ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში დღეს კიდევ 6 ადამიანის ცხედარი იპოვეს - ჯამში დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა. მათ შორის ერთ-ერთი ორი შვილის მამა, ახალგაზრდა კაცი გიორგი გოგინაშვილია. რადიო თავისუფლებას დაღუპულის მეგობარი ვარლამ გოლეთიანი ეუბნება, რომ გოგინაშვილი თბილისში ცხოვრობდა, შოვში კი მეგობრის ერთ-ერთ კოტეჯში იყო.
"რიონის ხეობის გადარჩენისთვის ბრძოლის დროს ერთად ვცხოვრობდით კარვებში. გიორგი ბევრ ტექნიკურ ნაწილში გვეხმარებოდა და ძალიან ვმეგობრობდით. როგორც ვიცი, გამოსვენება სამშაბათს იქნება ვარკეთილიდან", - ამბობს მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ვარლამ გელეთიანი.
სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები მესამე დღეა მიმდინარეობს. დილიდან მაშველებთან ერთად მოხალისეები მუშაობენ, ჩართულია მძიმე ტექნიკაც.
"ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია 7 ცხედარი, პროცესი გრძელდება და დღის ბოლომდე ვფიქრობ, რომ გარკვეული სიახლეები გვექნება ამ მიმართულებით", - თქვა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა.
იდენტიფიცირებულ 7 ცხედარს შორის ერთი ზაზა მესხის ცოლი, ალინა პოლიკოვსკასია.
შვეიცარიის საელჩო - რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციამ დღეს, 5 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ შოვში, სტიქიის ზონაში რუსეთის მოქალაქე ქსენია ტრიჩევას ცხედარი იპოვეს. მათივე ცნობით, 31 წლის ქალის ცხედარი ერთ-ერთმა ახლო მეგობარმა მორგში ამოიცნო.
3 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაჭაში, შოვში, მეწყრული პროცესები განვითარდა. სამაშველო ოპერაცია შეტყობინების გაკეთებიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ დაიწყო. გუშინ, 4 აგვისტოს კი სამუშაოებში მაშველებთან ერთად ჯარი ჩაერთო.