პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორები მზად არიან, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, გარანტიები მისცენ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ამის შესახებ მან ტელეკომპანია "ფორმულასთან" ინტერვიუში ილაპარაკა.
"ჩვენს პარტნიორებს სულ არ უნდათ, რომ არჩევნების შემდეგ ამ ქვეყანაში რამე ფორმის არასტაბილურობა დაინახონ. მათთვის მთავარია მშვიდობიანი, დემოკრატიული ტრანზიცია... ზოგიერთმა მითხრა, თუ საჭიროა [ბიძინა] ივანიშვილისთვის რაღაც გარანტიები, ამაზეც შეიძლება საუბარიო, რაც, როგორც ჩანს, ივანიშვილმა ცუდად გაიგო, ფიქრობს, რომ ეს დალაგებას ნიშნავს. ვერაფერსაც ვერ დაალაგებს. როგორც ხდება, როცა ასეთი ტიპის გადასვლაა ახალ ეპოქაზე, რაღაცაზე შეიძლება მიიღოს რაღაც გარანტიები. დღეს არავინ აღარ ფიქრობს იმაზე, რომ ვინც წააგებს, ის ყველაფერს წააგებს", - თქვა მან.
ზურაბიშვილი ასევე აცხადებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" თავად "აურია" საგარეო პოლიტიკა, რაც, მისივე თქმით, ამ მთავრობის პოლიტიკის პირობებში არ დალაგდება:
"მან [ბიძინა ივანიშვილმა] და "ოცნებამ" და "ოცნების" პოლიტიკამ აურია ამ ქვეყანას თავისი დალაგებული საგარეო პოლიტიკა, რომელსაც მიყვებოდა, სხვათა შორის, "ოცნება" მთელი პირველი პერიოდი და მერე აურია ამ ქვეყანას და დაგვტოვა იზოლაციაში და ამიტომ, "დალაგება" სიტყვა არ იარსებებს, იმიტომ რომ ასე არ ლაგდება, დალაგდება, როცა მოვა ახალი მთავრობა. ევროკავშირის წარმომადგენლები ბრიუსელიდან თუ აქ ძალიან ნათლად ამბობენ, რომ ამ მთავრობის პირობებში და ამ მთავრობის რიტორიკის, გადაწყვეტილებების ფონზე არანაირი დალაგება არ იქნება. როგორ წარმოუდგენია, რომ დალაგდება და რუსული კანონი, ოფშორული კანონი იქნება და დისკრიმინაციული პოლიტიკა იქნება და ამ ყველაფრის ფონზე დალაგდება? - არა.
თუ ეს არის პერსონალური გარანტია, ფიზიკური, იმიტომ რომ ადამიანი შეშინებულია და ამის გამო არავის უნდა ქვეყანა აირიოს, ეს სხვა საკითხია".
ზურაბიშვილის თქმით, ის თავად წარადგენს პრემიერობის კანდიდატსა და მთავრობას, რასაც ითვალისწინებს მისივე ინიციატივა "ქართული ქარტია". ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ ამაზე პოლიტიკურ პარტიებთანაც შეთანხმდება.
"ჩვენ ყველას გვესმის, ყველა ამ პარტიას ესმის, რომ ქვეყნის სტაბილურობისთვის ეს არის აუცილებელი. ამაზე არავინ წავა, რომ რისკის ქვეშ დააყენოს სტაბილურობა. ამაზე მეც ვარ პასუხისმგებელი. ასევე ვარ პასუხისმგებელი ჩვენს პარტნიორებთან იმაზე, რომ ეს პარტიები ამ საკითხში მონახავენ საერთო ენას", - განაცხადა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილმა თავისი ინიციირებული „ქართული ქარტია“ 26 მაისს წარადგინა. ის ითვალისწინებს რეფორმების გატარებას ათზე მეტ სფეროში. მასზე ხელმომწერი პარტიები პასუხისმგებლობას იღებენ, რომ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, "ქარტიის" პირობებს შეასრულებენ.
სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, „ქართულ ქარტიაში“ ასახულია საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა.
"ქართულ ქარტიაზე" ხელმომწერები იღებენ ვალდებულებას, რომ შეასრულებენ "ამ ქარტიაში ჩაწერილ პირობებს პირველივე საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე და შესრულებისთანავე ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან პირობებში. ასევე, დებენ პირობას, რომ მთავრობა, რომელიც ამ სამოქმედო გეგმის აღსრულებაზე იქნება პასუხისმგებელი, წარდგენილი იქნება საქართველოს პრეზიდენტის მიერ“, - წერია „ქართულ ქარტიაში“.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.
საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიების ბლოკებად გაერთიანება აკრძალულია, ერთადერთი გზა არჩევნებში მათი ერთად მონაწილეობისთვის არის საერთო საარჩევნო სიის შექმნა. საარჩევნო სიაში შეიძლება აღმოჩნდეს მხოლოდ არჩევნებში მონაწილე პარტიის წევრი ანდა უპარტიო პოლიტიკოსი.
ფორუმი