საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მწერალთა სახლის დირექტორად დანიშნა ქეთევან დუმბაძე. დუმბაძე და წულუკიანი პარლამენტში კოლეგები იყვნენ.
ქეთევან დუმბაძე ჯერ კიდევ არის პარლამენტის მოქმედი დეპუტატი და ამავდროულად, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. ის ახალ თანამდებობაზე მუშაობას 4 სექტემბრიდან შეუდგება.
"საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ქეთევან დუმბაძეს ულოცავს მწერალთა სახლის დირექტორად დანიშვნას და უსურვებს წარმატებებს", - წერია სამინისტროს განცხადებაში.
1978-1983 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე;
1977-1993 წლებში მუშაობდა მწერალთა კავშირთან არსებულ მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების მთავარ სარედაქციო კოლეგიაში;
1990-იანი წლებიდან 2013 წლამდე საქმიანობდა სატელევიზიო სფეროში;
1993-1999 წლებში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურში;
2013-2017 წლებში იყო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი, 2018 წელს - კულტურის სამინისტროს ექსპერტი.
მწერალთა სახლის მოქმედ დირექტორს, ნატა ლომოურს, უფლებამოსილების ვადა 7 აგვისტოს ამოეწურა. ის აცხადებდა, რომ სამინისტროდან არავინ დაჰკავშირებია იმის სათქმელად, აპირებდნენ თუ არა მასთან თანამშრომლობას.
მას შემდეგ, რაც კულტურის მინისტრად დაინიშნა თეა წულუკიანი, სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებებში თანამდებობიდან არაერთი ადამიანი გაათავისუფლეს.