Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Politico: კიევის მოკავშირეებს ჯერ არ შეუთანხმებიათ F-16-ის მართვაში უკრაინელი მფრინავების მომზადების გეგმა


ავიაგამანადგურებელი F-16 საწვრთნელი ფრენისას ნევადის შტატში. 8 ივნისი, 2017.
ავიაგამანადგურებელი F-16 საწვრთნელი ფრენისას ნევადის შტატში. 8 ივნისი, 2017.

აშშ და ევროპის ქვეყნები ვერ შეთანხმდნენ F-16 გამანადგურებლის მართვაში უკრაინელი მფრინავების მომზადების გეგმაზე. ამის შესახებ Politico იუწყება წყაროზე დაყრდნობით.

უკრაინელი მფრინავების მომზადების მომხრე 11 ქვეყნის კოალიციას ხელმძღვანელობენ ნიდერლანდი და დანია. ამასთან, საჯაროდ არცერთ ქვეყანას არ გამოუცხადებია პროგრამაში გაწევრიანების თაობაზე.

Politico-ს წყაროები იტყობინებიან, რომ ერთ-ერთი წინადადებაა უკრაინელი მფრინავების მომზადება აშშ-ის ტერიტორიაზე, არიზონის შტატში. თუმცა ამ იდეამ ვერ პოვა მხარდაჭერა. კიდევ ერთი გეგმა ითვალისწინებს წვრთნას ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე, სადაც ამერიკელი პილოტების ჯგუფი გაიგზავნება. ეს შეიძლება იყოს რუმინეთი ან დანია. გამოცემის თანამოსაუბრეები ამბობენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.

ევროპის ქვეყნებს იმედი აქვთ, რომ უკრაინელი მფრინავების მომზადება უკვე ამ ზაფხულში დაიწყება. გამოცემა აღნიშნავს, რომ F-16-ზე სწავლება ვერ დაიწყება მანამ, სანამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამ ინიციატივისთვის არ დაამტკიცებს ფრენის სიმულატორებისა და სასწავლო დამხმარე საშუალებების გამოყოფას.

Politico-ს ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ განაცხადა, რომ უკრაინელი მფრინავების მომზადება მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყება და პირველი თვითმფრინავები უკრაინაში ჩავა არა უადრეს 2024 წლის გაზაფხულისა.

გამოცემამ კომენტარი სთხოვა დანიის თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს, მაგრამ მათგან უარი მიიღო. ნიდერლანდის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა არ უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას.

ივლისის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ჯერ კიდევ არ არსებობს უკრაინელი მფრინავების მომზადების გრაფიკი F-16 გამანადგურებლებით ფრენისთვის და გამოთქვა გაკვირვება, რომ დასავლელი პარტნიორები, როგორც მან თქვა, აჭიანურებენ წვრთნების დაწყებას.

რუსეთის შეჭრის დაწყებიდან უკრაინამ დაკარგა სამხედრო ავიაციის ფლოტის დიდი ნაწილი. კიევი მოითხოვს, რომ დასავლელმა მოკავშირეებმა არმიას თანამედროვე გამანადგურებლები მიაწოდონ.

XS
SM
MD
LG