შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესთა სექცია ავრცელებს ინფორმაციას, რომ შოვში, სტიქიის ზონაში რუსეთის მოქალაქე ქსენია ტრიჩევას ცხედარი იპოვეს. 31 წლის ქალის გვამი ერთ-ერთმა ახლო მეგობარმა მორგში ამოიცნო.
"დღეს მიღებული ინფორმაციით, ქსენია ტრიჩევა გარდაცვლილი იპოვეს - მისი ცხედარი ერთ-ერთმა ახლო მეგობარმა მორგში ამოიცნო. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ქსენიას ოჯახისა და მეგობრების მიმართ", - ნათქვამია განცხადებაში.
რუსი ქალის ნაცნობები ტელეფონით დაუკავშირდნენ რუსეთის ინტერესების განყოფილებას მისი ადგილსამყოფელის დადგენაში დახმარების თხოვნით. ქსენია ტრიჩევა წარმოშობით რუსეთის ქალაქ პერმიდანაა.
სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები მესამე დღეა მიმდინარეობს. დილიდან მაშველებთან ერთად მოხალისეები მუშაობენ, ჩართულია მძიმე ტექნიკაც.
ბოლო მონაცემებით [18:30 სთ], ევაკუირებულია 200-ზე მეტი ადამიანი, ნაპოვნია 16 ცხედარი, ამ დრომდე ეძებენ 20-მდე ადამიანს.
"ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია 7 ცხედარი, პროცესი გრძელდება და დღის ბოლომდე ვფიქრობ, რომ გარკვეული სიახლეები გვექნება ამ მიმართულებით", - თქვა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა.
იდენტიფიცირებულ 7 ცხედარს შორის ერთი ზაზა მესხის ცოლი, ალინა პოლიკოვსკასია.
3 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაჭაში, შოვში, მეწყრული პროცესები განვითარდა. სამაშველო ოპერაცია შეტყობინების გაკეთებიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ დაიწყო. გუშინ, 4 აგვისტოს კი სამუშაოებში მაშველებთან ერთად ჯარი ჩაერთო.