დეპუტატი ქეთი დუმბაძე "ქართული ოცნებიდან" ამბობს, რომ მხარი დაუჭირა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პირველი მოსმენით, თუმცა ტექნიკური ხარვეზის გამო მისი ხმა ვერ აისახა მხარდამჭერებს შორის. პარლამენტარს პროპაგანდისტული მედია "პოს ტვ" მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია კენჭისყრის შედეგების შესახებ.
„გადაწყვეტილება გუნდის სასარგებლოდ მივიღე. ტექნიკური ხარვეზი იყო, იმიტომ რომ, მე, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება გუნდის სასარგებლოდ მივიღე“, – დუმბაძის ამ კომენტარს ავრცელებს „POSTV" და აღნიშნავს, რომ ოპოზიციამ არასწორად გაავრცელა ინფორმაცია კენჭისყრის შედეგებზე.
"ტექნიკური გაურკვევლობით" ახსნა კენჭისყრის შედეგები ამავე მედიასთან კიდევ ერთმა დეპუტატმა, ირაკლი მეძმარიაშვილმა, რომელიც ასევე ამბობს, რომ მხარი დაუჭირა კანონპროექტს.
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს მმართველი პარტიის 76 დეპუტატმა მისცა ხმა. პარლამენტის აპარატის მიერ გავრცელებული კენჭისყრის შედეგების მიხედვით, სულ ოთხი იყო "ქართული ოცნების" იმ დეპუტატთა რაოდენობა, რომლებიც სხდომათა დარბაზში იყვნენ, მაგრამ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს.