Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის დაზვერვის ცნობით, ფსკოვში სრულად განადგურებულია 4 სამხედრო თვითმფრინავი


ფსკოვის სამხედრო აეროდრომის თანამგზავრული ფოტო, რომელიც 2023 წლის 16 აგვისტოსაა გადაღებული
ფსკოვის სამხედრო აეროდრომის თანამგზავრული ფოტო, რომელიც 2023 წლის 16 აგვისტოსაა გადაღებული

რუსეთის ქალაქ ფსკოვის სამხედრო აეროდრომზე დრონებით თავდასხმა ორგანიზებული იყო უკრაინის თავდაცვის ძალების, მათ შორის სამხედრო დაზვერვის მიერ. ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წერს დაზვერვის მთავარ სამმართველოში ანონიმ წყაროზე დაყრდნობით.

ამავე გამოცემას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრი იუსოვმა განუცხადა, რომ მათი მონაცემებით, ფსკოვის აეროდრომზე სრულად განადგურებულია 4 თვითმფრინავი ილ-76 და სავარაუდოდ, 2 დაზიანებულია.

ფსკოვის ოლქის გუბერნატორმა, მიხაილ ვედერნიკოვმა 30 აგვისტოს, გამთენიისას ტელეგრამით გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებმა მოიგერიეს აეროდრომზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა და მსხვერპლი არ არის. სააგენტო „ტასი“ საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით წერდა, რომ დაზიანებულია ილ-76 ტიპის 4 თვითმფრინავი. ფსკოვის სამხედრო აეროდრომზე დისლოცირებულია რუსეთის 334-ე საავიაციო პოლკი.

რუსეთის ფსკოვის ოლქი ევროკავშირის და ნატოს წევრ ესტონეთს და ლატვიას ესაზღვრება. კრემლის პროპაგანდისტების ნაწილმა, მათ შორის ტელეწამყვანმა ვლადიმირ სოლოვიოვმა გაავრცელა ვერსია, რომ ფსკოვის აეროდრომს შესაძლოა, არა უკრაინიდან არამედ ბალტიის ქვეყნებიდან შეუტიეს.

მოსკოვში, მედიისთვის დღეს გამართულ ბრიფინგზე დასმულ შეკითხვას, განიხილავს თუ არა ამ ვერსიას კრემლიც, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა უპასუხა, რომ დრონების გაშვების მარშრუტებს სამხედრო ექსპერტები არკვევენ და დასკვნის გამოტანა მათი პრეროგატივაა.

უკრაინის ხელისუფლება რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმებთან კავშირს, განსხვავებით ანექსირებული ყირიმისა და სევასტოპოლისგან, როგორც წესი, ოფიციალურად არც ადასტურებს და არც უარყოფს.

XS
SM
MD
LG