავდაცვის მინისტრად რეზნიკოვი 2021 წლის ნოემბერში დაინიშნა.

მისი მოსალოდნელი გადადგომის შესახებ ხმები ჯერ კიდევ 2023 წლის დამდეგს დაირხა. მაშინ საქმე ეხებოდა სკანდალს, რომელიც დაკავშირებული იყო უკრაინის არმიისთვის სასურსათო პროდუქტების ზედმეტად მაღალ ფასებში შესყიდვასთან. ჟურნალისტურმა გამოძიებამ ცხადყო, რომ პროდუქტებს ორ-სამჯერ უფრო ძვირად ყიდულობდნენ, ვიდრე ისინი კიევის საცალო ვაჭრობის ქსელებში ღირდა.

თებერვალში გავრცელდა ხმები, რომ რეზნიკოვს შეცვლიდა სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი, გენერალ-მაიორი კირილო ბუდანოვი. ამის შესახებ მაშინ უმაღლეს რადაში მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, დავით არახამიამ განაცხადა. მაგრამ უკრაინის კონსტიტუციით ასეთი რამ შეუძლებელია - თავდაცვის მინისტრის პოსტი სამოქალაქო პირს უნდა ეკავოს. როგორც Liga.net-ი წერდა, გამინისტრების შემთხვევაში ბუდანოვს „სამხრეების მოხსნა“ მოუწევდა.

მერე იყო სამხედრო ქურთუკების შესყიდვასთან დაკავშირებული მცირე სკანდალი, მაგრამ რეზნიკოვი მის შემდეგაც დარჩა თანამდებობაზე. აქვე უნდა ითქვას, რომ პირადად ოლექსი რეზნიკოვი არასოდეს დაუდანაშაულებიათ კორუფციაში. მის მიმართ პრეტენზიები აქვთ იმის გამო, რომ მან არასაკმარისი ზომები გაატარა სისტემაში გამეფებული კორუფციის აღმოსაფხვრელად.

თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებული სკანდალების შემდეგ მის მაღალ ეშელონებში მოსალოდნელი ცვლილებები არ მომხდარა. მაგრამ, როგორც მიმომხილველები შენიშნავენ, ამ სკანდალმა მაინც იქონია გარკვეული გავლენა სამინისტროს იმიჯზე. როგორც The New York Times-ი წერს, სამინისტროს მიმართ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის კრიტიკა გახდა ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც იქონია გავლენა რეზნიკოვის გადაყენებაზე. გამოცემის თანახმად, კიევში ასევე ესმით, რომ გაჭიანურებული კონფლიქტის პირობებში ქვეყანას ახალი სამხედრო ხელმძღვანელობა სჭირდება. ამავე დროს არცთუ უმნიშვნელო ფაქტორი იყო თავად რეზნიკოვის მრავალჯერადი თხოვნა, გაეთავისუფლებინათ თანამდებობიდან.

როგორც The Washington Post-ი შენიშნავს, კიევზე ზეწოლის გაძლიერების საბაბი შეიძლება იყოს დასავლეთის ქვეყნების მოლოდინი, რომელიც დაკავშირებულია უკრაინის არმიის კონტრიერიშთან.

მართალია, უკანასკნელი დღეების განმავლობაში ეს ზეწოლა შედარებით შესუსტდა ზაპოროჟიეს ოლქში უკრაინის არმიის წარმატებული იერიშების ფონზე. როგორც თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა 1 სექტემბერს, „უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩვენ აღვნიშნეთ უკრაინის შეიარაღებული ძალების შესამჩნევი პროგრესი იერიშის სამხრეთის მიმართულებაზე...“

როგორც ვერხოვნა რადის დეპუტატმა იაროსლავ ჟელეზნიაკმა განაცხადა, მისი ინფორმაციით, რეზნიკოვს უპირებენ დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩად დანიშვნას. თავად რეზნიკოვმა უკრაინულ მედიას უთხრა, რომ ასეთი რამ არ სმენია. ელჩის პოსტი თავისუფალია მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ ივლისში მოხსნა ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ვადიმ პრისტაიკო, რომელიც 2020 წლიდან იყო უკრაინის ელჩი ლონდონში.

რეზნიკოვის ხელმძღვანელობით თავდაცვის სამინისტრო ერთ-ერთი საკვანძო მნიშვნელობის უწყება იყო დასავლეთში ლობირებისთვის, რათა „გადაელახათ ტაბუ მძლავრი შეიარაღების მიწოდებაში“, წერს გაზეთი The Guardian-ი. ლაპარაკია ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემა HIMARS-სა თუ გერმანულ ტანკებზე. „ითვალება, რომ რეზნიკოვმა მყარი ურთიერთობები გააბა მოკავშირეთა თავდაცვის მინისტრებთან და სამხედრო მოხელეებთან,“ აღნიშნავს ბრიტანული გამოცემა. რეზნიკოვი რეგულარულად მონაწილეობდა „რამშტაინის ფორმატის“ შეხვედრებში, რომელიც 50-მა ქვეყანამ შექმნა რუსეთთან კონფლიქტში უკრაინის კოლექტიური მხარდაჭერისთვის. ამ ფორმატში მორიგი მოლაპარაკებები სექტემბრის შუა რიცხვებისთვის არის დაგეგმილი, მაგრამ უკრაინას მასზე უკვე ახალი მინისტრი - რუსტემ უმეროვი წარმოადგენს. ასევე დაგეგმილი იყო რეზნიკოვის ვიზიტი აშშ-ში და შეხვედრები თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინთან, რომელთანაც რეზნიკოვს მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებს. აგრეთვე დაგეგმილი იყო აშშ-ის უმსხვილესი თავდაცვითი კომპანიების ხელმძღვანელებთან მისი მოლაპარაკებები ახალი შეიარაღების შესყიდვებსა და მიწოდებაზე.

გადადგომის შესახებ წერილში აწ უკვე ყოფილი თავდაცვის მინისტრი ლაპარაკობს მის მიერ მიღწეულ წარმატებებზე შეიარაღების სფეროში. მისი თქმით, როცა ამ თანამდებობაზე დაინიშნა, მაშინ პარტნიორები პორტატიული საჰაერო თავდაცვის სისტემების, „სტინგერების“ მიცემაზეც კი უარს ამბობდნენ. მაგრამ მას შემდეგ შეიქმნა საავიაციო კოალიცია, უკრაინამ მიიღო „თანამედროვე ტანკები, ანტისარაკეტო თავდაცვითი დანადგარები, თვითმფრინავების საწინააღმდეგო რაკეტები, დაჯავშნილი ტექნიკა, არტილერია, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, დასავლური ტიპის შეიარაღების სხვა ტიპები.“

რეზნიკოვმა განცხადებაში ასევე აღნიშნა, რომ წარმატებით გაატარა რეფორმები თავდაცვის სამინისტროში შესყიდვების სფეროში. The Washington Post-თან ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ როცა ეს თანამდებობა დაიკავა, მაშინ თავდაცვის სამინისტროს ერთადერთი მიმწოდებელი ჰყავდა, ახლა კი ხუთი ჰყავს. „საკვანძო ამოცანები, რომლებიც გვქონდა დასახული, როცა დავინიშნე, შესრულებულია,“ დაასკვნა მან.

თუმცა ყველა არ იზიარებს რეზნიკოვის მოსაზრებას. როგორც უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაცია „ანტიკორუფციული სამოქმედო ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი დარია კალენიუკი წერს, რეზნიკოვი „აჭიანურებდა გადაწყვეტილებების მიღებას“ სამინისტროში რეფორმებთან დაკავშირებით და „სამწუხაროდ არ გადადგა“ კორუფციაში უკანასკნელი ბრალდებებისას. „კარგია, რომ რეზნიკოვი გადადგა. ეს იმის ნიშანია, რომ მიუხედავად ფართომასშტაბიანი ინტერვენციისა, უკრაინაში საზოგადოების მხრიდან ზეწოლას შედეგი მოაქვს,“ განაცხადა კალენიუკმა.

უკრაინის სახელმწიფო ქონების მართვის ფონდის ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი
უკრაინის სახელმწიფო ქონების მართვის ფონდის ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი

რაც შეეხება რუსტემ უმეროვს, რომელიც შეცვლის რეზნიკოვს უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე, უკრაინელი ექსპერტების უმრავლესობა ყურადღებას აქცევს იმას, რომ უკრაინის სახელმწიფო ქონების მართვის ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ის კარგი რეპუტაციით სარგებლობს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე უცხოელ პარტნიორებს შორის. „მან თავი კარგად წარმოაჩინა სქმფ-ის ხელმძღვანელად, პოსტზე სკანდალებისა და კონფლიქტების გარეშე მუშაობდა. სხვადასხვა წყაროს თანახმად, სწორედ ის მონაწილეობდა მთელ რიგ საერთაშორისო მოლაპარაკებებში, კერძოდ არადასავლეთის ქვეყნებში საბრძოლო მასალის მოსაძიებლად,“ ამბობს გამოყენებითი პოლიტიკური კვლევების ცენტრ „პენტას“ ხელმძღვანელი ვოლოდიმირ ფესენკო. მისი თქმით, როგორც ამბობენ, ის უკრაინის ხელმძღვანელობაში ერთ-ერთია სამი პირიდან, რომლებსაც პირდაპირ შეუძლიათ ურთიერთობა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანთან. დანარჩენი ორია პრეზიდენტი და მისი ოფისის ხელმძღვანელი. როგორც ჩანს, უმეროვი არაოფიციალურად პასუხისმგებელია მუსლიმანური სამყაროს წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებისთვის,“ დასძენს ფესენკო.

უმეროვი ყირიმელი თათარია. უკრაინის პოლიტიკაში ის, ისევე როგორც ოლექსი რეზნიკოვი, პრეზიდენტ ზელენსკის ოფისის უფროსის, ანდრი ერმაკის კაცად ითვლება.

„ყირიმელი, ადგილობრივი ყირიმელი თათრების წარმომადგენელი, უკრაინის თავდაცვის მინისტრად თავისთავად არის დასტური სახელმწიფო პოლიტიკისა ყირიმის მიმართ,“ შენიშნავს დარია კალენიუკი.

XS
SM
MD
LG