Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანული დაზვერვა: რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვას უკრაინულ დრონებთან გამკლავება უჭირს


ფსკოვის სამხედრო აეროდრომის თანამგზავრული ფოტო, რომელიც 2023 წლის 16 აგვისტოსაა გადაღებული
ფსკოვის სამხედრო აეროდრომის თანამგზავრული ფოტო, რომელიც 2023 წლის 16 აგვისტოსაა გადაღებული

ბრიტანული დაზვერვის თანახმად, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველად 30 აგვისტოს უკრაინული დრონების ყველაზე მასშტაბიური თავდასხმის ობიექტი აღმოჩნდა. სულ მცირე ხუთი დრონი დაესხა თავს სხვადასხვა სამიზნეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით - მოსკოვში, ბრაიანსკში, რიაზანში, ფართომასშტაბიანი დარტყმა განხორციელდა ფსკოვის აეროპორტში რუსეთ-ესტონეთის საზღვართან.

ბრიტანული დაზვერვა ვარაუდობს, რომ რუსმა სამხედროებმა უკვე დაიწყეს უკრაინის საზღვრების სიახლოვეს საჰაერო თავდაცვის სტრატეგიის გადახედვა. ასევე მოსკოვსა და ქვეყნის სხვა დასავლეთ და სამხრეთ რეგიონებში დრონების თავდასხმის უფრო ეფექტურად მოსაგერიებლად.

უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმებმა რუსეთი აიძულა საბრძოლო თვითმფრინავები უკრაინის საზღვრებიდან შედარებით მოშორებულ ბაზებზე განათავსოს.

ამასთან, ფსკოვის აეროპორტსა და ქალაქ სოლცის აეროდრომზე დრონების ბოლოდროინდელი თავდასხმები აჩვენებს, რომ საბრძოლო თვითმფრინავების სხვადასხვა ადგილებზე გადანაწილების ტაქტიკა აღარ მუშაობს. დრონები შორ მანძილზე განთავსებულ სამიზნეებამდეც აღწევს. ბრიტანული დაზვერვის თანახმად, დიდი ალბათობით, რუსეთი იმ აეროდრომებს, სადაც თავდასხმაა შესაძლებელი საჰაერო თავდაცვის სისტემებით უზრუნველყოფს.

30 აგვისტოს უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა იყო რუსეთის ცენტრალურ და ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებსა და ანექსირებულ სევასტოპოლზე. დრონებით შეტევა განხორციელდა რუსეთის ბრიანსკის, ორიოლის, რიაზანის, კალუგის და მოსკოვის ოლქებზე და ქალაქ ფსკოვის სამხედრო აეროდრომზე, სადაც დისლოცირებულია რუსეთის 334-ე საავიაციო პოლკი.

ფსკოვის სამხედრო აეროდრომზე დრონებით თავდასხმა უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ იყო ორგანიზებული, მათ შორის სამხედრო დაზვერვის მიერ. ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკა პრავდამ“ დაწერა.

XS
SM
MD
LG