Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა უფლება მისცა ქვეყნებს, გადაამზადონ უკრაინელი მფრინავები F-16-ის სამართავად


ავიაგამანადგურებელი F-16
ავიაგამანადგურებელი F-16

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გასცა ნებართვა, ასწავლონ უკრაინელ პილოტებს ავიაგამანადგურებელ F-16-ის მართვა. ამის შესახებ პენტაგონის პრესმდივნის მოადგილემ საბრინა სინგხმა განაცხადა ბრიფინგზე.

მან დასძინა, რომ სწავლებაში წამყვან როლს დანია და ნიდერლანდი ასრულებენ, დამატებითი ინფორმაცია პენტაგონის წარმომადგენელს არ გაუვრცელებია.

ივლისში გამოცემა Politico იუწყებოდა, რომ 11 ქვეყნის კოალიცია, დანიისა და ნიდერლანდის მეთაურობით, მზადაა დაიწყოს უკრაინელი მფრინავების წვრთნა F-16-ით ფრენის შესასწავლად, თუმცა ამისთვის საჭიროა ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური ნებართვა.

თუმცა, გამოცემის თანახმად, უკრაინელი მფრინავების წვრთნის მხარდამჭერი 11 სახელმწიფოდან თვითმფრინავები არცერთს არ გამოუყვია.

ძირითადი დეტალები, მათ შორის სასწავლო კურსის თარიღები, ადგილმდებარეობა და ხანგრძლივობა, ჯერ კიდევ მუშავდება, განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა ჯონ კირბიმ ივლისის ბოლოს.

გასულ კვირაში Politico წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ F-16-ის მართვის სწავლების მონაწილე უკრაინელი მფრინავების პირველი ჯგუფი უკვე დაკომპლექტებულია. ის ინგლისური ენის მცოდნე რვა ადამიანისგან შედგება.

მანამდე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინელი მფრინავების მომზადება აგვისტოში დაიწყება.

ამასთან, Politico-ს ერთ-ერთი თანამოსაუბრის თქმით, უკრაინელი მფრინავების მომზადება მხოლოდ მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყება და პირველი თვითმფრინავები უკრაინაში 2024 წლის გაზაფხულამდე არ ჩავა.

რუსეთის შეჭრის გამო უკრაინამ სამხედრო ავიაციის უმეტესი ნაწილი დაკარგა, კიევი დასავლელი მოკავშირეებისგან ავიაგამანადგურებლების გადაცემას ითხოვს.

XS
SM
MD
LG