შოვში სტიქიური უბედურების მესამე დღეს სულ უფრო მცირდება იქ ცოცხალი ადამიანების პოვნის ალბათობა. სამძებრო სამუშაოებში, რომლის მიზანიც 20-მდე ადამიანის პოვნაა, მაშველებთან ერთად მოხალისეებიც არიან ჩართული. ერთ-ერთი მოხალისე, რომელსაც რადიო თავისუფლება ესაუბრა და ახლა რაჭაშია ჩასული სამთო გიდი მიქაელ ქავთარაძეა - ის ძებნით სამუშაოებში დღეს დილიდან ჩაერთო.
"ცოცხალ ადამიანზე აღარ არის საუბარი. მოხალისეებმა დაათვალიერეს ფერდობები, საერთოდ არაფერი ნიშანი არ არის, რომ იქ ასული იყვნენ ადამიანები. სავარაუდოდ, პანიკის გამო ადამიანები წამოვიდნენ ქვემოთ და ვერ გაასწრეს. აქ ბავშვებით იყო ხალხი და ტყეში ამ სიმაღლეზე ვერ ავიდოდნენ", - ამბობს ქავთარაძე.
მისი თქმით, ადამიანების პოვნის პროცესი დიდ დროს მოითხოვს - მძიმე ტექნიკის გარეშე ვინმეს პოვნის შანსი კი მინიმალურია:
"ვეძებთ ისეთ ფაქტებს, მიმანიშნებელს - ან მაისურს, ან ფეხსაცმელს, ან ბავშვის ქუდს, ან რაიმე ნივთს, რაც ადამიანის იქ ყოფნაზე მიგვანიშნებს. ზოგან მეწყრული მასა 4 მეტრამდეა. მხოლოდ ტექნიკას შეუძლია ადამიანის ამოყვანა... ახლა ტექნიკა რა ნაწილზეც მუშაობს და საიდანაც ამოჰყავს ადამიანები, ერთი პროცენტიც კი არ არის მთელი დამეწყრილი ტერიტორიის".
3 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაჭაში, შოვში, მეწყრული პროცესები განვითარდა. სამაშველო ოპერაცია შეტყობინების გაკეთებიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ დაიწყო. გუშინ, 4 აგვისტოს კი სამუშაოებში მაშველებთან ერთად ჯარი ჩაერთო.
ბოლო მონაცემებით, ნაპოვნია 15 დაღუპული და 20-ზე მეტ ადამიანს ეძებენ. სტიქიის ზონიდან გამოიყვანეს 200-ზე მეტი ადამიანი.