Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სააკაშვილი უნდა დავამხო“ - „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ზუგდიდიდან თბილისში წავიდნენ


ზუგდიდი, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები თბილისში აქციაზე წასასვლელად შეიკრიბნენ.
ზუგდიდი, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები თბილისში აქციაზე წასასვლელად შეიკრიბნენ.

„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ღონისძიებაზე დასასწრებად პარტიის მხარდამჭერები ზუგდიდიდან თბილისში ავტობუსებითა და მსუბუქი ავტომობილებით გაემგზავრნენ. პარტიის შტაბის და ახალგაზრდული ორგანიზაციის წინ შეკრება მათ დილით, 9 საათიდან დაიწყეს.

დედაქალაქში გაემგზავრნენ პარტიის ადგილობრივი ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები, აქტივისტები და საჯარო მოხელეები. მათი თქმით, მხარს უჭერენ მმართველ გუნდს, რათა ქვეყანაში იყოს მშვიდობა.

ზუგდიდი. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები თბილისში აქციაზე წასასვლელად შეიკრიბნენ.
ზუგდიდი. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები თბილისში აქციაზე წასასვლელად შეიკრიბნენ.

„მხარს ვუჭერ იმიტომ, რომ ინარჩუნებს მშვიდობას. კურსი არის აღებული დადებითისკენ… თავიდან ბოლომდე ყველაფერი გაკეთებული არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, კურსია აღებული იქეთკენ, რომ გაკეთდეს ბევრი რამ და საქართველო დარჩეს, როგორც ქვეყანა და არა ვინმეს ვასალი“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ლადო ქვარცხავამ, ზუგდიდის მერის წარმომადგენელმა მაცხოვრისკარის ადმინისტრაციულ ერთეულში.

პარტიის მხარდამჭერების ნაწილის თქმით კი, დედაქალაქში მიემგზავრებიან „სააკაშვილის დასამხობად“.

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის და საკრებულოში ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის, ოთარ ქადარიას სიტყვებით, ზუგდიდიდან თბილისში გამგზავრებულთა შორის არის 500-მდე ახალგაზრდა აქტივისტი. მისივე თქმით, დედაქალაქში წავიდნენ სხვა მხარდამჭერებიც.

ზუგდიდი. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები თბილისში აქციაზე წასასვლელად შეიკრიბნენ.
ზუგდიდი. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები თბილისში აქციაზე წასასვლელად შეიკრიბნენ.

საპარლამენტო არჩევნებამდე სამი დღით ადრე, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ დედაქალაქში აქციას მართავს. თბილისის მერიის ცნობით, ამ აქციის გამო 23 ოქტომბრის 00:00 საათიდან ღონისძიების დასრულებამდე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აიკრძალება თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG