Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის 5 რეგიონსა და ქალაქ ფსკოვის სამხედრო აეროდრომზე დრონებით შეტევა იყო


დრონებით შეტევის შედეგად გაჩენილი ხანძარი ფსკოვის აეროდრომზე. 2023 წლის 30 აგვისტო
დრონებით შეტევის შედეგად გაჩენილი ხანძარი ფსკოვის აეროდრომზე. 2023 წლის 30 აგვისტო

უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა იყო რუსეთის ცენტრალურ და ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებსა და ანექსირებულ სევასტოპოლზე. გასული ღამის განმავლობაში დრონებით შეტევა განხორციელდა რუსეთის ბრიანსკის, ორიოლის, რიაზანის, კალუგის და მოსკოვის ოლქებზე და ქალაქ ფსკოვის სამხედრო აეროდრომზე, სადაც დისლოცირებულია რუსეთის 334-ე საავიაციო პოლკი.

ფსკოვის ოლქის გუბერნატორი მიხაილ ვედერნიკოვი ირწმუნება, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებმა აეროდრომზე შეტევა მოიგერიეს და წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის. ამასთან, სააგენტო „ტასი“ საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ დაზიანებულია ილ-76 ტიპის 4 თვითმფრინავი. აფეთქებით გამოწვეულმა ხანძარმა მოიცვა 2 საჰაერო ხომალდი. დრონებით თავდასხმის გამო დროებით დაიხურა ქალაქ ფსკოვის და ფსკოვის ოლქის საჰაერო სივრცე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში 3 დრონი ჩამოაგდეს ბრიანსკის, 1 - ორიოლის, 2 - რიაზანის, 1 - კალუგის და 1 - მოსკოვის ოლქებში. ყველა ამ რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლება ირწმუნება, რომ მსხვერპლი არ არის. კალუგის ოლქის გუბერნატორ ვლადისლავ შაპშას თანახმად, უპილოტო საფრენი აპარატი მოხვდა ნავთობპროდუქტების ცარიელ რეზერვუარს.

დრონებით მორიგი თავდასხმის შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ტრადიციულად განაცხადა, რომ „აღკვეთილია კიევის რეჟიმის ტერორისტული შეტევის მორიგი მცდელობა“.

გასულ ღამით უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა იყო ანექსირებულ სევასტოპოლზეც. შედეგები ჯერჯერობით უცნობია.

უკრაინის ხელისუფლება რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმებთან კავშირს, განსხვავებით ანექსირებული ყირიმისა და სევასტოპოლისგან, როგორც წესი, ოფიციალურად არც ადასტურებს და არც უარყოფს.

XS
SM
MD
LG