Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შოვში მეწყრის გამო დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები


შოვი
შოვი

რაჭაში, კურორტ შოვში, ელექტროხაზებია დაზიანებული ჩამოწოლილი მეწყრის გამო. ინფორმაციას ავრცელებს ელექტრომიმწოდებელი კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯია".

"ამ დროისათვს გადაადგილება შეფერხებულია, რაც ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოების დაწყებას ართულებს", - წერია განცხადებაში.

კომპანიის ინფორმაციით, ამჟამად ელექტროენერგია არ მიეწოდება მხოლოდ კურორტ შოვს და სოფელ გლოლას.

რაჭაში, შოვში, მეწყერი ჩამოწვა. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არიან დაშავებულები - ჩამოწოლილი მიწის მასამ რამდენიმე ადამიანი მოიყოლა.

"16 ადამიანია ამ მეწყერში მოყოლილი და როგორც ვიცი, მათგან 6 ბავშვია. რამდენიმე ოჯახი მჟავე წყლებზე იყვნენ წასულები და გზაზე უცბად მეწყერში მოყვნენ. ჯერ სხვა არაფერი ვიცით. 40 წუთის წინ დავრეკეთ ვერტმფრენის საჭიროებაზე, ჯერ არ მოსულა", - უთხრა რადიო თავისუფლებას სამოქალაქო აქტივისტმა ეთო არსანიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს, რომ რაჭაში, შოვში, მეწყრის ჩამოწოლის შესახებ 112-ზე არაერთი შეტყობინება შევიდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვთ.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ შეტყობინებაში ლაპარაკი იყო მეწყრის ჩამოწოლაზე სასტუმრო „სანსეტ შოვში“.

"მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ყველა შესაბამისი უწყება, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ასევე, ხდება ტექნიკის დამატება.

შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენით მიემგზავრებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და სხვა საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლები", - აღნიშნულია განცხადებაში.

XS
SM
MD
LG