Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რობერტ დე ნიროს მეოცე საუკუნე


„მეოცე საუკუნე“ (1976, იტალია, რეჟისორი ბერნარდო ბერტოლუჩი)

17 აგვისტოს რობერტ დე ნიროს 80 წელი შეუსრულდება. ჰოლივუდის ვარსკვლავის ბიოგრაფები შეთანხმდნენ - დე ნიროს საუკეთესო როლი ტრევისია, მარტინ სკორსეზეს „ტაქსის მძღოლში“. მერე რა, რომ იმ წელს წააგო „ოსკარი“ პიტერ ფინჩთან („ტელექსელი“), „ტაქსის მძღოლმა“ კი, არც მეტი და არც ნაკლები, „როკისთან“... მარტინ სკორსეზეს და დე ნიროს ეს ერთობლივი ნამუშევარი დარჩა, როგორც ყველა დროის შედევრი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული ფილმი ჰოლივუდის ისტორიაში.

ფილმის პრემიერის შემდეგ დე ნირომ უამრავი დასამახსოვრებელი სახე შექმნა, მაგრამ მისი შემოქმედებითი აღმავლობის წელი, ვფიქრობ, სწორედ ეს იყო - 1975, როცა განასახიერა მთავარი გმირები „ტაქსის მძღოლში“, მონრო სტარის „უკანასკნელ მაგნატში“ და ბერნარდო ბერტოლუჩის „მეოცე საუკუნეში“. ეს უკანასკნელი, საერთოდ, ჩავარდა ამერიკულ გაქირავებაში და დიდ ფესტივალებზეც პრიზის გარეშე დარჩა. მაგრამ აგერ კინოს მოყვარულები ვარსკვლავის იუბილეს აღნიშნავენ და თითქმის ყველა იხსენებს დე ნიროს ალფრედოს, მსახიობის ალბათ მაინც ყველაზე განსხვავებულ გმირს ბერტოლუჩის გენიალურ კინოპოემაში.

მოხდა ისე, რომ თავისი საუკეთესო როლები დე ნირომ იტალიური წარმოშობის რეჟისორებთან ითამაშა. ესენი არიან მარტინ სკორსეზე, ბრაიან დე პალმა, ფრანსის კოპოლა, მაიკლ ჩიმინო, სერჯიო ლეონე. „იტალიურ სისხლს“ ნუ დავაბრალებთ მხოლოდ. ამ ავტორებს, მიუხედავად განსხვავებული ხელწერისა, ეპიკური კინოს სიყვარული აერთიანებთ. დე ნირო კი ის არტისტია, რომელიც არასდროს იკარგება თვალუწვდენელ სივრცეში. სკოლა, რომელიც მან გაიარა ამერიკაში, მსახიობს გარდასახვის ტექნიკას ასწავლის. მაგრამ სივრცის გრძნობას ვერ დაეუფლები, თუკი ბუნებამ არ დაგაჯილდოვა, კამერას ვერ იგრძნობ, თუკი თვითუარყოფის ნიჭი არა გაქვს.

ალფრედოს როლი „მეოცე საუკუნეში“ თავიდან ჯეკ ნიკოლსონისთვის იყო ჩაფიქრებული. მაგრამ ნიკოლსონმა ფილმისთვის განკუთვნილი 11-თვიანი გადაღებისთვის ვერ მოიცალა („მეოცე საუკუნე“ ხუთი საათი და 30 წუთი გრძელდება). დე ნირო უმალვე დათანხმდა ემუშავა რეჟისორთან, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ კარგა მაგრად მოხვდა კონსერვატორებისგან ფილმისთვის „უკანასკნელი ტანგო პარიზში“. „ბერტოლუჩიმ მასწავლა, - იგონებდა მსახიობი, - მთავარია იგრძნო მომენტი, კონკრეტული წამის თავისებურება. ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე იმაზე ფიქრი, როგორია შენი გმირი“.

დრო მართლაც წამყვანია „მეოცე საუკუნეში“. კონკრეტული დროის ათვლით იწყება და კონკრეტული დროის მინიშნებით სრულდება.

პარმის მახლობლად, პატარა სოფელში (პარმა ბერტოლუჩის სამშობლოა) ახალი საუკუნის პირველ წელს ჯუზეპე ვერდის გარდაცვალების ამბავს იგებენ. ამავე დღეს იბადებიან ფილმის გმირები. ალფრედო მდიდარი მიწათმფლობლის შვილია, ოლმო კი გლეხის ქალს უჩნდება უცნობი მამაკაცისგან. ბიჭები დამეგობრდებიან - ბავშვებმა ხომ არ იციან, რას ნიშნავს კლასობრივი განსხვავებულობა? მაგრამ ეს განსხვავებულობა „იცის“ ისტორიამ, მეოცე საუკუნემ. გავიდა ფეოდალიზმის ხანა, როცა მდიდარ და ღარიბ ბავშვებს ჯერ კიდევ შეეძლოთ ერთად თამაში. მოვიდა ეპოქა კლასობრივი ბრძოლისა.

ბერნარდო ბერტოლუჩიმ თავისი ეს ყველაზე ამბიციური პროექტი წელიწადის დროების მიხედვით ააწყო. ზაფხული, როგორც ბავშვობის და სიყმაწვილის ხანა, შემოდგომა - სოციალიზმის ცვლილება ფაშიზმით, ზამთარი - ფაშიზმის სასტიკი ეპოქა და გაზაფხული - განთავისუფლება და ჟამი იმედისა. რეჟისორი წერდა, რომ ამ ფილმით ძეგლი დაუდგა წინააღმდეგობას ისტორიაში, სწორედ იმ წინააღმდეგობას, რომელიც განვითარებას განაპირობებს, მაგრამ კომპრომისსაც მოითხოვს და სამწუხაროდ - მსხვერპლსაც. ადამიანი ბერტოლუჩის ამ საგაში ისტორიის პროდუქტია, ისტორია კი ვექტორის ხაზი. ისტორიის მამოძრავებელი სუბიექტი ამ შემთხვევაში ორი მეგობარია - ის, ვინც ფლობს და ის, ვისაც არსებითად არაფერი აქვს. თუმცა მათ უკან მოქმედებს ფილმის მთავარი გმირი - იტალიელი ხალხი და მეოცე საუკუნე.

ბერტოლუჩი არ იქნებოდა ბერტოლუჩი, ისტორია რომ რაღაც მორალისტური და თუნდაც იდეოლოგიური პოზიციიდან შეეფასებინა. გადაიღო რა ერთ-ერთი ყველაზე „სახალხო ფილმი“ კინოს ისტორიაში, მასობრივი სცენების მასშტაბით მიაღწია რა ეიზენშტეინის დონეს (რუსი რეჟისორი მარქსის „კაპიტალის“ გადაღებაზე ოცნებობდა), ბერტოლუჩი ხალხის, გამარჯვებული უმრავლესობის იდეალიზაციასაც მოერიდა. „მეოცე საუკუნეში“ დაწვრილებითაა აღწერილი, როგორ იქცევა გამარჯვებული, როცა მის ხელში ძალაუფლებაა, როგორ სასტიკად უსწორდება იმას, ვინც აქამდე ჩაგრავდა.

ეს უკვე ისტორიის „დრამატურგიაა“, რომელიც, თავის მხრივ, ღია ფინალით უნდა დაგვირგვინდეს - უაღრესად ირონიული ეპიზოდით, რომელშიც ოლმო და ალფრედო ერთმანეთს ხელს კრავენ მომავლის გზაზე. კლასთა ბრძოლა თუ კლასთა მეგობრობა „ჩატეხილი ხიდით“ დასრულდა. თუმცა ორივე - ოლმოც და ალფრედოც - მხოლოდ ჭანჭიკებად დარჩნენ დიდ ისტორიაში.

სამყაროს 2 ხედვის ანტაგონიზმი „მეოცე საუკუნეში“ წარმოდგენილია, როგორც სოციალურის და ინტიმურის მთლიანობა. ბერტოლუჩისთვის ისტორიის გამომწვევი ძალა აზროვნებაა და ჩვენ ვხედავთ, როგორ აზროვნებს (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ) დე ნიროს გმირი. აზროვნებს, მაგრამ გადაწყვეტილებას ვერ იღებს, რადგან როგორც კლასი, უკვე გუშინდელი დღეა. თუკი ადამიანის ისტორია „საკუთართან“ გაუცხოების ისტორიაა, მაშინ ალფრედო დამარცხების მაგალითი გამოდის - დე ნიროს გმირი ვერ ირჩევს... მაშინაც კი, როცა დიდი სურვილი აქვს. „მე ადამიანებისთვის ცუდი არაფერი გამიკეთებია“, - ამბობს ალფრედო ფილმის ერთ ეპიზოდში. ლუკინო ვისკონტის მსგავსად ბერტოლუჩი თითქოს ცდილობს, მოინანიოს თავისი „ბურჟუაზიული წარმომავლობა“. თუმცა თავის გამართლების გარეშე. უფრო პირიქით, დე ნიროსთან ერთად ქმნის სახეს ლიბერალისა, რომელიც მისდაუნებურად ხელს უწყობს ფაშისტების მოსვლას სოფელში.

„მეოცე საუკუნე“ სინთეზური ხელოვნების თავისებური ეტალონია, რომელიც აერთიანებს უამრავ მითს, არქეტიპს, მსოფლიო კულტურის ნიმუშებს, ვერდის ოპერებს, იტალიურ მელოდრამას, შექსპირს (ფაშისტი ატილას და მისი მეგობარი ქალის დუეტში ადვილად იცნობთ „მაკბეტს“). დე ნირო თავისი ზოგიერთი „ამერიკული როლისგან“ განსხვავებით, აქ აბსოლუტურად თავისუფალია ყოველგვარი თვითკმაყოფილებისგან. ბერტოლუჩი წერდა, რომ დიდი დრო დაჭირდა, რათა ამერიკელი მსახიობი (ნიუ-იორკის სკოლის არტისტი) „ტექნიცისტური ხელებით“ თამაშისგან გაეთავისუფლებინა. ხუთი საათის განმავლობაში მისი გმირი მრავალჯერ იცვლება, მასში გამუდმებით გრძელდება ბრძოლა საკუთარ თავთან. განსაკუთრებით მაშინ, როცა მის ცხოვრებაში შემოიჭრება „ფუტურისტი ქალი“ ადა (ფრანგული კინოს მაშინდელი ვარსკვლავის, დომინიკ სანდას შესრულებით) და როცა ჯერ ფაშისტებთან მოუწევს დაპირისპირება, შემდეგ კი კომუნისტებთან.

თავისი ადრეული შედევრის, „კონფორმისტის“ მსგავსად, ბერტოლუჩიმ ფაშიზმი წარმოგვიდგინა, როგორც ბიოლოგიური ბოროტება, როგორც პერვერსია. მარქსისა და ფროიდის ეს ნაზავი (ბერტოლუჩი კინოში მოსვლას პიერ-პაოლო პაზოლინის უნდა უმადლოდეს) დღეს ცოტა მოძველებულად ჩანს და ვფიქრობ, არც ფაშისტი პერსონაჟების კარიკატურული სახეებით აღფრთოვანდება მაყურებელი, მაგრამ „მეოცე საუკუნის“ ვიზუალური სიმდიდრე იმდენად შთამბეჭდავია, ბაროკოსა და ნეორეალიზმის ეს სინთეზი იმდენად დამაჯერებელი, რომ ბერტოლუჩის პოლიტიკური პოზიცია ნაკლებად გამაღიზიანებელია. ამიტომაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შესანიშნავი მსახიობების გარდა, „მეოცე საუკუნეს“ კიდევ ერთი გმირი ჰყავს - მზე და სინათლე, ანუ საუკუნის ოპერატორის, ვიტორიო სტორაროს კამერა.

თუკი შესაძლებლობა გაქვთ, გირჩევთ, „მეოცე საუკუნე“ რაც შეიძლება დიდ ეკრანზე ნახოთ. ჩათვალეთ, რომ კომპიუტერის მონიტორში ნახევარ ფილმს ვერ დაინახავთ. ეს იგივე იქნება, რენესანსის შედევრების ფოტოასლებით რომ დაკმაყოფილდეთ. თუ არადა, უბრალოდ უნდა წარმოიდგინოთ, რომ ფრესკას უყურებთ. ის „ნახევარი“, რასაც იხილავთ, მაინც გაგაოცებთ!

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG